რას გვეტყვის მომავალი ელენე კაკულიაზე, რომელიც უნივერსიტეტის ახლად კურსდამთავრებულია?!

თარიღი: 2025-11-20 20:27:51

22 წლის ელენე კაკულიამ, რომელმაც ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი წელს (2025) წითელ დიპლომზე დაამთავრა, 4 წელიწადში დაგროვებული თავისი შთამბეჭდავი აქტივობებითა და წარმატებით მიაღწია იმას, რომ დღეს  პარიზის ოფისში, გლობალური იურიდიული კომპანიის  –  White & Case – საერთაშორისო არბიტრაჟის დეპარტამენტის იურიდიულ ასისტენტად დასაქმდა. სწორედ ამ კომპანიაში გააგრძელებს ერთი წლით მუშაობას ელენე, რომელიც დარწმუნებულია, რომ პარიზის ოფისში იურიდიული მიმართულებით მრავალმხრივი საქმიანობა დიდ პროფესიულ გამოცდილებას შესძენს.

მანამდე ელენე, სწავლის პარალელურად, დასაქმებული იყო იურიდიულ ფირმა „ბიელსში“ (BLC) პარალეგალის პოზიციაზე. ,,2000 წელს პროფესიონალი ქართველი იურისტების მიერ დაარსებული BLC ადგილობრივ ბაზართან და ქვეყნის ეკონომიკის განვითარებასთან ერთად გაიზარდა. დღეს კომპანია საქართველოს იურიდიულ ფირმებს შორის ერთ-ერთ წამყვან პოზიციას იკავებს და კლიენტებს სრულყოფილ იურიდიულ მომსახურებას სთავაზობს საბანკო და საფინანსო სამართალში, საგადასახადო სამართალში, კორპორატიულ ტრანზაქციებში, უძრავ ქონებასა და ენერგეტიკის სექტორში, ასევე სამართალწარმოებაში და საერთაშორისო არბიტრაჟში. BLC-ს ხელმძღვანელობს შვიდი პარტნიორი და ჰყავს ქვეყნის ყველაზე დიდი და მაღალპროფესიული იურიდიული გუნდი, რომელიც ცნობილია თავისი პროფესიონალიზმითა და ეთიკური სტანდარტებით. თბილისსა და ბათუმში არსებული ოფისებით BLC გლობალურ ქსელსაც წარმოადგენს პარტნიორი იურიდიული ფირმების საშუალებით. კომპანია აღიარებულია საერთაშორისო ავტორიტეტული პლატფორმების მიერ, მათ შორის:  Legal 500Chambers GlobalIFLR და Global Law Experts“, – აღნიშნულია კომპანიის შესახებ დაწერილ ცნობარში. ამ კომპანიაში ელენე თავიდან სტაჟიორად აიყვანეს. მანამდე იგი იურიდიულ ფირმა „პრაიმ ლიგალსა“ და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის დეკანის აპარატში იყო სტაჟიორად არჩეული.

ელენე კაკულიას, რომელიც წარმატებებს გზადაგზა აგროვებს, საერთაშორისო ასპარეზზე ცნობილ არაერთ კონკურსში/შეჯიბრში აქვს მონაწილეობა მიღებული, როგორც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტს. ხშირ შემთხვევაში იგი ან გამარჯვებული გუნდის წევრი იყო, ან კონკურსში აღიარებული სპიკერი/ორგანიზატორი.  

გუნდს, რომელმაც იმიტირებული სასამართლო პროცესის საერთაშორისო შეჯიბრებაში  – Hugo Sinzheimer Moot Court Competition 2025 – გამარჯვება მოიპოვა, თავისი მწვრთნელი ასე ეხმაურებოდა: ,,განსაკუთრებული პატივია, იყო გამარჯვებული გუნდის მწვრთნელი. ჩვენმა წარმომადგენლობამ, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსუტეტიდან, პირველი ადგილი დაიკავა (Hugo Sinzheimer Moot Court Competition 2025. მეტი ინფორმაციისთვის მიჰყევით ბმულს: https://hsmcc2025.eu/). წლევანდელი, საიუბილეო, მე-10 შეჯიბრების მასპინძელი იყო ბრატისლავაში მდებარე European Labour Authority (ELA). იხ ვებგვერდი: https://www.ela.europa.eu/en. საქართველოს გუნდმა გაიმარჯვა ყველა შეხვედრაში და, მათ შორის, ფინალში. შეჯიბრებაში მონაწილე ყველა სხვა გუნდი ევროკავშირის ქვეყნებს წარმოადგენდა. განსაკუთრებული მადლობა გამარჯვებული გუნდის წევრებს: ელენე კაკულიას, კონსტანტინე ფირცხალაიშვილს, ელენე კარიაულსა და სალომე ვარდოშვილს. თქვენი გუნდური მუშაობა და მომზადება გამორჩეულად შთამბეჭდავი იყო“, – აღნიშნულია მწვრთნელის წერილში.

ელენე კაკულიამ თსუ-ს იურიდიული ფაკულტეტის სხვა სტუდენტებთან ერთად 2025 წელს მონაწილეობა მიიღო, ასევე,  ვაშინგტონში – კოლუმბიის ოლქში – ფილიპ ჯესაპის სახელობის საერთაშორისო სამართლის იმიტირებულ პროცესში. შეჯიბრებაში 152 ქვეყნის გუნდი იყო ჩართული.

