ელენე თუზბაიამ ერთი სემესტრი ბერლინის თავისუფალ უნივერსიტეტში გაატარა
ელენე თუზბაია თსუ-ს იურიდიული ფაკულტეტის სამართლის პროგრამის მე-4 კურსის სტუდენტია. 2024 წლის გაზაფხულის სემესტრი მან გერმანიაში ისწავლა ბერლინის თავისუფალ უნივერსიტეტისა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთობლივი ერთწლიანი პროგრამის – DESK-ის ფარგლებში.
„ჩემი ცხოვრების ყველაზე ნაყოფიერი დღეები კონკრეტულად ამ გაცვლით სემესტრს და ბერლინის თავისუფალ უნივერსიტეტს უკავშირდება“, – გვიყვება ელენე. ეს მისთვის უკვე მეორე გაცვლითი სემესტრი იყო გერმანიაში. პირველად 2022 წელს, ვიადრინას ევროპულ უნივერსიტეტში სწავლის შესაძლებლობა ჰქონდა.
ბერლინის თავისუფალ უნივერსიტეტში სწავლის გამოცდილება ელენესთვის მრავალმხრივ განვითარებასთან ასოცირდება. აქ არა მხოლოდ ლექციებზე დასწრება და აკადემიური ცოდნის მიღება იყო მნიშვნელოვანი, არამედ საკლასო სივრცის მიღმა არსებული აქტივობები: „გვქონდა შემეცნებითი გასვლითი შეხვედრები გერმანიის პარლამენტში, ბუნდესრატში, განათლებისა და კვლევის ფედერალურ სამინისტროში და გერმანიის რადიოშიც კი. მრავალფეროვანი იყო უნივერსიტეტის მიღმა ცხოვრებაც – ტრადიციულმა გერმანულმა საღამოებმა ჩემს მასპინძელ ოჯახში, საშობაო ბაზრობებმა, ბერლინის კინოფესტივალმა და გერმანიის საპარლამენტო არჩევნებმა ჩემი სემესტრი დაუვიწყარ მოგონებად აქცია“ – ამბობს იგი.
როგორც ელენე თუზბაია გვიყვება, DESK-ის 2023-2024 წლების პროგრამის ძირითადი შინაარსი ეკონომიკისა და ევროკავშირის სამართლისკენ იყო მიმართული, ამიტომ მის მიერ გავლილი საგნებიც ამ თემებს შეეხებოდა – გერმანიის შრომითი და საჯარო (ადმინისტრაციული) სამართალი, გერმანიის ფედერალური მოწყობა და ფედერაციის პოლიტიკური ეკონომიკა. სტუდენტს მისთვის გამორჩეულ საგანზეც ვკითხეთ: ,,ჩემი გაცვლითი სემესტრის მიმდინარეობა მსოფლიოში მოჭარბებულ პოლიტ-ეკონომიკურ არასტაბილურობას დაემთხვა, ამიტომ გერმანული ენის კურსები მიმდინარე სიახლებიის განხილვისა და საინტერესო დისკუსიების ფონზე ყველაზე გამორჩეული საგანი იყო. მსოფლიოს თითქმის ყველა წერტილიდან შეკრებილი სტუდენტები ერთ სივრცეში ვაფასებდით ამერიკის შეერთებულ შტატებში, გერმანიაში, ისრაელში, საქართველოსა და უკრაინაში მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებს და პროფესორების დახმარებით სწორ სამართლებრივ აქცენტებს ვსვამდით”. – იხსენებს ელენე.
თსუ-სა და გერმანული უნივერსიტეტების ერთმანეთთან შედარებისას, ელენე ხაზს უსვამს, რომ გერმანიაში სტუდენტის შეფასება უფრო კომპლექსურია, ლექციებზე დასწრება ნებაყოფლობითია, ხოლო შეფასება მთლიანად ფინალურ გამოცდაზეა დამოკიდებული (განსხვავებით თსუ-სგან, სადაც შეფასების კრიტერიუმები ბევრად ლოიალურია). გარდა ამისა, სტუდენტი აღნიშნავს, რომ ბერლინის თავისუფალ უნივერსიტეტში სწავლებასთან დაკავშირებული ნებისმიერი დეტალი განიხილება მხოლოდ და მხოლოდ სპეციალურ სასწავლო ონლაინ პლათფორმაზე – აქ გერმანული ბიუროკრატია კატეგორიულად უარყოფს სოციალური ქსელების გამოყენებას სასწავლო მიზნებისთვის. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი განსხვავება, რომელზეც ელენე საუბრობს, სწავლების პროცესს შეეხება: ,,სწავლების პროცესი აბსოლუტურად დაფუძნებულია პირად პასუხისმგებლობაზე (მასალების თავად მოძიება, შესაბამისი საკითხების დამოუკიდებლად განსაზღვრა და დამუშავება), და ეს მაშინ, როცა თსუ-ში ეს ყოველივე დეტალურად არის სილაბუსებში გაწერილი. ორივე საუნივერსიტეტო სივრცეში აქტიურად ტარდება კონფერენციები, სემინარები და შემეცნებითი ღონისძიებები, თუმცა მათ ჩატარებას გერმანულ უნივერსიტეტში ძირითადად ადმინისტრაცია უზრუნველყოფს და ამ ნაწილში ნაკლებია სტუდენტური თვითმმართველობის ჩართულობა”.
ელენესთვის განსაკუთრებით დასამახსოვრებელი აღმოჩნდა გერმანიაში შეძენილ მეგობრებთან და პროფესორებთან კომუნიკაცია: „ყველაზე დასაფასებელი ის ურთიერთობები არის, რაც კულტურულად მრავალფეროვან, მოტივირებულ სტუდენტებთან და უაღრესად განსწავლულ აკადემიურ წრეებთან ჩამომიყალიბდა. სწორედ ამის გამო ვთვლი, რომ ძალიან იღბლიანი სტუდენტი ვარ.“
გერმანიაში სწავლისას ელენე ევროპის სხვა ქვეყნებსაც ეწვია. მან პოლონეთში შედარებითი სამართლის კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა, სადაც მისი სამომავლო კვლევის თემატიკა მსოფლიოს სხვადასხვა უნივერსიტეტებიდან ჩამოსულ ლექტორებს და ახალგაზრდა მკვლევრებს გაუზიარა. ელენე გვიამბობს, რომ უნგრეთში მისი ვიზიტი სამხრეთ კავკასიის რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის შენარჩუნების საკითხებს ეხებოდა.
დაბოლოს, ელენე თუზბაია მიღებული გამოცდილების ერთ მნიშვნელოვან გაკვეთილზე საუბრობს: ,,გერმანიაში გატარებულმა გაცვლითმა სემესტრმა ჩემი ბევრი შეხედულება შეცვალა, გამზარდა პიროვნულად და პროფესიულად, თუმცა არის ერთი ყველაზე დიდი გაკვეთილი, რომელიც იქ ყოფნისას ავითვისე – ვფიქრობ, საბოლოოდ ჩამოვყალიბდი ისეთ მოქალაქედ, რომელმაც გაიაზრა მისი წილი სოციალური პასუხისმგებლობის მნიშვნელობა”.
ელენე იმედოვნებს, რომ თსუ-ს სტუდენტებს გაცვლით პროგრამებში მონაწილეობის შანსი კიდევ დიდხანს ექნებათ: „ვიმედოვნებ, რომ ევროპულ ღირებულებებთან ზიარების ეს უნიკალური შანსი კიდევ დიდხანს ექნებათ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს, რათა უნივერსიტეტმა შეძლოს ევროპული განათლების სტანდარტებში სრულად მოქცევა“.
