ქიმია, როგორც ცოცხალი მეცნიერება – ელიზა მარქარაშვილის საგანმანათლებლო მისია ბათუმში
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტმა 5 ივნისს მეცნიერებითა და შემეცნებითი აქტივობებით დატვირთულ ღონისძიებას უმასპინძლა. „ვინ და რატომ უნდა ისწავლოს ქიმია? – მეცნიერება ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში“ – ამ პროექტის ფარგლებში ბათუმს ეწვია ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის მაკრომოლეკულების ქიმიის სასწავლო-სამეცნიერო ლაბორატორიის გამგე, თსუ-ს საბავშვო უნივერსიტეტის ქიმიის კოორდინატორი, რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გრანტის SPG-25-652-ის კოორდინატორი, ქიმიის დოქტორი ელიზა მარქარაშვილი.
ღონისძიების ინიციატორი და განმახორციელებელი იყო ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის აგრარული და მემბრანული ტექნოლოგიების ინსტიტუტი. პროექტის ორგანიზებაში აქტიურად მონაწილეობდნენ აგრარული და მემბრანული ტექნოლოგიების ინსტიტუტის დირექტორი ნინო მხეიძე და ამავე ინსტიტუტის მთავარი მეცნიერ-თანამშრომლები: ნარგიზ მეგრელიძე და ნინო კიკნაძე. პროექტის ფარგლებში ღონისძიება ჩატარდა ასევე ფერიის წმინდა მატათა მოციქულის სასულიერო გიმნაზიაში.
ინოვაციური საგანმანათლებლო ინიციატივის მთავარი მიზანი სკოლის მოსწავლეებში ქიმიისადმი ინტერესის გაღვივება, საბუნებისმეტყველო მეცნიერებების პოპულარიზაცია და პრაქტიკული უნარ-ჩვევების განვითარება იყო. ორგანიზატორების განცხადებით, პროექტი ემსახურება იმ იდეის დამკვიდრებას, რომ ქიმია მხოლოდ ფორმულებისა და რთული გამოთვლების ერთობლიობა არ არის – ის მეცნიერებაა, რომელიც ადამიანის ჯანმრთელობას, გარემოს დაცვას, ტექნოლოგიურ პროგრესსა და ქვეყნის მდგრად განვითარებას ემსახურება.
ღონისძიება უნივერსიტეტის წარმომადგენელთა მისალმებითა და გახსნის ცერემონიით დაიწყო. დამსწრეებს პროექტის მიზნები გააცნო აგრარული და მემბრანული ტექნოლოგიების ინსტიტუტის მთავარმა მეცნიერ-თანამშრომელმა ნარგიზ მეგრელიძემ, რომელმაც მინი-ლექცია წაიკითხა თემაზე: „ქიმიის მნიშვნელობა გარემოსა და მეცნიერებაში“. მონაწილეებმა ასევე იხილეს მოკლე საგანმანათლებლო ვიდეო „ქიმია ჩვენს ცხოვრებაში“.
ღონისძიების ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი ნაწილი ელიზა მარქარაშვილის მიერ წარმოდგენილი ქიმიური შოუ აღმოჩნდა. სახალისო და ამავე დროს შემეცნებითი ექსპერიმენტების საშუალებით, მოსწავლეებმა მეცნიერების პრაქტიკული მხარე აღმოაჩინეს. განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია „ვულკანის ამოფრქვევის“ დემონსტრაციამ, უალკოჰოლო სასმელების მომზადების პროცესმა, ყვავილების შეფერადების ექსპერიმენტმა და რძეზე ხატვის ტექნიკამ. ღონისძიებას კიდევ უფრო საინტერესოს ხდიდა ქიმიური გამოცანები და კროსვორდები, რომლებშიც ახალგაზრდები დიდი ენთუზიაზმით ჩაერთნენ.
პრაქტიკული ლაბორატორიის ნაწილს უძღვებოდა აგრარული და მემბრანული ტექნოლოგიების ინსტიტუტის მთავარი მეცნიერ-თანამშრომელი, ასოცირებული პროფესორი ნინო კიკნაძე. მოსწავლეებსა და სტუდენტებს შესაძლებლობა მიეცათ – თავად შეესრულებინათ სხვადასხვა ლაბორატორიული დავალება. მათ განსაზღვრეს pH-ის მაჩვენებლები ინდიკატორებისა და საველე pH-მეტრის გამოყენებით, ჩაატარეს მარტივი ტიტრაცია, შეაფასეს წყლის ორგანოლეპტიკური მახასიათებლები და დაეუფლნენ პორტატული ხელსაწყოებით საველე გაზომვების ჩატარების საფუძვლებს.
ღონისძიების დასკვნითი ნაწილი შემოქმედებით აქტივობებს დაეთმო. მოეწყო პლაკატების გამოფენა თემაზე „ქიმია ჩემს გარშემო“, გაიმართა მოსწავლეთა მინი-პრეზენტაციები და ხუთწუთიანი გამოსვლები სხვადასხვა სამეცნიერო საკითხზე. განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია ინტელექტუალურმა ვიქტორინამ — „შეუძლია თუ არა მეცნიერებას ქვეყნის განვითარების შეცვლა?“, რომელმაც ახალგაზრდებს მეცნიერების როლისა და მნიშვნელობის შესახებ დისკუსიის შესაძლებლობა მისცა.
პროექტში მონაწილეობდნენ როგორც საჯარო და კერძო სკოლების V-XI კლასების მოსწავლეები, ისე ქიმიით დაინტერესებული სტუდენტები, პედაგოგები და მეცნიერები. ღონისძიების საპატიო სტუმარი იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიოორგანული ქიმიის კათედრის გამგე, აკადემიკოსი რამაზ გახოკიძე, რომლის მონაწილეობამ შეხვედრას განსაკუთრებული აკადემიური მნიშვნელობა შესძინა.

ღონისძიების ფარგლებში ელიზა მარქარაშვილსა და აკადემიკოს რამაზ გახოკიძეს შეხვდა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი ტიტე აროშიძე. შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს სამეცნიერო თანამშრომლობის გაღრმავების, ახალგაზრდებში საბუნებისმეტყველო მეცნიერებების პოპულარიზაციისა და ერთობლივი საგანმანათლებლო პროექტების განვითარების პერსპექტივებზე. ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში მეცნიერების პოპულარიზაციის საქმეში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის ელიზა მარქარაშვილსა და რამაზ გახოკიძეს რექტორის ხელმოწერით მადლობის სიგელები გადაეცათ.
მონაწილეთა შეფასებით, მსგავსი ინიციატივები მნიშვნელოვან როლს ასრულებს მეცნიერების პოპულარიზაციის კულტურის განვითარებაში, რეგიონებში ახალგაზრდების სამეცნიერო სივრცეში ჩართვასა და მომავალი მკვლევრების მოტივაციის ამაღლებაში. ბათუმში გამართული ღონისძიება კიდევ ერთხელ გახდა იმის ნათელი დადასტურება, რომ ქიმია ნამდვილად „ცოცხალი მეცნიერებაა“, მეცნიერება, რომელიც ყოველდღიურად ცვლის ჩვენს ცხოვრებას და უკეთესი მომავლის შექმნას ემსახურება.
