ახალი წიგნი, რომელშიც „შუა დერეფნის“ მეგაპროექტში მონაწილეობის სხვადასხვა ასპექტზეცაა რეკომენდაციები ასახული
ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორის, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის პროფესორის, ელგუჯა მექვაბიშვილის ახალი წიგნი – ,,თეორიული ეკონომიკის ახალი პარადიგმის ძიებანი (ნარკვევები)“ საქართველოს ეკონომიკაში მიმდინარე პროცესებით დაინტერესებული ნებისმიერი მკითხველისთვის საუკეთესო შენაძენია. წიგნი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობამ გამოსცა. მისი რედაქტორია აკადემიკოსი ვლადიმერ (ლადო) პაპავა.
წიგნი აერთიანებს და ერთ სისტემაში აქცევს მისი ავტორის მიერ ბოლო თხუთმეტი წლის განმავლობაში ჩატარებულ სამეცნიერო კვლევას. იგი ოთხი განყოფილებისგან შედგება და მასში გადმოცემულია საქართველოს ეკონომიკის პერსპექტიული განვითარების ავტორისეული ხედვა, რაც ამ წიგნს, თეორიულთან ერთად, პრაქტიკულ ფასეულობასაც ანიჭებს.

წიგნში გაანალიზებულ სხვა აქტუალურ საკითხებზე თავად წიგნის ავტორი, პროფესორი ელგუჯა მექვაბიშვილი გვესაუბრება:
- წიგნის პირველი განყოფილება ეძღვნება პარადიგმის როლის განსაზღვრას ეკონომიკური მეცნიერების განვითარებაში. რა არის ეკონომიკური პარადიგმა და რატომ არის ის ასეთი მნიშვნელოვანი ეკონომიკური მეცნიერების განვითარებისათვის?
- ეკონომიკური მეცნიერების თეორიული სკოლა თავდაპირველად არსებობს მოცემულ სინამდვილესთან შესატყვისი პარადიგმის ჩარჩოში, თუმცა, დროთა განმავლობაში ეკონომიკური რეალობა, როგორც წესი, წინ უსწრებს მასზე თეორიულ წარმოდგენებს, პარადიგმა ძველდება, ეკონომიკური მეცნიერების და სამეურნეო პრაქტიკის განვითარების დამაბრკოლებელ ფაქტორად იქცევა და დღის წესრიგში დგება ახალი პარადიგმის შეცვლის აუცილებლობა. სწორედ ამ აუცილებლობის წინაშე დგას დღეს თეორიული ეკონომიკური მეცნიერება მთელ მსოფლიოში და საქართველოში.
- რატომ დადგა ახალი პარადიგმის შექმნის აუცილებლობა და რა პროცესებმა განაპირობა ის, რა დაგვანახა ამ საკითხის სიღრმისეულმა კვლევამ?
- თეორიული ეკონომიკური მეცნიერების ახალი პარადიგმის აუცილებლობის განმსაზღვრელი, პირველ რიგში, გლობალიზაციაა, რომლის პირობებში ერთმანეთს დაუპირისპირდა ეროვნულ-სახელმწიფო დონეზე ეკონომიკის დერეგულირების და ზესახელმწიფო (გლობალური) მასშტაბით მსოფლიო ეკონომიკის რეგულირების გაძლიერების პრაქტიკა. სამეცნიერო ლიტერატურაში გავრცელდა გამოთქმა – „Governence Without Government“ („მართვა სახელმწიფოს გარეშე“), რაც გლობალიზაციის პირდაპირი შედეგია. დასავლეთის სამყაროს ქვეყნებში ეკონომიკის ლიბერალიზაცია, საყოველთაო პრივატიზაცია, ფინანსიალიზაცია წარმოებული საფინანსო ინსტრუმენტების – დერივატივების ფართო გამოყენებით წარიმართა, განვითარებად და პოსტკომუნისტურ ქვეყნებში კი ე.წ. „ვაშინგტონის კონსენსუსი“ პრაქტიკულად რეალიზდა ნეოკლასიკური ეკონომიკური თეორიის საფუძველზე, რომლის ფუნდამენტური პრინციპია ეკონომიკის ფუნქციონირებაში სახელმწიფოს მინიმალური ჩარევა. სწორედ ეს თეორია იქცა მეინსტრიმულად, 1970-იანი წლებიდან დაწყებული, მთელ მსოფლიოში და მას დაეფუძნა ეკონომიკური პოლიტიკა.