სამართლის სტუდენტებისთვის ფილიპ ჯესაპის საერთაშორისო სამართლის იმიტირებული პროცესი მსოფლიოში უდიდესი იმიტირებული სასამართლო შეჯიბრებაა, რომელშიც 100-ზე მეტი ქვეყნის 800-ზე მეტი გუნდია ჩართული. მონაწილე ქვეყნები ყოველწლიურად ატარებენ ეროვნულ შეჯიბრებებს, გამარჯვებული გუნდები კი ვაშინგტონში, კოლუმბიის ოლქში გამართულ საერთაშორისო რაუნდში ასპარეზობენ. წელს ანალოგიური კონკურსი საქართველოშიც ჩატარდა. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდმა  როგორც წერითი ნამუშევრების, ასევე სპიკერების შეჯიბრებაში გაიმარჯვა და კოლუმბიის საგზურიც მოიპოვა. ამ პროცესის აღიარებულ საუკეთესო სპიკერად ელენე კაკულია და მისი თანაგუნდელი ელენე-ეკატერინე დვალიძე დასახელდნენ .  შეჯიბრების მორიგ რაუნდში თსუ-ს გუნდი დაუპირისპირდა ისეთ უნივერსიტეტებს, როგორებიცაა: კორნელის უნივერსიტეტი (აშშ), ჩარლზის უნივერსიტეტი (ჩეხეთი), მექსიკის და კენიის უნივერსიტეტები. ამ საერთაშორისო შეჯიბრებაში მონაწილეობის მიღებამდე ელენე ტაშკენტის სახელმწიფო უნივერსიტეტში (უზბეკეთი) ჯესაპის საზაფხულო სკოლაში იღრმავებდა გამოცდილებას.

ვისის სახელობის საერთაშორისო კომერციული არბიტრაჟის იმიტირებული პროცესის  – Vis Pre-Moot-ის –  შეჯიბრში ელენე კაკულიას წარმატებას ასე ეხმაურება მწვრთნელი: ,,TSU Vis Moot-ის გუნდის გამორჩეული წარმატების გაზიარება გვინდა თბილისის Pre-Moot-ზე! გთავაზობთ ჩვენი მიღწევების მთავარ შეჯამებას: 1. მძიმე კონკურენციის პირობებში, ყველა მონაწილე გუნდს შორის მეორე ადგილი მოვიპოვეთ! 2. ჩვენ ვართ ეროვნული ჩემპიონები! ქართველი უნივერსიტეტებიდან მონაწილეებს შორის პირველი ადგილი დავიკავეთ და ეროვნული ჩემპიონობა მოვიპოვეთ. 3. აშშ-ს კომერციის დეპარტამენტის რჩეული: დიდი პატივია, რომ CLDP-მ ჩვენი გუნდი ქართველ მონაწილეებს შორის თავის ფავორიტად გამოაცხადა. 4. სპონსორების აღიარება: განსაკუთრებული მილოცვა ელენე კაკულიასა და ალექსანდრე კახაძეს – მათი გამორჩეული გამოსვლის გამო. ისინი იურიდიული ფირმების სპონსორების ფავორიტებად დასახელდნენ! 5. ელენე კაკულიას განსაკუთრებული წარმატება: სიამოვნებით გაუწყებთ, რომ ელენე კაკულიამ მოიპოვა პრესტიჟული საუკეთესო სპიკერის ტიტული და შესაბამისი თასიც. ეს შესანიშნავი გამარჯვება ნათლად ასახავს ელენეს პროფესიულ უნარებს“.

2023 წელს ბერლინის ეკონომიკისა და სამართლის უნივერსიტეტში (გერმანია) ელენე იყო საზაფხულო სკოლის მონაწილე თემაზე: საერთაშორისო საჯარო სამართალი. ამავე წელს მაასტრიხტის უნივერსიტეტში (ნიდერლანდები) მან, როგორც ბრაუნ მოსტენის კლიენტის კონსულტაციის უნარების საერთაშორისო კონკურსის მონაწილემ, ეროვნული ჩემპიონობა მოიპოვა. ელენე კაკულია იყო საქართველოს იუსტიციის სამინისტროსა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთობლივი პროგრამის – მომავალი თაობის სამართლებრივი განათლების ხელშეწყობისთვის ტრენერების მომზადების შესახებ – მონაწილე. იგი გახლდათ ეროვნული კონკურსის გამარჯვებული კლიენტთან კონსულტაციის უნარებში (თავისუფალი უნივერსიტეტი). 2022 წელს ელენემ მონაწილეობა მიიღო საკონსტიტუციო სასამართლოს საზაფხულო სკოლაში (თემა: ადამიანის უფლებათა სამართალი), რომელიც საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ეგიდით გაიმართა ბათუმში.

ყველა ეს აქტივობა ელენე კაკულიას სტუდენტობის წლებს უკავშირდება და იგი მადლიერია, რომ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სახელი და უნივერსიტეტში მიღებული ცოდნა მას ყველგან გამოადგა. ელენე ფლობს ინგლისურ, ფრანგულ და რუსულ ენებს. წინ კიდევ დიდი გზა აქვს – საკუთარი გეგმების წინასწარ გამხელა არ უყვარს…

Facebook
Twitter
LinkedIn