თსუ-ს ეთნოლოგია-ანთროპოლოგიის ინსტიტუტის ზაფხული
2023 წლის ზაფხული საკმაოდ დატვირთული აღმოჩნდა ეთნოლოგია-ანთროპოლოგიის სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტის სტუდენტებისთვის. ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სტუდენტებს საშუალება ჰქონდათ მონაწილეობა მიეღოთ საველე კვლევებსა და საზაფხულო სკოლებში.
ეთნოგრაფიული პრაქტიკის ფარგლებში 24 ივნისიდან 3 ივლისამდე სტუდენტური ეთნოგრაფიული ექსპედიცია ფოთში ეთნოლოგია-ანთროპოლოგიის ინსტიტუტის აკადემიური ასისტენტის ბორის კომახიძის უშუალო ხელმძღვანელობითა და პროფესორ ქეთევან ხუციშვილის სამეცნიერო ხელმძღვანელობით მუშაობდა.
ქეთევან ხუციშვილის ინფორმაციით, საველე ეთნოგრაფიული კვლევის ფარგლებში სტუდენტებმა ფოთში ურბანული სივრცის კონსტრუქცია და არქიტექტურული გარემო შეისწავლეს. პროექტში მონაწილეობდნენ ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტები (დ. ფაცაცია, ე. პაპუაშვილი, ე. კალანდაძე, მ. ლომსაძე, ლ. ფადიურაშვილი, ნ. მელაძე, გ. ტვილდიანი).
„კვლევის მეთოდების პრაქტიკული აპრობირების გზით შესაძლებელი გახდა თანამედროვე საპორტო ქალაქში მიმდინარე სოციალური პროცესების გავლენების დადგენა. პრაქტიკის ფარგლებში სტუდენტებმა სტაციონარული კვლევის პირობებში გამოკვეთეს მათთვის საინტერესო საკითხები და შეკრიბეს ეთნოგრაფიული მასალა, რომელსაც მიმდინარე სასწავლო წელს წარადგენენ სამეცნიერო კონფერენციებზე“, – აღნიშნა ქეთევან ხუციშვილმა.
22 აგვისტოდან 2 სექტემბრამდე თსუ-ს ეთნოლოგია-ანთროპოლოგიის ინსტიტუტმა მარბურგის ფილიპსის უნივერსიტეტის კულტურული და სოციალური ანთროპოლოგიის დეპარტამენტთან (გერმანია) ერთობლივად ჩაატარა საზაფხულო სკოლა: ,,ეკოლოგიური გამოწვევები კავკასიაში: ლოკალური აქტივიზმი სომხეთსა და საქართველოში”. საზაფხულო სკოლა გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახურის მიერ (DAAD) მხარდაჭერილი პროექტის ,,კავკასია, კულტურა, კონფლიქტი”-ის ფარგლებში განხორცილდა და მის მსვლელობაში მონაწილეობას იღებდნენ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, მარბურგის უნივერსიტეტის, ერევნის სახელმწიფო უნივერსიტეტის და ბაქოს მეცნიერებათა აკადემიისა და სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორები და სტუდენტები (სულ 30 მონაწილე, მათგან თსუ-ს სტუდენტები – გ. ტვილდიანი, ნ. გაზდელიანი, ნ. მელაძე, დ. ფაცაცია, მ. ზვიადაური, მ. დიღმელიშვილი). საზაფხულო სკოლა მოიცავდა ლექციებს ანთროპოლოგიური კვლევის მეთოდებსა და ეკოლოგიის პრობლემებზე და საველე ეთნოგრაფიულ კვლევას ტყიბულსა და ალავერდში (სომხეთი). სკოლის დასკვნითი ნაწილი – კვლევის შედეგების პრეზენტაცია შედგა ჰაინრიხ ბიოლის ფონდის ოფისში. პროექტი ,,კავკასია, კულტურა, კონფლიქტი”, რომელსაც გერმანული მხრიდან ხელმძღვანელობს შტეფან ფოელი, ხოლო საქართველოს მხრიდან პროფესორი ქეთევან ხუციშვილი, 2011 წლიდან მუშაობს. პროექტს ამ წლების მანძილზე, მთლიანობაში, უკვე 300-ზე მეტი მონაწილე ჰყავდა – ქართველი, გერმანელი, სომეხი და აზერბაიჯანელი სტუდენტები. დამუშავდა ისეთი აქტუალური საკითხები, როგორიცაა იძულებით გადაადგილებულთა ადაპტაცია, სასაზღვრო ურთიერთობები კონფლიქტის ზონებში, კულტურული მემკვიდრეობის მოვლის პრობლემა, გერმანელები კავკასიაში, სადავო რელიგიური ადგილები, პოსტ-ინდუსტრიული გარდაქმნები, სამოქალაქო აქტივიზმი, ხელოვნებისა და ომის მიმართება და ეკოლოგიის საკითხები.
3-9 სექტემბერს თსუ-ს ეთნოლოგია-ანთროპოლოგიის ინსტიტუტის სტუდენტებმა (ზ. მირცხულავა, გ. ვახტანგაშვილი, ტ. ჩრდილელი, ნ. გაზდელიანი, გ. ტვილდიანი, ნ. მელაძე) კიდევ ერთ საინტერესო პროექტში მიიღეს მონაწილეობა. გერმანელი და ქართველი სტუდენტები და პროფესორ-მასწავლებლები მუშაობდნენ სოფელ ლატალში მისი ეთნოგრაფიული პროფილის აღსაწერად და დიგიტალური ფიქსაციის მიზნით. პროექტში ჩართული იყვნენ ანთროპოლოგები, არქიტექტორები, გეოგრაფები, კომუნიკაციის კვლევების წარმომადგენლები და რეჟისორ-ოპერატორები. ინტენსიური საველე სამუშაოების შედეგად შეიკრიბა ეთნოგრაფიული მასალა, რომლის საფუძველზეც იქმნება დიგიტალური ბაზა სოფელ ლატალის შესახებ. სტუდენტებს საშუალება ჰქონდათ ემუშავათ ინტერდისციპლინარულ, საერთაშორისო ჯგუფში და შეეთვისებინათ ახალი ტექნიკური და პრატიკული უნარები. პროექტის საბოლოო შედეგი – ვირტუალურ მონაცემთა ბაზა ხელმისაწვდომი იქნება ყველა დაინტერესებულისათვის.
თსუ-ს ეთნოლოგია-ანთროპოლოგიის სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტის 2023 წლის ზაფხული დატვირთული და საინტერესო იყო. ინსტიტუტი ინტენსიურად თანამშრომლობს სხვადასხვა სამეცნიერო ცენტრებთან და ახორცილებს საერთაშორისო პროექტებს, რომელთა მიზანიცაა სტუდენტების უნარებისა და ცოდნის გაღრმავება-გაფართოება, მათი საერთაშორისო დონის მკვლევრებად ჩამოყალიბება.