ელიზა მარქარაშვილის წიგნების პრეზენტაცია თსუ-ში

თარიღი: 2025-12-27 17:18:02

17 დეკემბერს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ კორპუსში  ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის ქიმიის მიმართულების მაკრომოლეკულების ქიმიის სასწავლო-სამეცნიერო ლაბორატორიის გამგის, საბავშვო უნივერსიტეტის ქიმიის კოორდინატორის, ქიმიის დოქტორის, ელიზა მარქარაშვილის  წიგნების პრეზენტაცია გაიმართა. „მოგზაურობა ქიმიის ზღაპრულ სამყაროში“ და „გასაფერადებელი – სახალისო ქიმიურ ექსპერიმენტებზე“ – ასე ჰქვია ელიზა მარქარაშვილის ორ ახალ წიგნს, რომლებიც დაწყებითი კლასების მოსწავლეებისთვის არის განკუთვნილი და მეცნიერების პოპულარიზაციას ემსახურება.

ღონისძიება თსუ-ს აკადემიურ სივრცეში ჩატარდა და მას სპეციალურად მოწვეული პროფესორები, ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის დოქტორები და პედაგოგები დაესწრნენ.

შეხვედრის მიზანი იყო არა მხოლოდ ახალი საგანმანათლებლო რესურსის წარდგენა, არამედ იმ მნიშვნელობის წარმოჩენა, რომელიც მეცნიერების ადრეულ ასაკში გაცნობას, ბავშვებისათვის ადრეულ ასაკში კრიტიკული აზროვნებისა და შემეცნებითი უნარების განვითარებას ისახავს მიზნად. „ბავშვებთან მუშაობამ მომცა იმის სტიმული, რომ მათ ენაზე უფრო ღრმად გადმომეცა ის ქიმიური მოვლენები და რეაქცირები, რომლებიც ჩვენ გარშემო ხდება. ბავშვისთვის ქიმია უნდა იყოს საინტერესო და მათი ინტერესის მარცვალი უნდა ჩაიდოს ადრეული ასაკიდან, ანუ საბავშვო ბაღიდან“, – აღნიშნა ელიზა მარქარაშვილმა.

დამსწრეთ მიესალმნენ თსუ-ს ვიცერექტორი ნინო გვენეტაძე და თსუ-ს ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი პეტრე ბაბილუა. მათი შეფასებით, დაწყებით საფეხურზე სწორად შერჩეული და ხარისხიანი სასწავლო მასალა ხელს უწყობს ბავშვებში მეცნიერებისადმი ინტერესის გაღვივებას და მომავალში ეს მათ პროფესიულ არჩევანზეც მნიშვნელოვან გავლენას მოახდენს.  „ერთია, ემსახურებოდე პედაგოგიურ-სამეცნიერო საქმიანობას და მეორეა, როდესაც ცდილობ, ადამიანებს ბავშვობიდან შეაყვარო ქიმია, რასაც ქალბატონი ელიზა დიდი ენთუზიაზმით აკეთებს“, – ამბობს ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი პეტრე ბაბილუა.

ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდნენ მოწვეული პროფესორები, რომლებმაც ხაზი გაუსვეს მსგავსი ინიციატივის მნიშვნელობას თანამედროვე საგანმანათლებლო სივრცეში. თსუ-ს ბიბლიოთეკის ხელმძღვანელის მოადგილემ ხათუნა ჩუგოშვილმა კი აღნიშნა, რომ მზადაა მომავალი სამეცნიერო-აკადემიური თანამშრომლობისთვის. მან ჯერ კიდევ გაზეთ „თბილისის უნივერსიტეტში“ ამოიკითხა ელიზა მარქარაშვილის სიტყვები, რომ „ქიმიის გარეშე წარმოუდგენელია ცხოვრება, ყველაფერი ქიმიაა. ჩვენს ორგანიზმშიც ქიმიური პროცესები მიმდინარეობს, რომელსაც ფერმენტები წარმართავენ. სწორედ ასეთ საკითხებში ვაცნობიერებ მოსწავლეებს და ვცდილობ, შევაყვარო ქიმია“, – ამბობს ის.

დამთვალიერებელს ადგილზე შეეძლო შეეძინა ელიზა მარქარაშვილის ახალი და ძველი წიგნები. ღონისძიებას მუსიკალურად აფორმებდნენ თსუ-ს ქიმიის მიმართულების კურსდამთავრებულები, საბავშვო ბაღის აღსაზრდელები. წიგნის პრეზენტაციისას მსმენელს 3 ლექსი წარუდგინა თავად ელიზა მარქარაშვილმაც.

სამომავლო გეგმებზე საუბრისას ქალბატონმა ელიზამ აღნიშნა, რომ ბავშვთა ადრეულ ასაკში ქიმიის საგნის „პოპულარიზაციის გრანტის ფარგლებში“ საქართველოს თითქმის ყველა კუთხეში დადის და რომ მომავალი წლის მაისში აპირებს მოაწყოს დიდი პრეზენტაცია ბათუმსა და თბილისში.

არმაზ შავიძე

 კესო ნონიაშვილი

თსუ-ს ჟურნალისტიკის და მასობრივი კომუნიკაციის მიმართულების სტუდენტები

Facebook
Twitter
LinkedIn