ელენე ლანდიამ უკვე რამდენჯერმე ისარგებლა გაცვლითი პროგრამით
თარიღი: 2024-10-05 12:58:24
ელენე ლანდიამ თსუ–ს იურიდიული ფაკულტეტის საბაკალავრო პროგრამა წარმატებით დაასრულა და ამჟამად ჩვენი უნივერსიტეტის კერძო სამართლის სამაგისტრო პროგრამაზე სწავლობს. ამ ეტაპზე იგი უმაღლესი განათლების მიღებას ვენაში, ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტის გლობალური ბიზნეს სამართლის სამაგისტრო პროგრამაზე აგრძელებს. ელენე ჩვენთან ინტერვიუში თავის შთაბეჭდილებებს გვიზიარებს და წლების მანძილზე დაგროვილ გამოცდილებაზე საუბრობს.
- სად იმყოფებოდი გაცვლითი პროგრამით?
- ბაკალავრიატის საფეხურზე ,,ერასმუს +“-ის გაცვლითი პროგრამით ვსწავლობდი მიუნსტერის უნივერსიტეტში, გერმანიაში, ხოლო მაგისტრატურის საფეხურზე ამავე პროგრამით ვსწავლობდი ლუმიერ ლიონ 2-ის უნივერსიტეტში, საფრანგეთში.
- რა გამოცდილება შეგძინა საზღვარგარეთ სწავლამ?
- საზღვარგარეთ სწავლის გამოცდილებას ჩემი ცხოვრების გარდამტეხ მოვლენად შევაფასებდი. ეს იყო გზა, რომელმაც შესაძლებლობების უამრავი ფანჯარა გახსნა. გერმანულ და ფრანგულ სამართლებრივ სისტემებთან შემხებლობამ გამიფართოვა თვალთახედვის არეალი, ყოველდღიურად ვგრძნობდი – თუ როგორ ვიზრდებოდი როგორც იურისტი და უკეთეს პროფესიონალად ვყალიბდებოდი. გარდა ამისა, საგრძნობლად დავხვეწე სამართლებრივი ინგლისური ტერმინოლოგია და შევძელი გერმანული ენის ცოდნის უფრო პროფესიონალურ დონეზე აყვანა. პროფესიული წინსწვლის პარალელურად გავიზარდე პიროვნულადაც, გამოწვევებთან დამოუკიდებლად გამკლავებამ მეტი თავდაჯერებულობა შემმატა და კიდევ უფრო დიდი მოტივაციაც მომცა. რაც მთავარია, მიხარია, რომ შესაძლებლობა მქონდა მესწავლა ევროპული ღირებულებებით აღსავსე გარემოში, სადაც თავს უამრავი ქვეყნის წარმომადგენელი იყრის. სწორედ დაგროვილმა საერთაშორისო გამოცდილებამ ითამაშა გარდამტეხი როლი და ხელი შეუწყო შემდგომში ევროპის ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ უნივერსიტეტში ჩემს სამაგისტრო პროგრამაზე ჩარიცხვასა და დაფინანსების მოპოვებას, რისთვისაც უსაზღვროდ მადლიერი ვარ.
- რა მოგცა თსუ-ში სწავლამ?
- თსუ-ში სწავლამ შემიქმნა ცოდნის მყარი და ღირებული საფუძველი, მომცა განვითარებისა და საერთაშორისო გამოცდილების მიღების არაერთი შესაძლებლობა, გამიხსნა გზა უკეთესი მომავლისაკენ.
- რით განსხვავდება სწავლების მეთოდები აქაური უნივერსიტეტისგან იმ უნივერსიტეტში, სადაც გაცვლითი პროგრამით ისწავლე?
- ვეცდები ერთობლივად მოვუყარო თავი სწავლის იმ მეთოდებს, რომლებიც გერმანიასა და საფრანგეთისთვის იყო დამახასიათებელი. საფრანგეთშიც და გერმანიაშიც მცირე სასწავლო ჯგუფები იყო, რაც უზრუნველყოფდა მეტ ინტერაქციასა და ჩართულობას. გერმანიაში სავალდებულო იყო ლექციისათვის მასალების წინასწარი მომზადება, ხოლო შემდგომ კი წინასწარ მომზადებულ მასალებს სტუდენტებთან ერთად ხსნიდა პროფესორი. საფრანგეთში ლექციებზე დასწრება სავალდებულოდ იყო მოთხოვნილი და ამ წინაპირობის შესრულების გარეშე სტუდენტი გამოცდაზე არ დაიშვებოდა. განსხვავებული იყო გამოცდების ფორმატიც. ორივე ქვეყანაში განსაკუთრებული აქცენტი კეთდებოდა სტუდენტისთვის კრიტიკული აზროვნების უნარის ჩამოყალიბებაზე. სწავლების პროცესში აქტიურად გამოიყენებოდა თანამედროვე ტექნოლოგიები და პრაქტიკული კომპონენტები. დატვირთული სასწავლო წლის პარალელურად უნივერსიტეტები არაერთ სპორტულ აქტივობას აორგანიზებდნენ ჯანსაღი ცხოვრების წესის ხელშეწყობის მიზნით.
Facebook
Twitter
LinkedIn
ნინო კაკულია
ნინო კაკულია - თსუ-ის პუბლიცისტიკისა და ელექტრონული მედია ცენტრის ხელმძღვანელი, გაზეთ ,,თბილისის უნივერსიტეტის“ რედაქტორი. ამ პოზიციაზე მუშაობს 2006 წლიდან. არის ტელე-ჟურნალისტი. 1995-2004 წლებში მუშაობდა საქართველოს სახელმწიფო ტელევიზიაში გადაცემა ,,ალიონის“ ჟურნალისტად და უძღვებოდა პოლიტიკურ მიმოხილვებს, პრესის მიმოხილვას. ავტორია არაერთი პუბლიცისტური ჩანახატისა. არის 27-მდე დოკუმენტური ფილმის ავტორი და რეჟისორი. არის საქართველოს ჟურნალისტთა ეთიკის ქარტიის წევრი. არის ა/ო საქართველოს ჟურნალისტთა ახალი თაობა - ,,ალიონი 21“-ის დამფუძნებელი.
ყველა სტატია