ელენე მიქანაძე დეზინფორმაციულ ნარატივებთან დაკავშირებულ საფრთხეებს იკვლევს
„დეზინფორმაციული ნარატივები უკრაინელი მიგრანტების გარშემო: თავისებურებები და საფრთხეები“ – ამ სახელწოდებით წარადგინა თავისი მოხსენება თსუ-ს სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულების მესამე კურსის სტუდენტმა ელენე მიქანაძემ ინტერდისციპლინურ სტუდენტთა სამეცნიერო კონფერენციაზე, რომელიც ორი ფაკულტეტის – სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა და ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტების ეგიდით ჩატარდა.
რატომ დაინტერესდა ამ თემით და რა პროცესი გაიარა თემის დასამუშავებლად? – ამ კითხვაზე პასუხად ელენე გვიმხელს, რომ კვლევა ამ მიმართულებით ჯერ კიდევ ჩეხეთში სწავლისას დაიწყო.
,,უკრაინელი მიგრანტების წინაშე არსებული გამოწვევების შესახებ განსაკუთრებით დავინტერესდი, როდესაც გაცვლითი პროგრამით ვსწავლობდი კარლის უნივერსიტეტში, ჩეხეთში. იქ უკრაინელმა პროფესორმა ვალერია კორაბლოვამ გამაცნო პოსტ საბჭოთა უკრაინის ისტორიის მთავარი მოვლენები და ახლანდელი ომის დინამიკა. შევეხეთ უკრაინელ მიგრანტებსაც და საკითხის შესწავლისას დავინახე დეზინფორმაციის საფრთხეებიც. შესაბამისად, გადავწყვიტე, რომ ჩეხეთში დაწყებული კვლევა აქ დამემთავრებინა და აუდიტორიისთვის გამეცნო დეზინფორმაციული ნარატივების გავლენის პოტენციური საფრთხეები. ეს არის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი მიგრანტთა კრიზისი. შესაბამისად, დეზინფორმაციამ და გავლენის ოპერაციებმა სრულიად ახალი ფრონტი გახსნა რუსული პროპაგანდისთვის. დეზინფორმაციული ნარატივების გავრცელებასთან ბრძოლა ძალიან დიდი გამოწვევაა ევროკავშირის სახელმწიფოებში და, ასევე, საქართველოშიც. ამიტომაც მომავალში კვლავ გავაგრძელებ ამ თემის შესწავლას“, – ამბობს ელენე მიქანაძე.
კონფერენციაზე ყველა მონაწილე წარადგენდა კვლევის დასკვნას, რომელსაც დიდი მუშაობის შედეგად აყალიბებდნენ. რა დასკვნა დადო ელენე მიქანაძემ, რომელიც მიგრანტთა საფრთხეებზე საუბრისას შესანიშნავი ანალიზის უნარ-ჩვევებს ავლენს.
,,დეზინფორმაციული ნარატივების გავრცელება ეფექტურია მაშინ, როდესაც ის დაკავშირებულია საზოგადოების წინასწარ განწყობებთან. ევროპაში დეზინფორმაციისა და კრემლისტური ნარატივის გამავრცელებელი აქტორები იყენებენ ყველა შესაძლებლობას უკმაყოფილებისა და დაძაბულობის შესაქმნელად. ევროკავშირის მოქალაქეები გრძნობენ სოციალურ-ეკონომიკურ ეფექტებს უკრაინაში ომის შედეგად. ზოგადად, მიგრანტები დეზინფორმაციულ ნარატივებში ჩანან, როგორც საფრთხე ძირითადად სამი მიმართულებით: ჯანმრთელობა (მაგალითად, მიგრანტები, როგორც დაავადებების გამავრცელებელნი), სიმდიდრე (კონკურენცია სამუშაო ადგილების მოსაპოვებლად), იდენტობა (საფრთხე ქვეყნის ღირებულებების შესანარჩუნებლად). უკრაინელი მიგრანტების შემთხვევა განსხვავებულია იმ კუთხით, რომ ევროპული საზოგადოება უკრაინელ მიგრანტებს არ განიხილავს როგორც იდენტობის დაკარგვის საფრთხის წყაროს. მიუხედავად ამისა, უკრაინელ მიგრანტებს შორის დეზინფორმაციის გავრცელებისთვის სხვადასხვა ხერხია გამოყენებული, მათ შორის, უკრაინის ისტორიული ურთიერთობების განხილვა კონკრეტულ მასპინძელ ქვეყნებთან.
განვიხილე პოლონეთისა და გერმანიის მაგალითები. პოლონეთმა მიიღო ყველაზე მეტი უკრაინელი მიგრანტი და, შესაბამისად, ეს ქვეყანა გახდა კრემლისტური პროპაგანდის მთავარი N 1 სამიზნე. მიუხედავად ამ მცდელობებისა, პოლონელების მხარდაჭერა უკრაინელი მიგრანტების მიმართ ძლიერია. გერმანიის ანტიმიგრანტულ დემონსტრაციებში კი ის ჯგუფები იყვნენ ჩართულნი, რომლებმაც თავი დაგვამახსოვრეს ანტივაქსერული პროტესტით. შესაბამისად, ვხედავთ, რომ აღნიშნულ დემონსტრაციებში ერთი და იგივე პოლიტიკური ჯგუფები მონაწილეობენ.
