სტუდენტების საველე სამეცნიერო-სასწავლო პრაქტიკა ენგურჰესზე

თარიღი: 2023-10-02 18:10:00

ენგურჰესზე ვიზიტი გერმანულ-ქართული პროექტების DAMAST-transfer-ისა და DAAD SDG-Caucasus-ის ფარგლებში განხორციელდა.  საველე სამეცნიერო-სასწავლო პრაქტიკაში თსუ-ს ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის, თსუ-ს მ. ნოდიას გეოფიზიკის ინსტიტუტის, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის, კარლსრუეს ტექნოლოგიის ინსტიტუტის წარმომადგენლები, სტუდენტები და პროფესორ-მასწავლებლები მონაწილეობდნენ. 

საველე სასწავლო-სამეცნიერო ვორქშოპს გერმანიიდან – კარლსრუეს ტექნოლოგიის ინსტიტუტის მეცნიერები, საქართველოს მხრიდან თსუ-ს მ. ნოდიას გეოფიზიკის ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ თანამშრომელი დავით სვანაძე და ტექნიკური უნივესიტეტის პროფესორი გია ყალაბეგიშვილი უძღვებოდნენ. 

„პროექტები ემსახურება ქართველი სტუდენტებისათვის ცოდნის გაზიარებას კვლევის უახლესი სამეცნიერო მეთოდოლოგიების შესახებ, მათ შორის, საველე პირობებში დაკვირვების უახლესი ტექნოლოგიების გამოყენებით და, ასევე, კვლევით პროცესში მათ უშუალო ჩართვას. ენგურჰესზე სტუდენტები გაეცნენ DAMAST პროექტის ფარგლებში გამოყენებული უახლესი სამეცნიერო მეთოდოლოგიით მიღებულ შედეგებს. სტუდენტების მონაწილეობით განხორციელდა ენგურის წყალსაცავის ბათიმეტრული სკანირება, მდინარის ხარჯისა და  მყარის ნატანის გაზომვა. შეფასდა წყალსაცავში მდინარის მყარი ნატანი მასალის გადაადგილების და დალექვის –  სედიმენტაციური პროცესები, სტუდენტებმა გაანალიზეს ის მოსალოდნელი საფრთხეები და რისკები, რასაც მდინარის მყარი ნატანის დაგროვება უქმნის წყალსაცავის ნორმალურ ოპერირებას. 

საველე პრაქტიკის დასასრულს სტუდენტებს შეხვდა ენგურჰესის ადმინისტრაცია. ენგურჰესის გენერალურმა დირექტორმა, ბატონმა  ლევან მებონიამ და ტექნიკურმა დირექტორმა ჯონი ჭანიამ წაიკითხეს ლექცია ენგურჰესის მშენებლობის პროცესის შესახებ; ამ ეტაპზე კაშხალზე მიმდინარე სამეცნიერო დაკვირვების და სხვადასხვა ტექნიკური საკითხების შესახებ; ასევე მათი უშუალო მონაწილეობით განხორციელდა ვიზიტი ენგურის თაღოვანი კაშხლის დისკური ჩამკეტების გვირაბში. სტუდენტები ადგილზე გაეცნენ იქ არსებულ დაკვირვების უახლეს ხელსაწყოებსა და კაშხლის ოპერირების სხვადასხვა ტექნიკურ საკითხებს“, – განმარტა  დავით სვანაძემ.

DAMAST და DAMAST-transfer პროექტები გერმანიის განათლებისა და მეცნიერების ფედერალური სამინისტროს მიერ ფინანსდება. პროექტებს  გერმანიის მხრიდან პროფესორი  ფრანკ შილინგი ხელმძღვანელობს, საქართველოს მხრიდან კი ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი ნინო წერეთელი უწევს კოორდინირებას.   DAAD SDG-Caucasus პროექტის მენეჯერი გერმანიის მხრიდან პროფესორი ანდრეას შენკია, საქართველოს მხრიდან კი ნინო წერეთელი (თსუ) და  პროფესორი გია ყალაბეგიშვილი (სტუ).

ენგურჰესზე სასწავლო-სამეცნიერო ვორქშოპი 24-28 სექტემბერს მიმდინარეობდა.

Facebook
Twitter
LinkedIn