ქართველ მეცნიერთა ვიზიტი ერევნის არქეოლოგიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტში

თარიღი: 2024-06-06 16:23:31

მაისის ბოლოს ერევანში ფოლკლორისტთა სამეცნიერო კონფერენცია  – „ზღაპრის ფოლკლორისტული კვლევა: ჟანრთა შერწყმა და ტრანსფორმაციები“ –  გაიმართა, რომელსაც  სომხეთის უნივერსიტეტმა, მეცნიერებათა აკადემიამ და არქეოლოგიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტმა უმასპინძლა.

კონფერენციაზე წარმოდგენილი ნაშრომები თემატურად ეხმიანებოდა  ლიტერატურისა და ხელოვნების დარგების ურთიერთმიმართებას სამხრეთკავკასიურ და ახლოაღმოსავლურ ფოლკლორთან.  სამეცნიერო ღონისძიებაში საქართველოდან,  თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან სამი მეცნიერი იყო წარმოდგენილი: ფოლკლორისტიკის კათედრის წარმომადგენელი,  ასოცირებული პროფესორი ელენე გოგიაშვილი, არაბისტიკის კათედრიდან – პროფესორი დარეჯან გარდავაძე და ირანისტიკის კათედრიდან  – ასოცირებული პროფესორი თეა შურღაია. 

ელენე გოგიაშვილის ინფორმაციიით, კონფერენცია ჩატარდა  არქეოლოგიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტის ფოლკლორის განყოფილებაში, რომელიც  სომეხი ფოლკლორისტის არტაშეს ნაზინიანის 100 წლისთავს მიეძღვნა. „მის სახელს უკავშირდება ფოლკლორის განყოფილების შექმნა ინსტიტუტში, სომხური ხალხური პროზის საერთაშორისო სიუჟეტური საძიებლის მიხედვით დამუშავება, სამეცნიერო ექსპედიციების წარმართვა და ფოლკლორული არქივის შევსება-გამოცემა“,  – აღნიშნა ელენე გოგიაშვილმა.

სხდომა გახსნა ინსტიტუტის დირექტორმა არსენ ბობოხიანმა, კონფერენციას უძღვებოდა ფოლკლორის ტექსტოლოგიის განყოფილების ხელმძღვანელი თამარ ჰაირაპეტიანი.  მოხსენებების შემდეგ გაიმართა დისკუსია.

„აღსანიშნავია, რომ ღონისძიებაზე  წარმოდგენილი იყო სამეცნიერო პრობლემათა ფართო სპექტრი. შედარებითი მითოლოგიის ტერმინოლოგიური სირთულის საკითხი დასვა ჰასმიკ გალსტიანმა. არქეტიპთა ტრანსფორმაციაზე ისაუბრა ფსიქოლოგმა ლუსინე ღარახანიანმა. თხრობით სიუჟეტთა ლოკალიზაციისა და პერსონალიზაციის შესახებ მოხსენება ჰქონდა იაგობ ჭოლაკიანს, რომელმაც სირიაში მცხოვრებ სომეხთა ფოლკლორის მაგალითზე მიმოიხილა ხალხური ნოველები. მარინე ხემჩიანის მოხსენება სომხური და ქართული ზღაპრების ქალ-პერსონაჟებს, კერძოდ, მეომარ ქალებს ეხებოდა. გოჰარ მელიქიანის, ნვარდ ვარდანიანის, არმენ სარგსიანის მოხსენებების თემა იყო ჯადოსნური ზღაპრის სემანტიკურ-ფუნქციონალური საკითხები. გარნიკ გევორგიანმა, არმანუშ კოზმოიანმა და სირანუშ არაქელიანმა სომხურ-ირანული პარალელები გაავლეს ეპიკური ტრადიციების მაგალითზე“,  –  აღნიშნა ელენე გოგიაშვილმა. 

 ქართველ მომხსენებელთა პრეზენტაციებმა დამსწრე საზოგადოების დიდი ინტერესი გამოიწვია. დარეჯან გარდავაძემ აღმოსავლურ-დასავლურ ფოლკლორულ და ლიტერატურულ ტრადიციათა კონტექსტში წარადგინა სულხან-საბა ორბელიანის „სიბრძნე სიცრუისა“. თეა შურღაიამ ისაუბრა შუა საუკუნეების ქართული ლიტერატურის განსაკუთრებულ როლზე ფოლკლორის შენახვა-გავრცელების თვალსაზრისით. ელენე გოგიაშვილის მოხსენება შეეხო ზღაპრის სოციოკულტურულ ასპექტებს ეკრანიზაციების იდეოლოგიური აქცენტების მიხედვით. სამივე მკვლევრის მოხსენება მათი მიმდინარე სამეცნიერო პროექტების ნაწილს შეადგენს, რომლებსაც ისინი ახორციელებენ შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის ხელშეწყობით.

ელენე გოგიაშვილის აზრით, ფოლკლორის მუდმივი ურთიერთობა შუა საუკუნეების და ახალი დროის ლიტერატურასთან, მეოცე საუკუნის ვიზუალურ მედიასთან და თანამედროვე ციფრულ ტექნოლოგიებთან, ერთი შეხედვით, გვაჩვენებს, რომ ფოლკლორის ინტერდისციპლინური კვლევა, ლიტერატურული ადაპტაციების გარდა, დამოკიდებული გახდა ჟანრთა ტრანსფორმაციებსა და მედიის მრავალფეროვნებაზე.

„ტრადიციული ფოლკლორის ინტერდისციპლინური კვლევა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სფეროა კულტურის ტრანსნაციონალური და სოციოისტორიული პროცესების შესწავლისათვის. ერევნის არქეოლოგიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტის ფოლკლორის განყოფილებაში ჩატარებული კონფერენცია ამის კიდევ ერთი დადასტურებაა. ცხადია, ეს კონფერენცია არ იყო პირველი შემთხვევა, როცა ქართველი და სომეხი კოლეგები სამეცნიერო დისკუსიაში ჩაერთნენ. ყოველ სამეცნიერო ვიზიტს ახალი ცოდნა და გამოცდილება მოაქვს როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო სამეცნიერო სივრცეში.  სომეხმა მეცნიერებმა ქართველ მეცნიერებთან თანამშრომლობისა და ერთობლივი პროექტების განხორციელების სურვილი გამოთქვეს და დაინტერესდნენ საქართველოში უახლესი პუბლიკაციებით. შეხვედრისას ქართველმა და სომეხმა კოლეგებმა ახალგამოცემული წიგნები უსახსოვრეს ერთმანეთს: „სომხური ხალხური სიტყვიერება კავკასიის ადგილთა და ტომთა აღწერის მასალათა კრებულში“ (2023) და „აღმოსავლეთი და დასავლეთი ქართულ ხალხურ ზღაპრებში: ზეპირი და ლიტერატურული ტრადიციები“ (2019)“, –  აღნიშნა ელენე გოგიაშვილმა.

Facebook
Twitter
LinkedIn