თსუ-ის ცენტრი „ენა, ლოგიკა, მეტყველება“
2026 წლის 9-13 სექტემბერს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩატარდა საიუბილეო, რიგით მე-20 საერთაშორისო სეზონური სკოლა ლოგიკასა და ენაში, ვენის უნივერსიტეტის პროფესორის, მათიას ბააზის, ხელმძღვანელობით, სადაც ლექციებს ენათმეცნიერების, ლოგიკისა და ლოგიკური პროგრამირების უახლესი მიღწევების შესახებ კითხულობენ მსოფლიოში ცნობილი მეცნიერები. შეიძლება ითქვას, რომ მსგავსი სტაბილურობის და რანგის საერთაშორისო აქტივობები საქართველოში გარკვეულწილად უნიკალურია. ენისა და ლოგიკის ყოველწლიური სეზონური სკოლა ორგანიზებულია ვენის, კურტ გოედელის საზოგადოებისა და თსუ-ის თეორიული და გამოყენებითი ენათმეცნიერების ინსტიტუტთან არსებული ცენტრის „ენა, ლოგიკა, მეტყველება“ მიერ.
ამავე ცენტრის ინიციატივითა და ამსტერდამის უნივერსიტეტის პროფესორის, დიკ დე იონგის, მხარდაჭერით 1995 წლიდან მოყოლებული ორ წელიწადში ერთხელ იმართება საერთაშორისო სიმპოზიუმი ენა, ლოგიკა გამოთვლები. სიმპოზიუმის ფარგლებში სტუდენტ-ახალგაზრდებისთვის ტარდება ტუტორიალები.
ამ ხნის მანძილზე ერთობლივად შემუშავებული სამეცნიერო პროექტები მნიშვნელოვნად ამდიდრებენ საზოგადოდ ქართულ მეცნიერებას, კერძოდ კი, სიმპოზიუმის შესაბამისი პროფილის დარგებს. გარდა ამისა, ჩვენი უნივერსიტეტიდან 30-ზე მეტი სტუდენტი გაიგზავნა ამსტერდამისა და ვენის უნივერსიტეტებში სასწავლებლად, მათგან მრავალი დაბრუნდა და მუშაობას აგრძელებს საქართველოს სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებელში (დ. გაბელაია, მ. რუხაია, ბ. დუნდუა), ნაწილი კი აშშ-ს (გ. ბეჟანიშვილი), ამსტერდამის (ნ. ბეჟანიშვილი), ავსტრიის (თ. კუცია, ნ. ამირიძე, მ. გამსახურდია), ალბანეთის (მ. ბუცხრიკიძე) უნივერსიტეტებში აგრძელებს სამეცნიერო კვლევებს – ისინი წარმატებული, საერთაშორისო დონის მეცნიერები არიან.
ამ მრავალწლიანი უანგარო თანამშრომლობის დაფასების ნიშნად, პროფესორები დიკ დე იონგი და მათიას ბააზი 2015 წელს არჩეულ იქნენ თსუ-ის საპატიო პროფესორებად.
