ელგუჯა მაზმიშვილისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია მოწოდება – ,,არ დანებდე“!

თარიღი: 2026-04-03 14:13:52

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი სტუდენტებისთვის მხოლოდ აკადემიური სივრცე არ არის – ის ხშირად იქცევა იმ ადგილად, სადაც ყალიბდება ხედვები, მიზნები და მომავლის გეგმები. სწორედ ასეთ გზაზე დგას სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულების მეოთხე კურსის სტუდენტი ელგუჯა მაზმიშვილი, რომლისთვისაც უნივერსიტეტში მიღებული გამოცდილება გაცილებით მეტს ნიშნავს, ვიდრე უბრალოდ განათლება.

სწორედ აქ ყალიბდება ინტერესები, იკვეთება მიზნები და ჩნდება ის სურვილი, რომელიც ახალგაზრდებს საკუთარი შესაძლებლობების გამოცდისკენ უბიძგებს. ამ კონტექსტში განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს გაცვლით პროგრამებში მონაწილეობა – შესაძლებლობა, რომელიც სტუდენტს აძლევს შანსს, საკუთარი თავი სრულიად განსხვავებულ აკადემიურ და კულტურულ გარემოში აღმოაჩინოს. სურვილიდან რეალურ შესაძლებლობამდე გადასვლა მხოლოდ ტექნიკური ნაბიჯებით არ განისაზღვრება – ეს არის შინაგანი მზადყოფნის, მოთმინებისა და გამძლეობის შედეგი. სწორედ ამ ეტაპის წარმატებით გადალახვის შემდეგ იხსნება ახალი კარი – გამოცდილება, რომელიც სრულიად ცვლის სტუდენტის ყოველდღიურობას.

ელგუჯასთვის ეს კარი გერმანიაში გაიხსნა, სადაც მან ერთი სემესტრი ოდერის ფრანკფურტში, ვიადრინას ევროპულ უნივერსიტეტში გაატარა. თუმცა, ახალი ქვეყნისა და უნივერსიტეტის აღმოჩენა მხოლოდ გეოგრაფიული ცვლილება არ არის – ეს არის გარემოს სრული ტრანსფორმაცია, რომელიც სტუდენტს დამოუკიდებლობის სრულიად ახალ დონეზე აყენებს.

„ერთია – ქალაქ გორიდან თბილისში გააგრძელო ცხოვრება… მაგრამ მეორეა –  საკუთარი ქვეყნის ფარგლებს გარეთ, ფაქტობრივად, ნახევარი წლის განმავლობაში დამოუკიდებლად იცხოვრო ოჯახის, ახლობლებისა და მეგობრების გარეშე“, – აღნიშნავს იგი და ამით ხაზს უსვამს იმ განსხვავებას, რომელიც ამ გამოცდილებას განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს.

ეს გარდამავალი ეტაპი ბუნებრივად გადაიქცევა პიროვნული განვითარების პროცესად: „ჩემთვის ეს იყო პიროვნული განვითარების მნიშვნელოვანი გაკვეთილი, რომელიც, ვფიქრობ, წარმატებით ჩავაბარე“.

თუმცა, პიროვნული ზრდა ამ გამოცდილების მხოლოდ ერთ მხარეს წარმოადგენს. პარალელურად, სტუდენტი სრულიად ახალ აკადემიურ გარემოში ხვდება, სადაც ცოდნის მიღების ფორმები და შინაარსი მნიშვნელოვნად ფართოვდება.

„იმის ბედნიერება მქონდა, რომ გამეცნო შესანიშნავი ადამიანები სხვადასხვა ქვეყნიდან… საგნები გავიარე პროფესორებთან, რომლებსაც საერთაშორისო გამოცდილება აქვთ ჰარვარდის, ლაიფციგის, ბერლინის თავისუფალ და სხვა უნივერსიტეტებში“, – ამბობს ელგუჯა.

ამ გარემოში სწავლა უკვე სცდება ერთ კონკრეტულ მიმართულებას და მრავალდარგობრივ ცოდნად იქცევა: „მივიღე ცოდნა არა მხოლოდ ჩემი მიმართულების, არამედ მოდერნიზაციისა და ეკონომიკის ისტორიის, ლინგვისტიკისა და პოლიტიკის კორელაციის, საბჭოთა კავშირის, როგორც სისტემის, შესახებ“.

