რას ისახავს მიზნად სვანეთის სოციო-კულტურული მდგომარეობის კომპლექსური მეცნიერული კვლევა

თარიღი: 2025-10-19 17:57:15

თსუ-ს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ეთნოლოგია-ანთროპოლოგიის ინსტიტუტის გუნდი ორი კვირის განმავლობაში ლენტეხისა და მესტიის მუნიციპალიტეტებში სწავლობდა სვანეთის ტრადიციულ კულტურას, ადგილობრივი ცხოვრების წესს და იმ ცვლილებებს, რომლებიც ბოლო ათწლეულებში ამ მაღალმთიან რეგიონში მომხდარ სოციალურ თუ ეკონომიკურ გარდაქმნებს უკავშირდება.

ეთნოგრაფიული ექსპედიცია სვანეთში იმ საგრანტო პროექტის  – ,,საქართველოს საზღვრისპირა რეგიონების ტრადიციული სოციო-კულტურული მახასიათებლები და თანამედროვეობა – სვანეთი“  – ფარგლებში გაიმართა, რომელმაც შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის 2025 წლის საზღვრისპირა რეგიონების შემსწავლელი სამეცნიერო-კვლევითი პროექტების კონკურსში გაიმარჯვა. პროექტის მონაწილეები არიან თსუ-ს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ეთნოლოგია-ანთროპოლოგიის სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტის წარმომადგენლები – ასოცირებული პროფესორი როზეტა გუჯეჯიანი, პროფესორი ქეთევან ხუციშვილი, დოქტორანტი ელენე ბერაია, მაგისტრანტი ანამარია ფანგანი და ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალური დირექტორის მოადგილე მირიან ხოსიტაშვილი. პროექტის ხელმძღვანელია ასოცირებული პროფესორი როზეტა გუჯეჯიანი. სვანეთში მივლინების მიზანი იყო სვანეთის, როგორც სასაზღვრო ზონის, სოციო-კულტურული მახასიათებლებისა და მიმდინარე ტრანსფორმაციების შესწავლა ტრადიციულ ყოფით კულტურაში. კომპლექსური და ინტერდისციპლინური სამეცნიერო კვლევა მიზნად ისახავდა სვანეთის, როგორც საზღვრისპირა რეგიონის, წარსულისა და თანამედროვე ვითარების ურთიერთმიმართების ფიქსაციასა და ანალიზს.

რა შედეგები  მივიღეთ რეგიონის კვლევისას? – ამის შესახებ გვესაუბრება თსუ-ს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ეთნოლოგია-ანთროპოლოგიის სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტის ხელმძღვანელი,  პროფესორი ქეთევან  ხუციშვილი:

–  რატომ არის მნიშვნელოვანი სვანეთის სოციო-კულტურული მდგომარეობის კომპლექსური მეცნიერული კვლევა?

