თსუ-ში ფილოსოფიის მსოფლიო დღე აღინიშნა, რომელიც სოლომონ დოდაშვილის 220 წლის იუბილეს მიეძღვნა

თარიღი: 2025-11-24 20:01:12

ნოემბრის ყოველ მესამე ხუთშაბათს მსოფლიო ფილოსოფიის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს. იუნესკოს მიერ 2002 წელს დაფუძნებულ ამ ტრადიციას დაარსებიდან მალევე, სამ წელიწადში შეუერთდა თსუ და მას შემდეგ, ყოველწლიურად, სხვადასხვა აქტივობით ეხმაურება. წელს ეს თარიღი თსუ-ში გამორჩეული მასშტაბით აღინიშნა – ჩატარდა ინტერდისციპლინარული საერთაშორისო, შემდგომ კი სტუდენტთა რეგიონული კონფერენცია, რომელიც ქართული ფილოსოფიური სკოლის დამფუძნებლისა და 1832 წლის შეთქმულების სულისჩამდგმელის, სოლომონ დოდაშვილის დაბადებიდან 220 წლის იუბილეს მიეძღვნა.

ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ფილოსოფიის ინსტიტუტის ორგანიზებით გამართულმა ღონისძიებამ ერთ სივრცეში მოუყარა თავი როგორც ქართველ და უცხოელ პროფესორებს, ისე სტუდენტებს საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტიდან.

ღონისძიება თსუ-ს რექტორმა, აკადემიკოსმა ჯაბა სამუშიამ გახსნა, რომელმაც ხაზი გაუსვა სოლომონ დოდაშვილის, როგორც პატრიოტისა და მოაზროვნის, როლს საქართველოს ისტორიაში. „იგი იყო უდიდესი ადამიანი და პატრიოტი, რომელმაც ძალიან პატარა ასაკში მოახერხა – ჩვენი ქვეყნის დიდი ისტორიის უმნიშვნელოვანესი ნაწილი ყოფილიყო. აღსანიშნავია მისი წერილები, სადაც მრავალჯერ აღნიშნავს, რომ ჩვენს განათლებასა და მეცნიერებაში უმნიშვნელოვანესია ევროპული მოდელის დანერგვა და განვითარება“, – განაცხადა რექტორმა, რომელიც კონფერენციის საორგანიზაციო კომისიის თავმჯდომარე გახლდათ.

როგორც ფილოსოფიის ინსტიტუტის ხელმძღვანელი, კონფერენციის საორგანიზაციო კომისიის თავმჯდომარის მოადგილე, პროფესორი დემურ ჯალაღონია მიიჩნევს, სოლომონ დოდაშვილის ფიგურა გაცილებით დიდია, ვიდრე მხოლოდ ერთი ეპოქის მოაზროვნე. მისი თქმით, დოდაშვილმა შეძლო და საქართველო, საუკუნოვანი წყვეტის შემდეგ, კვლავ დააბრუნა ევროპულ ფილოსოფიურ სააზროვნო სივრცეში.

„ფაზისის აკადემიიდან დაწყებული, ქართული ფილოსოფიური აზრი თანდათანობით ვითარდებოდა, ზენიტს მიაღწია პეტრე იბერთან, შემდეგ იოანე პეტრიწთან დავით აღმაშენებლის დროს, როცა გელათის აკადემია გაიხსნა, მე-11/მე-12 საუკუნეში კი ათონელი მამები უნდა ვახსენოთ. ამის შემდგომ სოლომონ დოდაშვილამდე დიდი წყვეტა იყო. დოდაშვილთან ხდება ამ აზროვნების აღორძინება“, – განმარტავს დემურ ჯალაღონია. მისივე შეფასებით, სოლომონის ღირსება ისაა, რომ მან შუა საუკუნეების ქართული, ნეოპლატონიზმზე დაფუძნებული ფილოსოფიური ტრადიცია გერმანულ კლასიკურ იდეალიზმს მოარგო და სრულიად ახალი, უნიკალური მსოფლმხედველობრივი ფორმა შექმნა.

ხაზგასასმელია სოლომონ დოდაშვილის ფუნდამენტური ნაშრომი „ლოგიკა“, რომელიც მან 1827 წელს, 22 წლის ასაკში გამოსცა. წიგნი შესულია ბროკჰაუზისა და სხვა ავტორიტეტულ ენციკლოპედიებში. როგორც პროფესორი დემურ ჯალაღონია აღნიშნავს, ამ ნაშრომს დღემდე არ დაუკარგავს სამეცნიერო ღირებულება და აქტუალობა.

