გამომცემლობა Routledge-მა ემილ ავდალიანის წიგნი გამოსცა
2023 წლის აპრილში, დიდ ბრიტანეთში, გამომცემლობა Routledge-ის მიერ აბრეშუმის სავაჭრო გზების და მახლობელი აღმოსავლეთის მკვლევრის, თსუ-ს მოწვეული ლექტორის ემილ ავდალიანის მორიგი წიგნი „China, Russia and New Eurasian Order” („ჩინეთი, რუსეთი და ახალი ევრაზიული მოწყობა“) გამოიცა.
წიგნში მიმოხილულია რუსეთისა და ჩინეთის ხედვა მსოფლიოს გეოპოლიტიკურ მოწყობასთან დაკავშირებით. მასში გამოყენებულია ე. წ. „იერარქიული წესრიგის“ იდეა. ნაშრომში გადმოცემულია განსხვავებული ხედვები აშშ-სა და ჩინეთს შორის მზარდი კონკურენციისა და ჩინეთზე რუსეთის გაზრდილი დამოკიდებულების შესახებ.
წიგნის იდეა 2022 წელს უკრაინაში მეორე ომის დაწყების შემდეგ დაიბადა, როდესაც ნათელი გახდა, რომ ახალი მსოფლიო წესრიგისთვის ბრძოლა უფრო გამძაფრებულ ფაზაში გადაიზარდა. წიგნზე მუშაობისას ავტორმა ყურადღება გაამახვილა სამხრეთ კავკასიაზე, კერძოდ, იმაზე, თუ რა გავლენას მოახდენს მსოფლიოში მიმდინარე პროცესები საქართველოზე და მის სამეზობლოზე.
ნაშრომში ავტორი დეტალურად აღწერს ჩინეთის სამხედრო და ეკონომიკურ აღზევებას, მის ურთიერთობებს და შორს მიმავალ გეგმებს რუსეთთან მიმართებაში. კერძოდ, ემილ ავდალიანი მსჯელობს იმაზე, რომ ჩინეთი, პირველ რიგში, თავისი ეროვნული ინტერესებით ხელმძღვანელობს. მას, გარკვეულწილად, ხელს აძლევს ის, რომ ამერიკის შეერთებული შტატები დაკავებულია უკრაინაში მიმდინარე ომით და სრულ ყურადღებას ვერ ამახვილებს ინდოეთ-წყნარი ოკეანის აუზზე, სადაც ჩინეთი აქტიურად ცდილობს ახალი გეოპოლიტიკური წესრიგის აგებას.
ავტორის აზრით, ჩინეთისთვის რუსეთი მნიშვნელოვანი პარტნიორია და ის ყოველთვის შეეცდება, მხარი დაუჭიროს მოსკოვს იმდენად, რამდენადაც ეს არ შეეწინააღმდეგება უშუალოდ ჩინეთის ეკონომიკურ და პოლიტიკურ ინტერესებს.
„მოლოდინი, რომ ურთიერთობები ორ ქვეყანას შორის დაიძაბება, იქნება ეს ცენტრალური აზიის თუ უკრაინაში რუსეთის მიერ წარმოებული ომის გამო, ავტორის აზრით, დიდწილად მცდარია. სანამ ამ ორ ევრაზიულ მოთამაშეს საერთო მოწინააღმდეგე ეყოლება, მათ შორის არსებული ფარული წინააღმდეგობები ყოველთვის გადაიფარება საერთო გეოპოლიტიკური მიზნით – წინააღმდეგობა გაუწიონ აშშ-ს და, ზოგადად, კოლექტიური დასავლეთის სწრაფვას – შეინარჩუნონ ლიბერალური მსოფლიო წესრიგი“, – ამბობს ემილ ავდალიანი.
წიგნი საინტერესოა როგორც საერთაშორისო ურთიერთობებზე, კერძოდ, რუსეთსა და ჩინეთზე მომუშავე მკვლევრებისთვის, ასევე მათთვის, ვინც შეისწავლის სამხრეთ კავკასიას, როგორც რეგიონს, რომელზეც ახალი მსოფლიო წესრიგი დიდ გავლენას ახდენს. აღნიშნული ნაშრომი მნიშვნელოვანია მსოფლიოსთან საქართველოს სამეცნიერო კავშირების გასამტკიცებლადაც, რადგან Routledge-ი უზრუნველყოფს ნაშრომების მსოფლიო სამეცნიერო ბაზებსა და ბიბლიოთეკებში განთავსებას, რაც მნიშვნელოვნად ზრდის მათზე ხელმისაწვდომობას.
წიგნის გაცნობა შეგიძლიათ მისამართზე:
ინფორმაციისთვის: ემილ ავდალიანი მუშაობს აბრეშუმის სავაჭრო გზების ისტორიაზე და პარალელურად აქტიურად აქვეყნებს ნაშრომებს საერთაშორისო ურთიერთობებზე როგორც ადგილობრივ, ასევე უცხოურ გამომცემლობებში. Routledge-ის მიერ გამოქვეყნებულ წიგნამდე ემილ ავდალიანს ასევე უთანამშრომლია Palgrave Macmillan-თან, კიდევ ერთ ცნობილ ბრიტანულ გამომცემლობასთან, სადაც მისი ერთ-ერთი წიგნი “New World Order and Small Regions. The Case of South Caucasus” (https://link.springer.com/book/10.1007/978-981-19-4037-8) დაიბეჭდა.
ემილ ავდალიანი არის ევროპის უნივერსიტეტის პროფესორი და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი, ასევე აქტიურად თანამშრომლობს თსუ-ს საქართველოს ისტორიის ინსტიტუტთან. ის ამჟამად მუშაობს კავკასიაში აბრეშუმის სავაჭრო გზების ისტორიაზე, რომელიც VI-XVIII საუკუნეებს მოიცავს და იგეგმება – ნაშრომი გამოიცეს Brill-ის გამომცემლობის მიერ.