თსუ-ში არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტის შემაჯამებელი სამეცნიერო სესია გაიმართა

თარიღი: 2023-12-28 18:19:55

19-21 დეკემბერს გაიმართა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტის 82-ე სამეცნიერო სესია.

სესიამ სამი დღის განმავლობაში იმუშავა და მასზე წარმოდგენილი იქნა 30-ზე მეტი მოხსენება. მოხსენებებში ასახული იყო ენათმეცნიერული კვლევის მრავალფეროვანი თემატიკა: ქართველურ ენათა მორფოლოგიისა და სინტაქსის თეორიული საკითხები; ქართული სალიტერატურო ენის ნორმალიზაცია; ლექსიკოლოგია-ლექსიკოგრაფიისა და  ტერმინოლოგიის საკითხები; ეტიმოლოგიური დაკვირვებანი; მწერლის ენის სპეციფიკა;  დიალექტთა ენობრივი  ანალიზი; მეგრულ-ლაზურისა და სვანურის აქტუალური საკითხები… მომხსენებლებმა განიხილეს აგრეთვე კავკასიურ ენათა დამწერლობის პრობლემები, შუმერულ-ქართველური ენობრივი მიმართებანი, კავკასიის ალბანეთის გაქრისტიანების საკითხი და სხვ.

როგორც ინსტიტუტის  დირექტორმა, თსუ-ს პროფესორმა ნანა მაჭავარიანმა ჩვენთან საუბარში  აღნიშნა, კონფერენცია არსებობს ინსტიტუტის დაარსებიდანვე და ის ერთგვარი ყოველწლიური შეჯამებაა იმ კვლევებისა, რომელსაც ინსტიტუტის მეცნიერ-მკვლევრები ატარებენ.  

სესიის ფარგლებში 20 დეკემბერს გაიმართა წიგნის პრეზენტაცია. ენათმეცნიერების ინსტიტუტის დირექტორმა, პროფესორმა ნანა მაჭავარიანმა წარმოადგინა მონოგრაფია „ფაუნის ლექსიკა აფხაზურში (სემანტიკურ-სტრუქტურული ანალიზი)“.

21 დეკემბერს, სხვა საკითხებთან ერთად, სესიაზე წარმოდგენილი იყო ხუთი მოხსენება, რომლებიც მომზადდა შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის ფინანსური მხარდაჭერით მიმდინარე პროექტის – „წეს-ჩვეულებათა და რიტუალთა ამსახველი კოლოკაციები კავკასიურ ენებში“ – განხორციელებისას.

Facebook
Twitter
LinkedIn