ახალი კრებული – ქართული თურქოლოგიური კვლევები II  

თარიღი: 2025-07-18 17:57:00

„ქართული თურქოლოგიური კვლევები II“  – ამ სახელწოდებით გამოიცა  აკადემიური შრომების სამენოვანი კრებული, რომლის პრეზენტაცია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში  გაიმართა.

როგორც ღონისძიებაზე აღინიშნა, სამენოვანი კრებულის გამოცემის მიზანი, ერთი მხრივ, თანამედროვე თურქოლოგიური კვლევების სხვადასხვა საკითხის სამეცნიერო დონეზე განხილვა და ქართული თურქოლოგიის პოპულარიზაცია იყო,  ხოლო მეორე მხრივ, ქართველი მკითხველისათვის დღემდე უცნობი თურქი ავტორებისა და ნაწარმოებების გაცნობას ემსახურებოდა. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ კრებული საშუალებას აძლევს დარგის ახალგაზრდა მკვლევრებს – წარმოაჩინონ თავიანთი სამეცნიერო პოტენციალი და ჩაერთონ სამეცნიერო საქმიანობაში.

კრებულის რედაქტორები არიან თსუ-ს თურქული ენის მიმართულების საბაკალავრო პროგრამის ხელმძღვანელი, ასოცირებული პროფესორი, ფილოლოგიის დოქტორი ელისაბედ ბჟალავა და თურქეთის რესპუბლიკის განათლების სამინისტროს პედაგოგი, ასოცირებული პროფესორი სალიჰ უჩაქი.

ელისაბედ ბჟალავას ინფორმაციით, კრებულში თავმოყრილია ცამეტი ქართველი და უცხოელი ავტორის ნაშრომი. აღიშნულ კრებულში, პირველი კრებულისაგან განსხვავებით, შევიდა სამეცნიერო თარგმანები ისეთი ღვაწლმოსილი თურქოლოგებისა, როგორებიც არიან ლია ჩლაიძე, ნოდარ ჯანაშია, ირინე გოცრიძე. „ნიშანდობლივია, რომ თარგმანები შესრულებულია  თსუ-ს თურქოლოგიის კათედრის მაგისტრანტებისა და დოქტორანტების მიერ, რაც ერთდროულად ემსახურება ორ მიზანს: სტუდენტები გაიწაფონ სამეცნიერო თარგმანებში და უფრო მატად ვაზიაროთ იმ ჯადოსნურ სამყაროს, რასაც მეცნიერება ჰქვია“,  – ამბობს ელისაბედ ბჟალავა.

Facebook
Twitter
LinkedIn