საქმე კი ასე დაიწყო. 1994 წლის გაზაფხულზე ნანი ჭანიშვილი დაუკავშირდა რუსუდან ასათიანს, რომელსაც გააცნო ახალგაზრდა მეცნიერები ჯონათან გინზბურგი (პარიზის უნივერსიტეტი-7) და ენრიკ ვალდუვი (ბარსელონის პომპეო ფაბრას უნივერსიტეტი). რუსუდან ასათიანმა ისინი გ. წერეთლის სახელობის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტში მოიყვანა (ჩვენ მაშინ იქ ვმუშაობდით, ენათა ტიპოლოგიის განყოფილებაში) და გაგვაცნო. ისინი გვესაუბრნენ თავიანთ საქმიანობაზე – ენის, ლოგიკისა და კომპიუტერულ მეცნიერებათა ინტერდისციპლინურ, თანამედროვე მიმდინარეობაზე და შემოგვთავაზეს საზაფხულო სკოლის ორგანიზება. 90-იანი წლების ჩამქრალ, უტრანსპორტო, მშიერ, გაყინულ საქართველოში მსგავსი ღონისძიების ჩატარება წარმოუდგენლად გვეჩვენებოდა, თუმცა დაუღალავი ძალისხმევით შესაძლებელი გახდა ამ ჩანაფიქრის რეალიზაცია – შეიკრიბა ამ მიმართულებით საქართველოში მომუშავე მეცნიერთა და დაინტერესებულ სტუდენტთა ჯგუფი და თსუ-ის თეორიული და გამოყენებითი ენათმეცნიერების ინსტიტუტის ბაზაზე დაფუძნდა ცენტრი „ენა, ლოგიკა, მეტყველება“, სადაც გაერთიანდნენ იმ დროისათვის აღნიშნულ სფეროებში მომუშავე ქართველი მეცნიერები: ლოგიკოსები ლეო ესაკია და ხიმურ რუხაია, ენათმეცნიერები ნანი ჭანიშვილი და რუსუდან ასათიანი, ენის მოდელირების სფეროში მომუშავე გიორგი ჩიკოიძე, ლევან ჩხაიძე და ჯემალ ანთიძე. 1994 წელს წარმატებით გაიმართა პირველი საზაფხულო სკოლა, რომელშიც ჯ. გინზბურგსა და ე. ვალდუვთან ერთად ლექციები წაიკითხა ორმა ახალგაზრდა მეცნიერმა გერმანიიდან და ფილიპინებიდან. ამას მალევე, 1995 წელს, საზღვარგარეთ მომუშავე (ისრაელი) ლოგიკოსის, ზურაბ ხასიდაშვილის აქტიური ჩართულობით, მოჰყვა I სიმპოზიუმი TbiLLC-1995 (გუდაური), რომლის მუშაობაში ჩაერთნენ ენის, ლოგიკისა და კომპიუტერულ მეცნიერებათა მაღალი კლასის მეცნიერები, რამაც განსაზღვრა სიმპოზიუმის პოპულარობა მთელ მსოფლიოში. ასე დამკვიდრდა საერთაშორისო სამეცნიერო სივრცეში „თბილისის სიმპოზიუმი: ენა, ლოგიკა, გამოთვლები“ (TbiLLC – Tbilisi: Language, Logic, Computation):
პირველ სიმპოზიუმს (გუდაური, 1995) მოჰყვა მეორე (თბილისი, 1997), მესამე (ჩაქვი, 1999), მეოთხე (ლიკანი, 2001), მეხუთე (თბილისი, 2003), მეექვსე (ბათუმი, 2005), მეშვიდე (თბილისი, 2007), მერვე (ბაკურიანი, 2009), მეცხრე (ქუთაისი, 2011), მეათე (გუდაური, 2013), მეთერთმეტე (თბილისი, 2015), მეთორმეტე (ლაგოდეხი, 2017), მეცამეტე (ციხისძირი, 2019), მეთოთხმეტე (თელავი, 2023), მეთხუთმეტე (წყალტუბო, 2025). ბოლო სიმპოზიუმის ადგილობრივი საორგანიზაციო კომიტეტის წევრები იყვნენ რუსუდან ასათიანი (თანა-თავმჯდომარე), დათო გაბელაია (თანა-თავმჯდომარე), მარინე ივანიშვილი, ევგენი კუზნეცოვი, რამაზ ლიპარტელიანი, ლიანა ლორთქიფანიძე, მიხეილ რუხაია, ანა ჩუტკერაშვილი, ნინო ჯავაშვილი, მამუკა ჯიბლაძე.
1996 წლიდან ცენტრი არის ენის ტექნოლოგიების ევროპული ქსელის (ELSNET) პროექტის ELSNET GOES EAST (EGE) კოორდინატორი-კვანძი, ხოლო 1998 წლიდან – ELSNET-ის წევრი.
გარდა დასახელებული აქტივობებისა, ცენტრის პროექტის „მრგვალი მაგიდა“ ფარგლებში, 2016 წელს თსუ-ს ეწვივნენ და ლექციების კურსი წაიკითხეს ნოამ ჩომსკისა და რიჩარდ მონტეგიუს მოწაფემ, გამოჩენილმა ამერიკელმა ენათმეცნიერმა ბარბარა პარტიმ და პეტერბურგის უნივერსიტეტის სახელგანთქმულმა პროფესორმა, ნევროლინგვისტმა ტატიანა ჩერნიგოვსკაიამ.

