ქართული თურქოლოგიური კვლევები I

თარიღი: 2024-01-23 18:08:32

2023 წლის 25 დეკემბერს, თურქეთში, გამომცემლობა Fenomen&RumeliYA მიერ გამოიცა სამენოვანი ელექტრონული კრებული „ქართული თურქოლოგიური კვლევები I”.  კრებულის  მიზანია ფართო საზოგადოებას გააცნოს თითქმის ასწლოვანი   ისტორიის მქონე ქართული თურქოლოგია   და თურქოლოგები, რომელთაც დიდი წვლილი მიუძღვით ქართულ-თურქული კულტურული  თუ საგანმანათლებლო ურთიერთობების განვითარებაში.

თურქეთისთვის საქართველო მხოლოდ მეზობელს არ წარმოადგენს, ეს არის ქვეყანა, რომელთანაც მას აკავშირებს ხანგრძლივი ისტორიული, დიპლომატიური, ეკონომიკური და კულტურული ურთიერთობები. სწორედ ამ ისტორიულმა ურთიერთობებმა განაპირობა საქართველოში თურქოლოგიის, როგორც დარგის, ჩამოყალიბება და განვითარება. დარგში მოღვაწე ცნობილი მეცნიერების და მკვლევრების ნაშრომების დამსახურებაა, რომ ეს ურთიერთობები დღითიდღე ღრმავდება და ვითარდება.

კრებულის რედაქტორი გახლავთ თსუ-ს აღმოსავლეთმცოდნეობის სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტის ასოცირებული პროფესორი, ფილოლოგიის დოქტორი ელისაბედ ბჟალავა და ფილოლოგიის დოქტორი, ასოცირებული პროფესორი სალიჰ უჩაქი.

„ქართული თურქოლოგიური კვლევები I“ სამენოვანია (ქართული, თურქული, ინგლისური)  და ოთხი ნაწილისგან შედგება.  პირველ ნაწილში თავმოყრილია ფილოლოგიის დარგის სხვადასხვა თემატიკის სტატიები, მეორე ნაწილში მოცემულია ნაშრომები ისტორიის შესახებ,  ხოლო მესამე ნაწილში წარმოდგენილი კვლევები  უკავშირდება საერთაშორისო ურთიერთობების საკითხებს. ბოლო ნაწილი დაეთმო თარგმანებს. კრებულში თავმოყრილია 14 ქართველი და უცხოელი ავტორის ნაშრომი. სტატიის ენის შერჩევაში ავტორებს მიენიჭათ აკადემიური თავისუფლება.  თითოეულ სტატიას დართული აქვს დანარჩენ ორ ენაზე მოკლე შინაარსი (აბსტრაქტი) და საკვანძო სიტყვები, რაც პრაქტიკული გამოსაყენებელი იქნება თემით დაინტერესებული მკითხველისთვის. ერთდროულად თანამედროვე სტანდარტებისა და მკითხველის მოთხოვნების დაკმაყოფილებას ემსახურება კრებულის ელექტრონული ფორმატი, რაც გულისხმობს  ფართო აუდიტორიის მოცვას და ადვილად ხელმისაწვდომობას.

https://www.rumeliya.com/lang-tr/icerik/e-kitaplar.html
Facebook
Twitter
LinkedIn