კვლევისას გამოვლინდნენ დეზინფორმაციის გამავრცელებელი კრემლისტური ჯგუფები და გამოიკვეთა რუსებისა და ექსტრემისტული ჯგუფების „კოორდინაცია“. ასევე, ზოგიერითი ანგარიშის მიზანია ფულის გამომუშავება რეკლამიდან. დაბალი ხელმისაწვდომობის პროფილები ერთდროულად ავრცელებს არაზუსტ ამბებს ლტოლვილების შესახებ, რაც არის დაგეგმილი კამპანია. ასევე, სხვადასხვა პოლიტიკური პარტია იყენებს ანტიმიგრანტულ განწყობებს მხარდაჭერის მოსაპოვებლად“, – ასკვნის ელენე, რომელიც კვლავ განაგრძობს თემაზე მუშაობას.
ბლიც-ინტერვიუ
- რატომ აირჩიე შენი პროფესია და რამდენად მოგწონს?
- ბავშვობიდან ყოველთვის დიდი ინტერესით ვსწავლობდი ისტორიას. მოგვიანებით დავინტერესდი პოლიტიკით, ეკონომიკით და განსაკუთრებით საერთაშორისო უსაფრთხოების საკითხებით. სწორედ ამიტომ ჩავთვალე, რომ საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულებაზე სწავლა ჩემს ინტერესებს ზუსტად შეესაბამებოდა. ამ მიმართულებაზე სწავლა მეხმარება საერთაშორისო მოვლენების სწორად შეფასებასა და გაანალიზებაში. მომავალში მინდა ვიკვლიო ჰიბრიდული ომის საფრთხეები და ციფრული ტექნოლოგიების გავლენა საერთაშორისო უსაფრთხოებაზე.
- რა ცოდნას გაძლევს უნივერსიტეტი?
- ჩემი ლექტორები მიზიარებენ თავიანთ ცოდნასა და გამოცდილებას, რაც მეხმარება, რომ კარიერულად სწორად განვვითარდე. ასევე, უნივერსიტეტში ხშირად სხვადასხვა მიმართულებიდან ვირჩევ საგნებს იმისთვის, რომ გარკვეული საკითხები განსხვავებული პერსპექტივიდან შევისწავლო. ამასთანავე, ხშირად ვცდილობ – აქტიურად დავესწრო სტუდენტურ ღონისძიებებს.
- ხარ თუ არა დასაქმებული?
- ამჟამად გავდივარ სტაჟირებას მედიის განვითარების ფონდში, სადაც მიწევს სოციალურ მედიაში გავრცელებული დეზინფორმაციის გამოვლენა და შესწავლა. შემდეგ წელსაც ვაპირებ სტუდენტური სტაჟირებების გაგრძელებას პროფესიული გამოცდილების დაგროვებისთვის. ასევე, ქართულ ენას ვასწავლი უცხოელებს, რაც ჩემთვის ძალიან საინტერესო პროცესია.
- ვინ არის უნივერსიტეტში შენი საყვარელი ლექტორი?
- ეს ჩემთვის ძალიან რთული კითხვაა, თუმცაღა გამოვყოფდი თორნიკე თურმანიძეს, რომელიც აღნიშნულ კონფერენციაზე ჩემი ხელმძღვანელი იყო. ამჟამად მასთან გავდივარ აშშ-ის საგარეო პოლიტიკას და მომავალში ვაპირებ ავიღო მისი საგანი საერთაშორისო უსაფრთხოების შესახებ. იგი გამოირჩევა პროფესიონალიზმით და გვეხმარება რთული საკითხების გაანალიზებაში. ასევე, არის ძალიან ყურადღებიანი, როდესაც გვაინტერესებს გარკვეული თემის სიღრმისეული კვლევა.
- რა პრობლემას გამოკვეთდი საუნივერსიტეტო ცხოვრებიდან?
- სამწუხაროდ, უნივერსიტეტში არაერთ პრობლემას ვხვდებით. პირველ რიგში, გამოვკვეთდი სტუდენტური საცხოვრებლის პრობლემას. ეს თემა განსაკუთრებით გამწვავდა რუსების მიგრაციის შემდეგ და დღეს სტუდენტები არაერთ პრობლემას აწყდებიან ქირის მაღალი ფასების გამო. ასევე, უნდა აღვნიშნო ტექნიკური გაუმართაობა აუდიტორიებში, როდესაც არ გვაქვს პროექტორის გამოყენების საშუალება.
- რა სურვილები გაქვს, რაც უნივერსიტეტს და შენს სტუდენტობას უკავშირდება?
- უკვე მალე, სულ რაღაც 1 წელი დამრჩება და ბაკალავრიატს დავასრულებ. მსურს, ეს დრო ნაყოფიერად გამოვიყენო და უფრო აქტიურად ჩავერთო უნივერსიტეტის სხვადასხვა ღონისძიებაში. ერთ-ერთი ჩემი სურვილია მეტი საერთაშორისო პროექტი ვიხილო ჩემს უნივერსიტეტში, რომ სტუდენტებს საშუალება გვქონდეს ჩვენი ხედვები გავუზიაროთ უცხოელ კოლეგებს და მათი პერსპექტივიდანაც გავეცნოთ სხვადასხვა საკითხს.