თსუ-ში ჩატარებული კონფერენციის საერთაშორისო მნიშვნელობა განსაკუთრებით თვალსაჩინო გახდა უცხოელი კოლეგების ჩართულობით. ჰალე-ვიტენბერგის უნივერსიტეტის აღმოსავლური ქრისტიანობისა და ბიზანტინისტიკის დეპარტამენტის გამგემ, პროფესორმა კორნელია ჰორნიმ არა მხოლოდ შესავალი სიტყვა მიუძღვნა ქართველ მოაზროვნეს, არამედ სექციური მუშაობისასაც წარადგინა მოხსენება დოდაშვილის ლიტერატურული შემოქმედების შესახებ. „აუდიტორია გაოცებული იყო, ისე ღრმად ჰქონდა მას შესწავლილი სოლომონ დოდაშვილი და მისი იდეები“, – იხსენებს დემურ ჯალაღონია და დასძენს, რომ უცხოელ კოლეგებთან ერთად უკვე დაისახა სამომავლო გეგმები სოლომონ დოდაშვილთან დაკავშირებით ერთობლივი პროექტების შესახებ.

კონფერენციის სხვადასხვა სესიაში მონაწილეობდნენ მეცნიერები რუმინეთიდან და გერმანიიდან, ასევე საქართველოს თითქმის ყველა უმაღლესი სასწავლებლიდან.

საყურადღებოა, რომ სოლომონ დოდაშვილის მემკვიდრეობა მხოლოდ ფილოსოფიით არ შემოიფარგლება. იგი იყო 1832 წლის შეთქმულების „ტვინი და გული“. როგორც პროფესორი დემურ ჯალაღონია ამბობს, დოდაშვილი იყო ერთადერთი გლეხური წარმოშობის პიროვნება, რომელმაც პეტერბურგის უნივერსიტეტის ფილოსოფიის ფაკულტეტი დაამთავრა და რომლის გონებაც ძალიან სჭირდებოდა მაშინდელ პოლიტიკურ მოძრაობას. „სოლომონ დოდაშვილმა წამოაყენა ერთიანობის იდეა, რომელიც შემდგომ ილია ჭავჭავაძემ განავითარა ,,საერთო ნიადაგის“ თეორიაში. ეს არის ერთიანობის პრინციპი, რომელიც გულისხმობდა ევროპეიზმის დამკვიდრებას და საზოგადოების სხვადასხვა ფენის გაერთიანებას. ეს იდეა დღესაც ისევე აქტუალურია, როგორც მაშინ“, – აცხადებს პროფესორი.

ღონისძიების ფარგლებში, აკადემიურ გამოსვლებთან ერთად, თსუ-ს მუზეუმში სოლომონ დოდაშვილის მოღვაწეობის ამსახველი გამოფენაც გაიმართა, 17 ნოემბერი კი მთლიანად სტუდენტთა რეგიონულ კონფერენციას დაეთმო. ინტერდისციპლინარულ ფორმატში სხვადასხვა ფაკულტეტისა და უნივერსიტეტის სტუდენტებმა წარმოადგინეს თავიანთი ხედვები, რაც ადასტურებს, რომ ინტერესი ფილოსოფიური აზროვნებისადმი ახალ თაობაშიც ცოცხალია.

ორგანიზატორების თქმით, მიუხედავად იმისა, რომ სოლომონ დოდაშვილზე უამრავი ლიტერატურა არსებობს, მისი იდეების ხელახლა შესწავლა აუცილებელია, რადგან საბჭოთა პერიოდში მის მოღვაწეობას ხშირად იდეოლოგიური გავლენების ქვეშ აანალიზებდნენ. წლევანდელი კონფერენცია ამ მიმართულებით გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯია. კონფერენციის მასალები, ფილოსოფიური და თეოლოგიური მიმოხილვები, ტრადიციულად, ფილოსოფიის დღისადმი მიძღვნილ კრებულში დაიბეჭდება.

გამოჩენილი ქართველი მეცნიერი და საზოგადო მოღვაწე სოლომონ დოდაშვილი 1836 წლის 20 აგვისტოს, 31 წლის ასაკში გარდაიცვალა ვიატკაში (რუსეთი). ელბერტ ბატიაშვილისა და თემურ ბალარჯიშვილის ძალისხმევით, 1994 წელს მისი ნეშტი საქართველოში გადმოასვენეს. დაკრძალულია მთაწმინდის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში.

Facebook
Twitter
LinkedIn