ამ პროცესში განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს კვლევითი საქმიანობა, რომელიც სტუდენტს აკადემიურ დამოუკიდებლობას აძლევს: „შესაძლებლობა მქონდა – მემუშავა პირველწყაროებთან… მივიღე შესანიშნავი გამოცდილება კვლევით საქმიანობაში“.

ასე იქმნება გამოცდილება, რომელიც უკვე სცდება ერთი სემესტრის ფარგლებს და მომავალზე ახდენს გავლენას: „ეს სემესტრი ჩემთვის გახდა მნიშვნელოვანი პლაცდარმი არა მარტო პიროვნული, არამედ კარიერული განვითარების მხრივაც“. თუმცა, საზღვარგარეთ მიღებული გამოცდილების მიუხედავად, ელგუჯასთვის მთავარი საწყისი და საყრდენი მაინც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტია. სწორედ აქ იწყება მისი გზა, რომელიც მოგვიანებით საერთაშორისო სივრცეში გრძელდება. მისი კავშირი თსუ-სთან ემოციურ და სიმბოლურ მნიშვნელობასაც ატარებს: „სასკოლო ექსკურსიის დროს ვესტუმრეთ თსუ-ს პირველ კორპუსს… ყველაზე სამახსოვრო იყო ატლასი, რომელიც სულხან-საბა ორბელიანის მიერ იყო რედაქტირებული“. ეს გამოცდილება ერთგვარ საწყის იმპულსად იქცა: „ამ ატლასის ხილვამ ნაპერწკლის როლი შეასრულა… გამიჩნდა სურვილი, ვყოფილიყავი იმ სტუდენტთაგანი“.

დღეს ეს სურვილი უკვე რეალობად არის ქცეული, ხოლო უნივერსიტეტი – მნიშვნელოვან ცხოვრებისეულ ეტაპად:  „თსუ ჩემს ცხოვრებაში განსაკუთრებულ ადგილს იკავებს… ის არა მხოლოდ ქვეყნის ცოდნის აკვნად, არამედ ჩემს მნიშვნელოვან მასწავლებლად მიმაჩნია“.

როდესაც სტუდენტი სხვადასხვა აკადემიურ გარემოს შორის მოძრაობს, ბუნებრივად ჩნდება შედარების შესაძლებლობაც. ელგუჯასთვის ეს განსხვავებები განსაკუთრებით თვალსაჩინო გახდა სწავლების მეთოდებში: „განსხვავებები უმეტესად უკავშირდება შეფასების სისტემას, გამოცდებს, სასწავლო პროცესის სპეციფიკას…  გერმანიაში შეფასება ხდება 5-ბალიანი სისტემით“.

თუმცა, ზოგჯერ ყველაზე დასამახსოვრებელი სწორედ მცირე კულტურული დეტალები ხდება: „ყველაზე საინტერესო განსხვავება კულტურულ შოკს უკავშირდება – მაგიდაზე კაკუნი… ასე გამოხატავენ სტუდენტები პატივისცემას“.

ეს დეტალები კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ განათლება მხოლოდ აკადემიური ცოდნა არ არის – ის კულტურული გამოცდილებაცაა.

საბოლოოდ, ელგუჯა მაზმიშვილის ისტორია არ სრულდება მიღწეული შედეგით – პირიქით, ის მხოლოდ იწყება. თავად სტუდენტი ამას სრულიად გულწრფელად აღიარებს: „ვფიქრობ, ჯერ არ მაქვს ისეთი წარმატების ისტორია, რომლითაც თავს მოვიწონებ… ყველაფერი წინ არის“. თუმცა, მისი დამოკიდებულება უკვე ნათლად აჩვენებს, რომ ეს გზა სწორ მიმართულებას მიჰყვება: „ვცდილობ, მაქსიმალურად გამოვიყენო ყველა შესაძლებლობა… ვიმედოვნებ, რომ ამ შეკითხვის პასუხი ჩემი მომავალი იქნება“.

მისი გამოცდილება, სირთულეებზე ღიად საუბარი და მიღწეული შედეგები ქმნის სტუდენტის ერთ მთლიან სურათს. როგორც თავად ამბობს, ამ გზაზე ყველაზე მნიშვნელოვანი არის ერთი რამ  – ,,არ დანებდე“!

Facebook
Twitter
LinkedIn