კვლევით პროექტში დასმული 3 მთავარი საკითხი საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციაზე
„საქართველოს ეკონომიკური პერსპექტივა ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის ფონზე“ – ასე ჰქვია ნაშრომს, რომელიც თსუ-ს ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ეკონომიკური თეორიებისა და საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების კათედრის ასოცირებული პროფესორის შოთა ვეშაპიძის ხელმძღვანელობით მომზადდა. ეს ნაშრომი ერთ-ერთი პროექტის ნაწილია, რომელმაც ფაკულტეტიდან 2024 წლის მიზნობრივ სამეცნიერო-კვლევითი პროექტების კონკურსში გაიმარჯვა. მიზნობრივ კვლევით პროექტს – „საქართველოს ეკონომიკური პერსპექტივა ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის ფონზე“ – 7 მონაწილე ასრულებდა. მისი განხორციელების შესახებ პრეზენტაცია წარმოადგინა პროექტის ხელმძღვანელმა, ასოცირებულმა პროფესორმა შოთა ვეშაპიძემ.
კვლევის შედეგად გამოვლინდა საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის თანამედროვე გამოწვევები წევრ სახელმწიფოთა გამოცდილების შესწავლის ფონზე. ამავდროულად, ევროკავშირში ინტეგრაციის გამოცდილების ათვისება, მისი სიღრმისეული ანალიზი საქართველოს დაეხმარება ევროკავშირში ინტეგრაციის გაღრმავებაში. შედეგად, ქვეყანა პერსპექტივაში უკეთ შეძლებს არსებული გამოწვევების შესაძლებლობებად გადაქცევას და მის თანმიმდევრულ და ოპტიმალურ განხორციელებას.
პროექტის ხელმძღვანელმა წარმოადგინა მოსაზრებები კვლევით პროექტში დასმულ სამ მთავარ საკითხზე:
– საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციისთვის მიზნობრივი და უწყვეტი გზით მოძრაობა აუცილებელია, რადგან ეს პროცესი საქართველოსთვის პერსპექტივების გაღებას, სტაბილურობისა და ეკონომიკური განვითარების უზრუნველყოფას გულისხმობს. თუ ეს მიმართულება შეუქცევადი იქნება, ქვეყანას შეეძლება ევროკავშირის საყოველთაო ღირებულებებსა და სტანდარტებამდე ამაღლდეს. EU-სთან ინტეგრაცია ხელს შეუწყობს საქართველოს უფრო დაცულ, დემოკრატიულ და მდგრად სოციუმად გარდაქმნას.
– საქართველო ევროკავშირში ინტეგრაციის გაღრმავებით მიიღებს ეკონომიკურ სარგებელს, ქვეყანაში გაუმჯობესდება სოციალური მდგომარეობა და მმართველობა, გაძლიერდება პოლიტიკური სტაბილურობა და უსაფრთხოება.
– საქართველო დღეს წარმოუდგენლად რთულ გეოპოლიტიკურ ვითარებაში იმყოფება. ქვეყნისთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფუნქცია დასავლეთსა და აღმოსავლეთს შორის დამაკავშირებელი ხიდის როლის შესრულებაა, რაც ახლა უფრო მეტად აქტუალურია, ვიდრე ოდესმე. ამ როლის ეფექტურად შესრულებისთვის საჭიროა გეოპოლიტიკური სიტუაციის სწორი ანალიზი, რათა საქართველომ მაქსიმალური სარგებელი მიიღოს. დღეს, საქართველოსთვის კრიტიკულ პირობებში, ევროკავშირში ინტეგრაცია არ არის თვითმიზანი, არამედ ეს არის გზა, რომელიც ემსახურება მიზნის მიღწევას. ეს საუკეთესო და უალტერნატივო საშუალებაა ქვეყნის სტაბილურობის უზრუნველსაყოფად, მისი სუვერენიტეტის, თვითმყობადობის, ღირებულებების, ეროვნული ინტერესების დასაცავად.