– სვანეთი ოდითგანვე საზღვრისპირა მხარე იყო და მას ისტორიის ყველა ეტაპზე მჭიდრო კავშირი ჰქონდა მოსაზღვრე ეთნოსებთან: სავირებთან, ბალყარელებთან, ყარაჩაელებთან. ამ ჯგუფებთან სვანეთი დაკავშირებული იყო კავკასიონის მთავარ ქედზე არსებული უღელტეხილებით. ეს უღელტეხილები მოქმედი იყო საბჭოთა კავშირის დანგრევამდე. მას შემდეგ უკვე ოფიციალური საზღვარი რსფსრ-სა და საქართველოს შორის ამ მონაკვეთზე გახსნილი არ არის. ისტორიულად ამ მონაკვეთზე მუდამ არსებობდა კომუნიკაცია ქართველებს, ბალყარელებსა და ყარაჩაელებს შორის, ამ ჯგუფებს მუდამ ჰქონდათ ერთმანეთში სავაჭრო-ეკონომიკური და ნათესაურ-მეგობრული დამოკიდებულება. ეს ისტორია კარგადაა შესწავლილი ქართველ ისტორიკოსთა და ეთნოლოგთა მიერ (ა. ჩარკვიანი, გ. გასვიანი, თ. მიბჩუანი, რ. ხარაძე, ალ. რობაქიძე, ს. რეხვიაშვილი, რ. გუჯეჯიანი და სხვ.). უღელტეხილებზე და ჩრდილოეთ კავკასიის ტერიტორიაზე დღემდეა შემორჩენილი რამდენიმე ქართული საფორტიფიკაციო ნაგებობა, ქართული წარმომავლობის ნაეკლესიარები, სასაფლაოები… არაერთ ბალყარულ და ყარაჩაულ საგვარეულოს შემონახული აქვს ისტორიული ხსოვნა ოდინდელი ქართული წარმომავლობის შესახებ, რაც განაპირობებს ამ ორი ჯგუფის მუდმივ ლოიალობას საქართველოსადმი და მათ ჩაურევლობას საქართველოს საწინააღმდეგო პოლიტიკურ ქმედებებსა თუ შეიარაღებულ ესკალაციებში (რუსეთ-საქართველოს ომების დროს). აღსანიშნავია, რომ ყარაჩაულ და ბალყარულ ფოლკლორში დაცულია თამარ მეფის ხსოვნასთან დაკავშირებული მოტივები. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ქართველ ეთნოლოგებს ეს არეალი არ უკვლევიათ. მნიშვნელოვანია ქართველთა, კერძოდ, სვანთა შორის შესაბამისი ეთნოგრაფიული მასალის შეკრება და მისი ჩართვა მეზობელ ხალხთა შორის მშვიდობიანი დიალოგის წარმართვის საქმეში.

ბოლო ათწლეულების განმავლობაში არ ჩატარებულა სვანეთის სოციო-კულტურული მდგომარეობის კომპლექსური მეცნიერული კვლევა. ცხადია, დაიწერა და გამოიცა ცალკეული სფეროსა თუ კულტურის სეგმენტის შემსწავლელი ნაშრომები, მაგრამ არ განხორციელებულა სრული მეცნიერული კვლევა და ანალიზი სვანეთის ორივე მუნიციპალიტეტის თანამედროვე სოციო-კულტურული ვითარებისა, ტრადიციულისა და დღევანდელი მდგომარეობის შედარებისა. განსაკუთრებით პრობლემურია ის გარემოება, რომ მეცნიერთაგან, ძირითადად, ცალ-ცალკე შეისწავლებოდა ზემო და ქვემო სვანეთი და არ მოგვეპოვება მონოგრაფია, რომელშიც სვანეთის ორივე მხარე, ორივე მუნიციპალიტეტი ერთიან კონტექსტში იქნებოდა შესწავლილი და წარმოჩენილი. ამასთანავე, უაღრესად მწირია ქვემო სვანეთის შესახებ არსებულ სამეცნიერო ნაშრომთა ჩამონათვალი. შესაბამისად, აქტუალური იყო ორივე მუნიციპალიტეტში საველე-ეთნოგრაფიული კვლევის განხორციელება; უკვე არსებული ცოდნის და მოძიებული ეთნოგრაფიული მასალის ანალიზი. საბჭოთა პერიოდის და დღევანდელი ვითარების შედარება საშუალებას მოგვცემს გამოვავლინოთ ყოფის ტრანსფორმაციული ან მდგრადი სეგმენტები.

რა ტიპის სოციოკულტურული ტრანსფორმაციები გამოვლინდა კვლევის დროს და როგორ აისახება ისინი ადგილობრივ ტრადიციებზე?

