ელენე ხურცილავას „კომფორტის ზონა“ უკვე საერთაშორისო გაცვლითი პროგრამებია

თარიღი: 2026-09-28 20:43:47

ყოველი დიდი მიღწევა იმ პატარა, ყოველდღიური ნაბიჯებით იწყება, რომლებსაც სტუდენტი საკუთარი მიზნებისკენ სვლაში დგამს. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესისა და ეკონომიკის ფაკულტეტის ეკონომიკის მიმართულების მესამე კურსის სტუდენტ ელენე ხურცილავასთვის უნივერსიტეტი მხოლოდ ლექციებზე დასწრებას არ ნიშნავდა – ეს იყო საკუთარი თავის, ინტერესებისა და უსაზღვრო შესაძლებლობების აღმოჩენის პროცესი. პირველი კურსიდანვე, როდესაც ნელ-ნელა აითვისა უნივერსიტეტში ეფექტური სწავლის სპეციფიკა, ელენემ შეძლო მაღალი აკადემიური მოსწრების მიღწევა, შიდა სტიპენდიების მოპოვება, სამეცნიერო კონფერენციაში მონაწილეობა და ენობრივი კომპეტენციის წარმატებით დადასტურება. სწორედ ამ დაუღალავმა შრომამ გაუხსნა მას გზა საერთაშორისო ასპარეზზე.

გაცვლითი პროგრამით დაინტერესება ელენესთან ეტაპობრივად, სწავლის პროცესის სიღრმისეულად გააზრებასთან ერთად მოვიდა. თავდაპირველი მცდელობა დაპირისპირებულ გამოწვევებთან დაკავშირებით მარტივი არ ყოფილა – აპლიკაციის გაგზავნის შეფერხებამ და პორტუგალიის უნივერსიტეტების რეგისტრაციის განსხვავებულმა სპეციფიკამ გარკვეული დაბრკოლებები შექმნა. თუმცა მიზანდასახულობამ თავისი გაიტანა: მომდევნო კონკურსზე მან განაცხადი ევროპულ უნივერსიტეტ ვიადრინაზე (European University Viadrina) გააკეთა. “დამიბარეს გასაუბრებაზე, დაახლოებით 10 დღეში მივიღე თსუსგან შეტყობინება რომ ჩემი კანდიდატურა წარადგინეს ევროპულ უნივერსიტეტ ვიადრინაში. უშუალოდ უნივერსიტეტიდან თანხმობა მეილის სპამებიდან გავიგე და ძალიან გამიხარდა, რადგან მსგავსი შესაძლებლობა მქონდა,” – იხსენებს ელენე იმ განსაკუთრებულ ემოციას, რამაც მისი აკადემიური ცხოვრება სრულიად შეცვალა.

გერმანიისა და პოლონეთის საზღვართან მდებარე პატარა ქალაქ ფრანკფურტ-ოდერში გატარებულმა სემესტრმა ელენეს უდიდესი გამოცდილება შეძინა. ვიადრინას უნივერსიტეტში მან ოთხი სასწავლო კურსი გაიარა. თსუ-ში მიღებული ცოდნის წყალობით, ეს საკითხები მისთვის ნაცნობი იყო, თუმცა გერმანულმა მეთოდოლოგიამ მასალის სრულიად სხვაგვარად დანახვის საშუალება მისცა. “ვიადრინას უნივერსიტეტში სწავლისას იყენებდნენ სლაიდებს და დაფაზე წერის ნაცვლად წერდნენ ფურცელზე, კამერის დახმარებით კი შეგვეძლო დაგვენახა ყველას. თსუ-ში ლექციებზე თუ სლაიდებს ხსნიდნენ, ამავდროულად უნდა გვესწავლა მასალებიდანაც, რაც ვიადრინაში განსხვავებულად იყო… ერთ-ერთი განსხვავება ამ ორი უნივერსიტეტის ბიზნესის ფაკულტეტს შორის იყო ის, რომ თსუში საგნის არჩევის შემდეგ მას სწავლობ 15 კვირა შუალედურით და ფინალურით, ხოლო ვიადრინაში სემესტრი ორ ნაწილად იყოფოდა,” – აღნიშნავს იგი სწავლების სპეციფიკაზე საუბრისას.

საზღვარგარეთ გატარებული პერიოდი მხოლოდ აკადემიურ მიღწევებს არ დაფუძნებია – ეს იყო პიროვნული ზრდისა და დამოუკიდებლობის მნიშვნელოვანი გამოცდა. უცხო ქვეყნის ცხოვრების რიტმთან ადაპტაციამ, საყოფაცხოვრებო თუ ადმინისტრაციული საკითხების დამოუკიდებლად მოგვარებამ ელენეს თავდაჯერებულობა შემატა. “ძალიან კარგი იყო საზღვარგარეთ არამხოლოდ სწავლა, ამავდროულად ცხოვრებაც… როცა მარტო სრულიად უცხო ქვეყანაში ხარ, ვალდებული ხდები იზრუნო შენს თავზე, მოაგვარო საბუთები და მათ ცხოვრების სტილთან ადაპტირდე (მაგ. გერმანიაში კვირას მაღაზიები დაკეტილია). ერთი სიტყვით რომ შემეძლოს, აქ, საზღვარგარეთ ერთი სემესტრით სწავლას დავახასიათებდი როგორც შთამბეჭდავს,” – გვიზიარებს ელენე თავის ემოციებს და დასძენს: “მოცემული პროგრამის შემდეგ უფრო მოტივირებული ვარ ჩემი კომფორტის ზონა დავტოვო და გავრისკო უფრო მეტი, ვიდრე აქამდე, თუნდაც საზღვარგარეთ მარტო, ხელახლა  წასვლა სასწავლებლად.”

ევროპის 6 ქვეყნისა და გერმანიის სხვადასხვა ქალაქის მონახულებამ მას ახალი მსოფლმხედველობა და დაუვიწყარი მოგონებები აჩუქა. ელენეს მიზანდასახულობასა და შრომისმოყვარეობაზე მოწმობს ისიც, რომ გერმანიაში წარმატებით ჩაბარებული საგნებისა და დატვირთული სასწავლო გრაფიკის პარალელურად, მან შეძლო მონაწილეობა მიეღო მორიგ კონკურსში. ამ შრომის შედეგად, 2026-2027 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრს იგი უკვე ესპანეთში, ვიგოს უნივერსიტეტში (University of Vigo) გაატარებს.

სამომავლო გეგმებში ესპანური სემესტრის დასრულება, თსუ-ის საბაკალავრო პროგრამის წარმატებით დახურვა და შემდგომში მაგისტრატურაზე სწავლის გაგრძელება შედის, თუმცა ამ ეტაპზე მთელ ყურადღებას არსებულ შესაძლებლობებს უთმობს. ელენე განსაკუთრებულ მადლიერებას გამოხატავს მშობლიური უნივერსიტეტის მიმართ: “აქვე მინდა მართლა ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო თსუ-ს მოცემული შესაძლებლობებისა და თანადგომისთვის. თსუ-ში შევძელი არამხოლოდ განათლება მიმეღო, ამავდროულად გამეცნო ადამიანები, რომლებიც ჩემი ცხოვრების მნიშვნელოვანი ნაწილია.”

Facebook
Twitter
LinkedIn