თსუ-ს იურიდიული ფაკულტეტი ესპანეთის პარტნიორ უნივერსიტეტებთან თანამშრომლობას აღრმავებს
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის დელეგაცია სამუშაო ვიზიტით როვორასა და ვირჯილის უნივერსიტეტსა (ტარაგონა, ესპანეთი) და ბარსელონის ავტონომიურ უნივერსიტეტში (UAB) იმყოფებოდა. თსუ-ს იურიდიული ფაკულტეტის დეკანმა, ასოცირებულმა პროფესორმა თამარ ზარანდიამ და თსუ-ს ასოცირებულმა პროფესორმა ლელა ჯანაშვილმა, რომელიც, ამავე დროს, ბარსელონის ავტონომიური უნივერსიტეტის მიწვეული პროფესორია, პარტნიორი უნივერსიტეტების ადმინისტრაციულ და აკადემიურ პერსონალთან შეხვედრებისას სამომავალო თანამშრომლობის გეგმა შეათანხმეს.
ვიზიტის ფარგლებში შეხვედრები გაიმართა როვორასა და ვირჯილის უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტისა და სამართლის ფაკულტეტის ადმინისტრაციის თანამშრომლებსა და აკადემიურ პერსონალთან, საჯარო სამართლის დეპარტამენტის მარიუს ვიადელ ი მარტინის სახელობის სამართლებრივი კვლევების კათედრის დირექტორთან, პროფესორ ხოსე რამონ ფუენტეს ი გასოსთან.
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის წარმომადგენლები შეხვდნენ ბარსელონის ავტონომიური უნივერსიტეტის მანუელ ბალბეს სახელობის გლობალური სამართლისა და ადამიანის უსაფრთხოების კათედრის ხელმძღვანელ როსერ მარტინეს ი კირანტესს, საჯარო სამართლისა და ისტორიულ-იურიდიულ მეცნიერებათა კათედრის ხელმძღვანელებს – პროფესორ კარლოს პადროსსა და პროფესორ ჟოან ამენოსს. შეხვედრის ფარგლებში დაიგეგმა მნიშვნელოვანი ერთობლივი აკადემიური და სამეცნიერო აქტივობები და ესპანელი პროფესორების ვიზიტი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში.
პირველი ვიზიტი მიმდინარე წლის ივლისში გაიწერა, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს ბარსელონის ავტონომიური უნივერსიტეტის მანუელ ბალბეს სახელობის გლობალური სამართლისა და ადამიანის უსაფრთხოების კათედრის ხელმძღვანელ როსერ მარტინეს ი კირანტესი ეწვევა და შეხვედრებს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ადმინისტრაციასა და აკადემიურ პერსონალთან გამართავს.
აღსანიშნავია, რომ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს ბარსელონის ავტონომიურ უნივერსიტეტთან 22 წლიანი სასწავლო და სამეცნიერო კვლევითი თანამშრომლობის ისტორია აკავშირებს.