- წიგნის შესავალში ვკითხულობთ, რომ წიგნის მესამე ნაწილში ავტორი შეეცადა პასუხი გაეცა კითხვაზე, რომელიც გლობალური ფინანსური კრიზისით შეწუხებულმა დიდი ბრიტანეთის დედოფალმა, ელიზაბეტ II-მ დაუსვა ბრიტანეთის მეცნიერებათა აკადემიის წევრ თვალსაჩინო ეკონომისტებს: „რატომ ვერ შეძლეს ეკონომისტებმა გლობალური ფინანსური კრიზისის პროგნოზირება?“ – ვიპოვით თუ არა ამ კითხვაზე პასუხებს გამოცემაში?
- დიდი ბრიტანეთის დედოფლის ეს შეკითხვა ლაპიდარულად ასახავს თანამედროვე ეკონომიკურ მეცნიერებაში შექმნილ კრიზისულ სიტუაციას, რომელიც მსოფლიოს ბევრი წამყვანი მეცნიერ-ეკონომისტის (პ. კრუგმანი, ჯ. სტიგლიცი, გჟ. კოლოდკო და სხვ.) აზრით, პირდაპირ აისახა 2007-2009 წლების გლობალურ ფინანსურ-ეკონომიკურ კრიზისში. რიტორიკულ კითხვაზე – „რატომ ვერ შეძლეს ეკონომისტებმა გლობალური ფინანსური კრიზისის პროგნოზირება“ – ჩვენ ვპასუხობთ: იმიტომ, რომ მათი ეკონომიკური აზროვნება მოქცეული იყო მეინსტრიმული ნეოკლასიკური მიდგომების ჩარჩოებში, რამაც შეუძლებელი გახადა სწორი პროგნოზების გაკეთება.
- წიგნის მეოთხე განყოფილებაში საქართველოს ეკონომიკის პერსპექტიულ განვითარებაზეც საუბრობთ ახალ პარადიგმაზე დაყრდნობით, საინტერესოა თქვენი ხედვა ამ მიმართულებით…
- თეორია პრაქტიკიდან მოწყვეტით აბსტრაქციაა, ზღაპრული „ოქროს ხეა“ (გოეთე), გონების ვარჯიშია მხოლოდ. ამავე დროს, სწორი თეორია ყველაზე კარგი პრაქტიკაა. ამ დიალექტიკური მიდგომით განვიხილავთ ნაშრომის დასკვნით მეოთხე განყოფილებაში საქართველოს ეკონომიკის გრძელვადიანი განვითარების პერსპექტივებს. კვლევა განხორციელდა ორი მიმართულებით. პირველი შეეხება ეკონომიკის განვითარების მოდელის არჩევის პრობლემას. აღნიშნულია, რომ პოსტკომუნისტურ გარდამავალ პერიოდში საბაზრო ორთოდოქსიაზე დაყრდნობით განხორციელდა ე.წ. „შოკური თერაპია“, რომელმაც ჩამოაყალიბა ღარიბი ქვეყნებისათვის დამახასიათებელი, ექსტენსიურ ზრდასა და მოხმარებაზე ორიენტირებული ეკონომიკური მოდელი. ამჟამად აქტუალურია განვითარების ვექტორის ძირეული შეცვლა – ინვესტიციებზე, ინოვაციებზე, მაღალ ტექნოლოგიებზე, ახალი ცოდნის შექმნა/გენერაცია/დაგროვებაზე ორიენტირებული სამეწარმეო მოდელის შექმნა, რაც უზრუნველყოფს საქართველოს დინამიურ ეკონომიკურ განვითარებას და გლობალურ ეკონომიკაში ღირსეული ადგილის დაკავებას. კვლევის მეორე მიმართულება შეეხება ეფექტიანი გეოეკონომიკური პოლიტიკის შემუშავებას.
საქართველო არ გამოირჩევა მდიდარი რესურსებით. მისი კონკრეტული უპირატესობა გეოგრაფიული მდებარეობაა, რომლის მაქსიმალური უკუგებით გამოყენება აუცილებელია.
აღნიშნული კონტექსტით, ნაშრომში დიდი ადგილი აქვს დათმობილი „შუა დერეფნის“ მეგაპროექტში მონაწილეობის სხვადასხვა ასპექტს. გამოთქმულია მოსაზრება, რომ საქართველო ევროპასა და აზიას შორის უნდა იყოს არა მხოლოდ სატრანსპორტო და ენერგეტიკული, არამედ ეკონომიკური და ციფრული დერეფნის საკვანძო მონაკვეთი. ჩამოყალიბებულია წინადადებები და რეკომენდაციები, რომელთა რეალიზაცია, წიგნის ავტორის აზრით, ხელს შეუწყობს ამ სტრატეგიული ხასიათის ამოცანის წარმატებით შესრულებას.
