„ტრანსფორმაციის კვლევების ევროპული ჟურნალი“ თსუ-ს სახელით გამოიცემა
European Journal of Tranformation Studies („ტრანსფორმაციის კვლევების ევროპული ჟურნალი“) – ასე ეწოდება მაღალრეიტინგულ საერთაშორისო რეფერირებად ჟურნალს, რომელიც სულ მალე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ეგიდით გამოვა.
ჟურნალს არსებობის საკმაოდ ხანგრძლივი ისტორია აქვს. იგი 2013 წლიდან გამოიცემოდა გდანსკის უნივერსიტეტის (პოლონეთი) პოლიტიკურ მეცნიერებათა დეპარტამენტთან და უნივერსიტეტის სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტთან თანამშრომლობით. მისი სარედაქციო კოლეგიის მრჩეველთა საბჭოში თსუ-ს პროფესორები ალექსანდრე კუხიანიძე და მალხაზ მაცაბერიძეც საქმიანობდნენ. ახალი წლიდან კი გამოცემას, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სახელით, ასოცირებული პროფესორი ზვიად აბაშიძე ჩაუდგება სათავეში.
როგორც ჟურნალის საცნობარ ნაწილში იკითხება, „ტრანსფორმაციის კვლევების ევროპული ჟურნალი“ ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის მეცნიერთა თანამშრომლობის შედეგია. ის ყურადღებას ამახვილებს სოციალურ, კულტურულ, პოლიტიკურ და ეკონომიკურ საკითხებზე, რომლებიც მნიშვნელოვანია ევროპის ამ ნაწილისთვის, თუმცა მასში წარმოდგენილი თემები ეხება სხვა საკითხებსაც, მაგალითად, იქნება ეს გლობალური კრიზისი თუ ტერორიზმი.
როგორც ჟურნალის რედაქტორმა, თსუ-ს ასოცირებულმა პროფესორმა ზვიად აბაშიძემ ჩვენთან საუბარში აღნიშნა, ჟურნალი აზრთა და იდეების გაცვლის საერთაშორისო პლატფორმაა, რომელშიც მონაწილეობენ სოციალური და ჰუმანიტარული მეცნიერებების წარმომადგენლები სხვადასხვა ქვეყნიდან. მას აქვს მკაფიოდ განსაზღვრული სარედაქციო პოლიტიკა და ფოკუსირებულია პოლიტიკის მეცნიერებებზე. „ამ ჟურნალის ჩვენი უნივერსიტეტის ეგიდით გამოცემა საკმაოდ მნიშვნელოვანი მოვლენაა პოლიტიკის მეცნიერებებში მოღვაწე მკვლევრებისთვის, რადგან აქამდე ჩვენ არ გვქონდა მაღალრეიტინგული გამოცემა. ეს ხელს შეუწყობს ჩვენი მეცნიერების სამკვლევრო საქმიანობის სტიმულირებას და პოპულარიზაციას. გამოცემის თაობაზე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან შეთანხმება უკვე მიღწეულია და მოკლე დროში გამოიყოფა თანხა ჟურნალის ფუნქციონირებისთვის. ჩვენ ვეცდებით, კიდევ უფრო განვავითაროთ ჟურნალი, რომ უფრო მაღალირეიტინგულ ბაზებშიც ინდექსირდეს“, – აღნიშნა ზვიად აბაშიძემ.
„ტრანსფორმაციის კვლევების ევროპული ჟურნალი“ 2015 წლის აპრილიდან ინდექსირებულია მონაცემთა ბაზაში ERIH Plus, ხოლო 2017 წლიდან – Emerging Sources Citation Index-ში ( Web of Science-ის ნაწილი).