ეთერ სარჯველაძის გახსენება

თარიღი: 2023-03-16 21:51:55

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მარკეტინგის კათედრას გამოაკლდა ღირსეული წევრი, ეკონომიკის დოქტორი, ქალბატონი ეთერ სარჯველაძე, რომელმაც ხანმოკლე ავადმყოფობის შემდეგ იმიერ საქართველოში გადაინაცვლა. ის რამდენიმე ათეული წელი ღირსეულად ემსახურებოდა ახალგაზრდების სწავლა-განათლების საქმეს, რის გამოც სტუდენტები, კათედრის წევრები და ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ხელმძღვანელობა მას პატივს სცემდა.

ქალბატონი ეთერი 1948 წლის 25 სექტემბერს დაიბადა ლანჩხუთის რაიონის სოფელ ლესაში. აქვე დაამთავრა საშუალო სკოლა, შემდეგ კი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, სასურსათო პროდუქტების საქონელმცოდნეობისა და ექსპერტიზის სპეციალობით.

ქალბატონი ეთერის საქმიანობა მუდმივად იყო თსუ-სთან დაკავშირებული. მას ძალიან უყვარდა სტუდენტები და მათ მიმართ ყოველთვის სითბოსა და სიყვარულს გამოხატავდა. ამასთან, შეიძლება თავისუფლად ითქვას, რომ ქალბატონი ეთერი მუდამ ადამიანების ჯანმრთელობის სადარაჯოზე იდგა. ის იყო სურსათის ექსპერტი და, ამ კუთხით,  აქტიურ მონაწილეობას იღებდა საერთაშორისო გრანტებსა და პროექტებში. ქალბატონი ეთერი საკმაოდ ხშირად სატელევიზიო ეთერიდან შეახსენებდა მოსახლეობას  ჯანსაღი, დაბალანსებული  კვების მნიშვნელობას და ჰიპოკრატეს სიტყვებს  – „დაე, კვება იყოს თქვენი მედიცინა და საკვები  – თქვენი წამალი“.

ქალბატონი ეთერ სარჯველაძის სახით ოჯახმა დაკარგა საუკეთესო მეუღლე და დედა, მარკეტინგის კათედრამ კი  – გულისხმიერი პედაგოგი და თანამშრომელი, თავისი საქმის პროფესიონალი, რომელიც მუდამ  იღიმებოდა და პატივისცემას გამოხატავდა კოლეგების მიმართ.

მსუბუქი იყოს მისთვის ქართული მიწა…

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

მარკეტინგის კათედრა

Facebook
Twitter
LinkedIn