ელენე კარიაული მრავალმხრივი გამოცდილებით დაბრუნდა ესპანეთიდან

თარიღი: 2024-10-05 14:15:57

თსუ-ს იურიდიული ფაკულტეტის სამართლის პროგრამის მე-4 კურსის სტუდენტმა ელენე კარიაულმა ესპანეთში, კორდობას უნივერსიტეტში გაიარა ერთი სემესტრი. ელენე საზღვარგარეთ სწავლის გამოცდილებას გაზეთ ,,თბილისის უნივერსიტეტს“ უზიარებს.   

,,კორდობას უნივერსიტეტში იურიდიული ფაკულტეტი აერთიანებს არა მხოლოდ სამართლის, არამედ ბიზნესისა და ეკონომიკის სასწავლო პროგრამებს. შესაბამისად, მომეცა შესაძლებობა, ევროპული განათლების სისტემის ფარგლებში, მიმეღო ინფორმაცია განსხვავებული დისციპლინების შესახებ და ასევე გამეცნო სხვადასხვა ევროპული თუ აზიური ქვეყნების წარმომადგენლები. გარდა განსხვავებული საგანმანათლებლო სისტემის გაცნობისა, ესპანელთა გამორჩეული ტემპერამენტისა და კულტურული თავისებურებების გათვალისწინებით, განსაკუთრებით საინტერესო გახლდათ დამოუკიდებლად, საერთაშორისო გარემოცვაში მარტო ცხოვრება. კორდობაში მოგვეცა შესაძლებლობა თავად აგვერჩია საცხოვრებელი, სადაც მომდევნო ექვსი თვის განმავლობაში 4-5 სტუდენტი ერთად ვიცხოვრებდით. ერთი სემესტრის განმავლობაში ვცხოვრობდი გერმანელ, შოტლანდიელ და თურქ სტუდენტებთან ერთად, შესაბამისად გავეცანი როგორც მათ ენას, კულტურასა და სტუდენტური ცხოვრების თავისებურებებს, ისე, შევძელი – თავად გამეზიარებინა მათთვის მეტი ინფორმაცია ქართული კულტურის, ტრადიციებისა და საგანმანათლებლო სისტემის შესახებ.

სალექციო კურსები, ასევე, ითვალისწინებდა ვიზიტებს სასამართლოში. ვიზიტის ფარგლებში ესპანელი მოსამართლეებისა და სამართლის სფეროში მოღვაწე პროფესიონალების დახმარებით მივიღეთ ინფორმაცია ესპანეთში არსებული სამართლებრივი სისტემისა და სასამართლოების ფუნქციონირების შესახებ. ასევე გვქონდა შეხვედრები მოწვეულ ლექტორებთან სხვადასხვა ევროპული ქვეყნიდან (გერმანია, პოლონეთი და იტალია). ამ ლექტორებს უმაღლესი განათლება ევროპასა და ამერიკის შეერთებულ შტატებში ჰქონდათ მიღებული. შესაბამისად, მათ გაგვიზიარეს მათი ხედვები საერთაშორისო მიმდინარე პრობლემურ საკითხებზე, მათ შორის, ადამიანის უფლებების დაცვასთან დაკავშირებულ უკვე დანერგილ მექანიზმებსა და სამომავლო პერსპექტივებზე.

პროგრამის ფარგლებში სტუდენტებს გვქონდა შესაძლებლობა მოგვენახულებინა როგორც ესპანეთის მრავალი ქალაქი, ისე ევროპის სხვადასხვა ქვეყანა, მათ შორის, პორტუგალია და საფრანგეთი. გავიცანი, ასევე, პროგრამაში მონაწილე სხვა ახალგაზრდებიც, რომელთან ერთადაც მონაწილეობა მივიღე მრავალ მუსიკალურ ღონისძიებასა თუ ფესტივალში, რაც ესპანური კულტურის განუყოფელი ნაწილი გახლავთ“, – ამბობს ელენე.

ელენე კარიაული მადლიერია თავისი ფაკულტეტით, რომელიც, მისი აზრით, გამოირჩევა იმ კონკურენტუნარიანი გარემოთი, რომლის პირობებშიც სტუდენტები მუდამ მოტივირებულები არაინ  – მიაღწიონ დასახულ პროფესიულ მიზნებს.   ,,ჩვენ გვასწავლიან პროფესიონალები, რომლებმაც შექმნეს დღეს არსებული ქართული სამართლებრივი სისტემა და რომლებიც გამოთქვამენ მზაობას – ასევე გაუზიარონ მათი გამოცდილება ახალგაზრდა იურისპრუდენციით დაინტერესებულ სტუდენტებს“, – აღნიშნავს იგი.

როგორც ელენე ამბობს, განსხვავებით თსუ-სგან, კორდობას უნივერსიტეტი არ იცნობს შუალედურ გამოცდებს და, შესაბამისად, სტუდენტი ფასდებოდა მხოლოდ აქტივობებსა და ფინალურ გამოცდებზე.

Facebook
Twitter
LinkedIn