კვლევის დროს  განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა მიმდინარე ტრანსფორმაციულ პროცესებზე. დაკვირვება ავლენს, რომ მიმდინარეობს ლანდშაფტის  სწრაფი გარდაქმნა, ტრადიციულ ნაგებობათა იერის შეცვლა, ჩნდება განაშენიანების ახალი ელემენტები, დიდ ნაკადად შემოჭრილი ტურისტული ინდუსტრია ქმნის ყოფის ახალ სურათს. სვანეთი ცნობილია თავისი უნიკალური კულტურული მემკვიდრეობით, სადაც ადგილობრივი კულტურული მემკვიდრეობის ცოცხალი ელემენტები –  ხელნაკეთობანი, მუსიკალური ფოლკლორი (სიმღერები, მუსიკალური საკრავები, ფერხულები, სარიტუალო საგალობლები და სხვ.) დღემდე ცოცხალია ყოფაში.  მოსახლეობა ცდილობს ამ ტრადიციების შენარჩუნებას. ტურისტული ინდუსტრიის განვითარებამ დიდწილად შეცვალა მუნიციპალიტეტის, განსაკუთრებით მისი ბალსზემო ნაწილის ცენტრალური თემების (ლატალი, ლენჯერი, მესტია, მულახი) ინფრასტრუქტურა და მეურნეობის სისტემა. ცხადია, ცვლილებები შეინიშნება სხვა თემის სოფელთა ყოფაში, განსაკუთრებით ბეჩოს თემში. სოფლის მეურნეობის განვითარების მხრივაც არის საყურადღებო ფაქტები, კერძოდ, სვანეთის ზოგიერთ სოფლებში რამდენიმე მეურნემ დათესა ქართული ენდემური ხორბალი.  სვანეთში კვლავ არის განვითარებული მესაქონლეობა (მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი, მცირედი რაოდენობით მეთხეობა, მეცხვარეობა და მეღორეობა) და მიწათმოქმედება (მემინდვრეობა, მეკარტოფილეობა, მებოსტნეობა, მებაღეობა). ტურიზმის ზრდამ განაპირობა სოფლის მეურნეობაში ჩართულთა რაოდენობის ზრდა, განსაკუთრებით იქ, სადაც ტურისტული ცენტრებია. თუმცა იგივე ტურისტულმა მზარდმა ნაკადმა განაპირობა ახალი სასტუმროების აგება, სწრაფი კვების ობიექტების რიცხვის ზრდა, მასში დასაქმებულთა გადამზადებისა და მოზიდვის მატება. დღეს სახეზეა ე.წ. შერეული ეკონომიკური ცხოვრება (ტრადიციული მეურნეობა და ტურიზმი). მოსახლეობა ცდილობს – შეინარჩუნოს ის ტრადიციული პრაქტიკა, რომელიც მემკვიდრეობით გადადის თაობიდან თაობაზე, მაგრამ სურს ჩაერთოს ახალი ტიპის ცხოვრების ფერხულშიც. წინა ათწლეულების განმავლობაში მესტიისა და ლენტეხის  მუნიციპალიტეტები, ძირითადად, საზაფხულო კურორტის ზონას წარმოადგენდა, მაგრამ ახლა უკვე პოპულარული გახდა ზამთრის პერიოდისთვისაც. შევისწავლეთ ამ ახალი ფაქტორების გავლენა ყოველდღიურობაზე. ცვლილებები მიმდინარეობს ტრადიციული ყოფითი კულტურის ელემენტებშიც, რომელთა ანალიზიც ვრცლად იქნება წარმოდგენილი პროექტის შედეგად შექმნილ მონოგრაფიულ კვლევაში. მონოგრაფიული კვლევა დაიბეჭდება მომავალი წლის დასაწყისში და დაინტერესებულ მკითხველს ექნება საშუალება დეტალურად გაეცნოს კვლევის შედეგებს.

ასევე აღსანიშნავია, რომ ჩვენი კვლევის შედეგებს, სამეცნიერო-თეორიულთან ერთად, აქვთ გამოყენებითი მნიშვნელობაც, რადგან რეალური ვითარების ანალიზის საფუძველზე გამოტანილი დასკვნები საშუალებას გვაძლევს დავსახოთ სტრატეგიები როგორც საზღვრისპირა რეგიონის, ასევე კულტურული მემკვიდრეობის დაცვის პერსპექტივით.

Facebook
Twitter
LinkedIn