ელგუჯა ხინთიბიძის ხელმძღვანელობით განხორციელებული პროექტი და სიახლეები
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია ,,ქართული „ბალავარიანი“ და ბერძნული ,,ვარლაამისა და იოასაფის ისტორია“. ეს ორწლიანი პროექტი, რომლის ხელმძღვანელი იყო აკადემიკოსი, თსუ-ს პროფესორი ელგუჯა ხინთიბიძე, შოთა რუსთაველის სახელობის ეროვნული სამეცნიერო ფონდის დაფინანსებით განხორციელდა. მასთან ერთად კვლევაში მონაწილეობდნენ: ნეაპოლის აღმოსავლეთმცოდნეობის უნივერსიტეტის პროფესორი გაგა შურღაია, თსუ-ს პროფესორები -ირმა მაკარაძე და ქეთევან აბესაძე; თსუ-ს დოქტორანტები: თამარ მელიქიძე, ცირა ვარდოსანიძე და კოტე ლომიძე.
აღსანიშნავია, რომ ამ მნიშვნელოვან პროექტზე მუშაობა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პარალელურად მიმდინარეობდა ნეაპოლის აღმოსავლეთმცოდნეობის უნივერსიტეტის ბაზაზე. გრანტის ფარგლებში განხორციელდა მივლინება ვენეციისა და ნეაპოლის ნაციონალურ ბიბლიოთეკებში. პერიოდულად კვლევითი სამუშაოები მიმდინარეობდა საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში.
სამეცნიერო კონფერენციაზე დოქტორანტმა კოტე ლომიძემ დამსწრე საზოგადოებას პროექტის მუშაობის ანგარიში წარუდგინა. მისი ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში დამუშავდა პრობლემასთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი საკითხები. მუშაობა მიმდინარეობდა ქართული „ბალავარიანისა“ და ბერძული „ვარლაამისა და იოასაფის ისტორიის“ ხელნაწერებსა და მათში გამოვლენილი რედაქციების ურთიერთმიმართებაზე. „ვარლაამისა და იოასაფის“ ბერძნულ ხელნაწერებში გამოვლენილი მოკლე და ვრცელი ვერსიის შეპირისპირებისა და ქართული „ბალავარიანის“ მოკლე და ვრცელ რედაქციებთან შედარების შედეგად შეიქმნა ელექტრონული მონოგრაფია, რომელშიც შესულია პროექტის ყველა მონაწილის გამოკვლევა. მომზადდა და განხორციელდა ქართული ვრცელი რედაქციის და ბერძნული, თავდაპირველ ვერსიად მიჩნეული ვენეციის წმინდა მარკოზის ბიბლიოთეკის ხელნაწერების სრული ტექსტების პარალელური და, ასევე, ქართული „ბალავარიანისა“ და ბერძნული ვარლაამისა და იოასაფის მსგავსი პასაჟების პარალელური ციფრული გამოცემები. პროექტის ფარგლებში გამოვლინდა ძალზე მნიშვნელოვანი სიახლეები ბერძნული „ვარლაამ და იოასაფის ისტორიის“ შექმნაში ქართველ მწიგნობართა მოღვაწეობის მნიშვნელობაზე.
პროფესორ ელგუჯა ხინთიბიძის თქმით, ამ მნიშვნელოვანი და დიდი მასშტაბის თემის საკვლევად ორი წელი დიდი დრო არ იყო, მაგრამ, მიუხედავად ამისა, გუნდმა შეძლო მნიშვნელოვანი კვლევის ჩატარება. „ეს არის დიდ თემაზე შედარებით მცირე, ორწლიანი პროექტი, ამ ნაწარმოებს სპეციალისტები სამართლიანად უწოდებენ რომანსაც… საკითხი ძალიან მასშტაბურია, მაგრამ დღეს ამაყად შეგვიძლია ვთქვათ, რომ შედეგები საკმაოდ შთამბეჭდავია“, – აღნიშნა ელგუჯა ხინთიბიძემ.
კონფერენციას დაესწრო თსუ-ს რექტორი, აკადემიკოსი ჯაბა სამუშია, რომელმაც პროექტის მნიშვნელობაზე ვრცლად ისაუბრა: „ეს თემა ძალიან საინტერესოა იმ თვალსაზრისით, რომ ამ ნაწარმოების წარმოშობის საკითხზე მსჯელობა ჯერ კიდევ მეცხრამეტე საუკუნიდან მომდინარეობს. უნდა ითქვას, საკითხის კვლევაში ქართულმა ქართველოლოგიურმა სკოლამ მართლაც თავისი გამორჩეული წვლილი შეიტანა, განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს ამ მიმართულებით ელგუჯა ხინთიბიძის დამსახურება, რომელიც დიდი ხანია მუშაობს ამ მიმართულებით. კონფერენციაზე წარმოდგენილი მოხსენებები ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანია, მათ შორის, უცხოელი მეცნიერების კვლევები, რომლებიც გამოირჩევა ქართული მასალის სიღრმისეული ცოდნით. შეგვიძლია ვთქვათ, რომ ქართულმა სამეცნიერო სკოლამ მსოფლიო ბიზანტინისტებთან ერთად ერთ-ერთი უნიშვნელოვანესი პრობლება ფაქტობრივად გადაწყვიტა“, -განაცხადა ჯაბა სამუშიამ.
კონფერენციაზე თავიანთი მოხსენებები წარმოადგინეს თსუ-ს პროფესორმა ელგუჯა ხინთიბიძემ, სტრასბურგის უნივერსიტეტის პროფესორმა გიიომ დიუკერმა, ნეაპოლის აღმოსავლეთმცოდნეობის უნივერსიტეტის პროფესორმა გაგა შურღაიამ, რომის ხელოვნების უნივერსიტეტის პროფესორმა სერჯო ბასომ, ლუნდის უნივერსიტეტის პროფესორმა კრისტიან ჰეგელმა, ჟურნალ „სკრინიუმის“ მთავარმა რედაქტორმა ბასილი ლურიემ, ვენის უნივერსიტეტის პროფესორმა იოანის გროსმანმა, თსუ-ს პროფესორებმა: ლელა ხაჩიძემ, ნესტან სულავამ, ქეთი აბესაძემ, ია გრიგალაშვილმა და ირმა მაკარაძემ; თბილისის ტექნიკური უნივერიტეტის პროფესორმა ირაკლი შეყრილაძემ და თსუ-ს დოქტორანტმა კოტე ლომიძემ.