ელენე გოგლიძე მადლიერია თსუ-სგან მიღებული შესაძლებლობისთვის – ესწავლა გერმანიაში

თარიღი: 2026-06-03 19:35:42

ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში განათლების მიღება, გაცვლით პროგრამაში მონაწილეობა, ახალი შთაბეჭდილებების და გამოცდილების დაგროვება ყველა სტუდენტის ოცნებაა. ამ გზას ყველა თავისებურად გადის. თსუ-ს ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის ფსიქოლოგიის მიმართულების მესამე კურსის სტუდენტი ელენე გოგლიძე თავის გამოცდილებას გვიზიარებს. მისთვის საზღვარგარეთ ერთი სემესტრით სწავლა დაუვიწყარ მოგონებად იქცა. „გერმანიაში მიღებულმა გამოცდილებამ უდიდესი გავლენა მოახდინა ჩემს პიროვნულ განვითარებასა და თვითრეალიზაციის პროცესზე. ამ ყოველივემ დადებითად იმოქმედა ჩემს თვითრწმენასა და ემოციურ მდგრადობაზე. განმივითარდა დამოუკიდებლობისა და ავტონომიურობის განცდა და პრობლემების გადაჭრის უნარი ყოველდღიურ გამოწვევებთან ადაპტაციის საპირისპიროდ. მქონდა შესაძლებლობა ენების გაუმჯობესების, ჩვენთვის უცნობი სწავლების მეთოდების გამოცდისა და საერთაშორისო გამოცდილების დაგროვების, რამაც ხელი შეუწყო გლობალური ხედვის ფორმირებასა და საერთაშორისო პროფესიული თუ პირადი კონტაქტების გაფართოებას“,  – ამბობს სტუდენტი.

ელენე  თსუ-ში სწავლაზეც გვიზიარებს თავის აზრს: „თსუ-ში სწავლამ, პირველ რიგში, მომცა უდიდესი ინფორმაციული საფუძველი ფსიქოლოგიის განხრაში, რაც დამეხმარა (უცხო გარემოში და უცხო ენაზე) ჩემთვის უცხო ფსიქოლოგიური ფენომენების გააზრებასა და სწავლის პროცესის წარმატებით დაძლევაში. მადლიერი ვარ მიღებული შესაძლებლობისათვის – მიმეღო მონაწილეობა გაცვლით პროგრამაში და გაფართოებული ჰორიზონტით დავბრუნებოდი ჩემს უნივერსიტეტსა და ქვეყანას“.

ელენეს აზრით, ცხოვრების ყველა ეტაპზე არსებული პატარა თუ დიდი წარმატებული ნაბიჯები აძლიერებს  თვითეფექტურობის განცდას და ყოველდღე ენთუზიაზმით გაჯერებული ცდილობს ცოდნის დაგროვებას, რათა თავისი  წვლილი შეიტანოს ადამიანების კარგად ყოფნის განცდასა და ცხოვრების ხარისხით კმაყოფილებაში. „ყოველთვის მიღწევაზე ორიენტირებული ადამიანი ვიყავი, ბეჯითად ვუდგებოდი სასწავლო მასალას. სკოლა დავამთავრე ოქროს მედალზე, დაფინანსებითა და მიღებული სახელმწიფო სტიპენდიებით განვაგრძობ სწავლას უნივერსიტეტში. დავამთავრე გერმანული სკოლა, სადაც წლის საუკეთესო შედეგით (მთელი სკოლის მასშტაბით) ავიღე გერმანული ენის c1 დონის დიპლომი, რისი წყალობითაც წარმატებით შევძელი გერმანულად სწავლის გაგრძელება და გერმანულ სოციუმთან ადაპტაცია“,  – ამბობს ელენე.

Facebook
Twitter
LinkedIn