ასევე, ცენტრის ორგანიზებით გაიმართა რამდენიმე საერთაშორისო საზაფხულო სკოლა გენერატიულ გრამატიკაში (EGG-XXIV, ლაგოდეხი), (ISSGG-I და ISSGG-II, თბილისი) და სხვა. აღსანიშნავია, რომ ლაგოდეხში გამართულ საზაფხულო სკოლას ესწრებოდა 102 სტუდენტი მსოფლიოს 75 ქვეყნიდან. საქართველოში მსგავსი მასშტაბის შეკრება ამ მიმართულებით არც მანამდე და არც მერე არ გამართულა. სკოლის ორგანიზატორები იყვნენ ტობიას შეერი (ნიცა, საფრანგეთი) და ჰედე ზაილსტრა (გოტინგენი, გერმანია). მათ სკოლის დახურვის ცერემონიალზე აღნიშნეს, რომ მანამდე ჩატარებულ 23 სკოლასთან შედარებით, ლაგოდეხის სკოლას ბადალი არ ჰყოლია, რომ მას ჰყავდა „ყველა დროის საუკეთესო ადგილობრივი ორგანიზატორები“.
აღსანიშნავია ცენტრის წევრების, როგორც თანაორგანიზატორების, როლი ფრანგი და ამერიკელი კოლეგების მიერ დამკვიდრებული საენათმეცნიერო კონფერენციათა ციკლისა და ვორკშოპების – Georgian and the South Caucasian (Kartvelian) languages: The South Caucasian Chalk Circle (SCCC) (2016 პარიზი, 2018 თბილისი, 2023 თბილისი, 2025 პარიზი) – წამოწყებასა და მუშაობაში.
TbiLLC სიმპოზიუმის მასალები რეგულარულად იბეჭდება ისეთი მაღალი რანგის გამომცემლობაში, როგორიც არის Springer-ი. საერთაშორისო სარედაქციო კომიტეტის ჩართულობით, 2007 წლიდან გამოიცემა ორენოვანი ჟურნალი “ენა, ლოგიკა, კომპიუტერიზაცია”, სადაც იბეჭდება ქართველ მეცნიერთა მნიშვნელოვანი ნაშრომები ინგლისურად და უცხოეთში გამოცემული უახლესი კვლევების თარგმანები ქართულად. შედეგად მდიდრდება ქართულ ენაზე აღნიშნულ მეცნიერებათა მეტაენა, ზუსტდება ტერმინოლოგია. ჟურნალი ქართულ და დასავლურ ენათმეცნიერულ სივრცეში ასრულებს შუამავლის როლს და განსაკუთრებით ღირებულია მაგისტრატურის სტუდენტებისათვის უახლესი ლიტერატურის მიწოდების თვალსაზრისით.
ეს ყველაფერი მიუთითებს იმაზე, რომ გიორგი ახვლედიანის მიერ დაარსებული კათედრის მემკვიდრე თსუ-ის თეორიული და გამოყენებითი ენათმეცნიერების ინსტიტუტი წარმატებით აგრძელებს ქართული საენათმეცნიერო სკოლის დიდ ტრადიციებს. ჩვენი ინსტიტუტის ხელმძღვანელმა, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდენტმა აკად. თამაზ გამყრელიძემ და მის ირგვლივ შემოკრებილმა გამოჩენილმა ქართველმა ენათმეცნიერებმა ისეთი მაღალი თამასა დაუწესეს მომდევნო თაობებს, რომ ჩვენ და ჩვენს მოწაფეებს არ გვაქვს უფლება, არ გავაგრძელოთ მათი დაწყებული საქმე და მხარი არ ავუბათ ენის მეცნიერული კვლევის თანამედროვე ეტაპზე არსებულ აქტუალურ გამოწვევებს.
ცენტრის „ენა, ლოგიკა, მეტყველება“ წევრები,
თსუ-ის თეორიული და გამოყენებითი ენათმეცნიერების ინსტიტუტის
ასოც. პროფესორები რუსუდან ასათიანი (ცენტრის ხელმძღვანელი), მარინე ივანიშვილი,
ასისტენტ-პროფესორი ანა ჩუტკერაშვილი
