თსუ-ს ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკის რეპოზიტორიუმი ღია წვდომის ღრუბელში გაერთიანდა

თარიღი: 2022-11-03 18:41:51

თსუ-ს ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკის რეპოზიტორიუმი (Openscience.ge) ევროპის სამეცნიერო ნაშრომების ღია წვდომის ღრუბელში (EOSC) გაერთიანდა. ამ მიზნის მისაღწევად ბიბლიოთეკის დირექტორს – ნინო პავლიაშვილსა და მის გუნდს დაახლოებით წელიწადნახევარი დასჭირდათ. დიდი შრომისა და აქტიური მუშაობის შედეგად ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკის არქივში არსებული კვლევები ფართო საზოგადოებისთვის ხილვადი გახდება.

ევროპის სამეცნიერო ნაშრომების ღია წვდომის ღრუბელში ევროპის თითქმის ყველა ქვეყანაა გაერთიანებული, აქედან გამომდინარე, საქართველოს ამ წრეში გაწევრიანება ძალიან სასიხარულო და მნიშვნელოვანია.

„სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის რეგიონში, რომელშიც წამყვანი იყო საბერძნეთი, შეიქმნა რეპოზიტორიუმ-კატალოგი ,,NI4OS”. ამ ორგანიზაციაში დაიწყო ჩვენი გაწევრიანება, რომელსაც დასჭირდა წელიწადნახევარი. შემდეგ კი რეგიონული კატალოგების ინტეგრაცია მოხდა ევროპის ღია წვდომის ღრუბელში (EOSC)“, – განმარტავს პროგრამისტი გიორგი მიკუჩაძე.

ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკის რეპოზიტორიუმი მოიცავს მეცნიერთა და მკვლევართა პროფილებს; იმ ორგანიზაციათა ჩამონათვალს, რომლებიც სამეცნიერო საქმიანობას ეწევიან; სამეცნიერო კვლევებს; მაგისტრებისა და დოქტორანტების სადიპლომო ნაშრომებს.

„ნებისმიერი მეცნიერისთვის მნიშვნელოვანია თავისი კვლევა ფართო საზოგადოებისთვის იყოს ხილვადი. გავლენიან ჟურნალებსა და გაზეთებში სტატიის გამოქვეყნება საკმაოდ ძვირია. ღია წვდომის ღრუბელში არსებული რეპოზიტორიუმი საშუალებას აძლევს მეცნიერს თავისი ნაშრომი გამოაქვეყნოს მაღალრეიტინგულ ჟურნალებთან გათანაბრებულ პირობებში. ეს მნიშვნელოვანია ქართველი მეცნიერებისთვის, რადგან მათ დიდი თანხის გადახდა უმეტესად არ შეუძლიათ. სწორედ ამიტომ, მკვლევრებს საშუალება ეძლევათ, საკუთარი ნაშრომები ზედმეტი ხარჯების გარეშე ხელმისაწვდომი, ხილვადი და თავიდან გამოყენებადი გახადონ სხვებისთვის“, – ამბობს ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკის დირექტორი ნინო პავლიაშვილი.

პროექტის განხორციელებაში დიდი წვლილი მიუძღვის ორგანიზაცია „გრენას“ და მის აღმასრულებელ დირექტორს – რამაზ ქვათაძეს. ნინო პავლიაშვილი ხაზს უსვამს ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკის გუნდის დიდ მონდომებას და, ამასთან, მადლობას უხდის ორგანიზაცია – საქართველოს ბიბლიოთეკების ინტეგრირებული საინფორმაციო ქსელის კონსორციუმს (GILISC), რომელმაც დიდი წვლილი შეიტანა ამ პროექტის განხორციელებაში.

ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკის პროგრამისტი გიორგი ბანეთიშვილი აღნიშნავს, რომ „ამ ეტაპზე რეპოზიტორიუმში დაახლოებით 2000-ზე მეტი ნაშრომი არის განთავსებული. სამომავლოდ იგეგმება, რომ რეპოზიტორიუმი გახდეს ცენტრალური არქივი და ქვეყნის მასშტაბით ყველა ინფორმაციამ აქ მოიყაროს თავი.“

ამ მიზნის მისაღწევად დღემდე მიმდინარეობდა აქტიური მუშაობა. 

,,რეპოზიტორიუმი აკმაყოფილებს გარკვეულ სტანდარტებს: მაგალითად, მონაცემები საერთაშორისო მოთხოვნების გათვალისწინებით უნდა იყოს აღწერილი, ასევე იგეგმება მრავალი სიახლე. მომავალი წლიდან იწყება აქტიური საუბრები და ტრენინგები საავტორო უფლებებთან დაკავშირებულ კანონმდებლობაზე. გარდა ამისა, ვფიქრობთ კიდევ ერთი რეპოზიტორიუმის შექმნას, რომელშიც კვლევის მონაცემები იქნება განთავსებული. მიზანი კი იგივეა – ეს რეპოზიტორიუმიც გავაერთიანოთ ევროპის ღია წვდომის ღრუბელში და მივცეთ ახალგაზრდა მეცნიერებს განვითარების შესაძლებლობა“, – ამბობს ნინო პავლიაშვილი.

ნებისმიერი კვლევა, რომელიც განთავსდება რეპოზიტორიუმში, ავტომატურად მოიძებნება ევროპის ღია მეცნიერების ღრუბელში.

ეს ნაბიჯი მართლაც მნიშვნელოვანია როგორც შემდგარი, ისე დამწყები მეცნიერებისთვის და სტუდენტებისთვის, რომლებმაც უნდა იცოდნენ, რომ მათი შრომა ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკის დამსახურებით იქნება სათანადოდ ხილვადი და დაფასებული როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის  ფარგლებს გარეთაც.

ნანა გელაძე

თსუ-ს სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტი

ფოტოები: ლუკა ერისთავისა

Facebook
Twitter
LinkedIn