ელიზა მარქარაშვილის წიგნები პატარებისთვის ქიმიის სამყაროში სამოგზაუროდ
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობამ ცოტა ხნის წინ გამოსცა თსუ-ს ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის მაკრომოლეკულების ქიმიის სასწავლო-სამეცნიერო ლაბორატორიის გამგის, ქიმიის დოქტორ ელიზა მარქარაშვილის 3 წიგნი, რომელიც ქიმიის, როგორც მეცნიერების, პოპულარიზაციისთვისაა განკუთვნილი.
ელიზა მარქარაშვილის წიგნები ძირითადად დაწყებითი კლასების მოსწავლეებისთვისაა და პატარებს ქიმიის სამყაროში ამოგზაურებს. მასში ზღაპრების სახითაა გადმოცემული ქიმიასთან დაკავშირებული მარტივი მოვლენები და ფაქტები, რომელიც ყოველდღიურობაში გვხვდება. პატარებს შეუძლიათ ზღაპრებში ამოიკითხონ – რატომაა ფუტკარი ქიმიკოსი, რომელი ქსოვილებია მკურნალი, როგორ მზადდება შოკოლადი და სხვა სახალისო ისტორიები. ზღაპრებს ახლავს გასაფერადებელი რვეული, რომელშიც ქიმიური ხსნარების სახელწოდებები და რეაქციები ზედმიწევნითაა გადმოცემული. გასაფერადებელში გამოყენებული ნახატების ნაწილი შესრულებულია თეკლა და გიორგი გვარამაძეების მიერ.

ქალბატონი ელიზა 16 წიგნის ავტორია, რომლებშიც ის პოპულარული ენით ესაუბრება მკითხველს და ყოფა-ცხოვრებაში ქიმიის, როგორც მეცნიერების, ადგილზე მიუთითებს. ამჯერად ის სახალისო ქიმიას გვთავაზობს ბავშვებისთვის და ამბობს, რომ ეს იდეა გაუჩნდა ჯერ კიდევ მაშინ, როცა სხვადასხვა პროექტის ფარგლებში სკოლის მოსწავლეებთან აწყობდა შეხვედრებს და მათ ქიმიის საყოფაცხოვრებო დონეზე ცოდნის მნიშვნელობაზე ესაუბრებოდა.
გამოცემული წიგნებიდან ყურადღებას იმსახურებს ლექსების კრებული, რომელშიც ელიზა მარქარაშვილი ქიმიური ნივთიერებების პოეზიის ენაზე ამეტყველებას ცდილობს.
ჩვენი გაზეთის მკითხველმა იცის, რომ ქალბატონი ელიზა მარქარაშვილი წლების განმავლობაში იყო ჩართული „საბავშვო უნივერსიტეტის“ მუშაობაში, როგორც ქიმიის კოორდინატორი და სწორედ ეს გახდა შთაგონების წყარო – მეტად დაეინტერესებინა ისინი ქიმიის, როგორც მეცნიერების, მნიშვნელობით. „ბავშვებთან ურთიერთობამ საკუთარ თავში კიდევ ახალი მისწრაფება აღმომაჩენინა – მოსწავლეების მეცნიერებით დაინტერესება. მათთან ძალიან საინტერესოა სალექციო კურსის და სახალისო ექსპერიმენტების ჩატარება. ამ საქმეს ხალისით ვაკეთებ, რადგან ქიმიის გარეშე წარმოუდგენელია ცხოვრება. ყველაფერი ქიმიაა. ჩვენს ორგანიზმშიც ქიმიური პროცესი მიმდინარეობს, რომელსაც ფერმენტები წარმართავენ. სწორედ ასეთ საკითხებში ვაცნობიერებ მოსწავლეებს და ვცდილობ შევაყვარო ქიმია“, – ამბობს იგი.
