ელენე გოგიაშვილის პროექტზე მუშაობის შედეგები უკვე გამოიკვეთა
შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის ხელშეწყობით თსუ-ს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე 2024 წლიდან მიმდინარეობს სამეცნიერო პროექტზე მუშაობა, რომლის ხელმძღვანელია ასოცირებული პროფესორი ელენე გოგიაშვილი. პროექტში „ზღაპარი და მუსიკა: ქართული ნარატიული და მუსიკალურ-სასცენო ჟანრების ინტერმედიალური შესწავლა“ [FR23-2808] ჩართული არიან ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის პროფესორი, პიანისტი და მუსიკოლოგი ნინო ჟვანია და ახალგაზრდა ეთნომუსიკოლოგი თეონა ლომსაძე.
„ზღაპრის თხრობის ხელოვნება ზეპირსიტყვიერებასა და ლიტერატურაში ერთი იმ ინტერდისციპლინურ საკითხთაგანია, რომელიც გარდა ფილოლოგიური და ფოლკლორისტული კვლევისა, ინტერმედიალური ასპექტების გაშუქებასაც ითხოვს. ხალხური ზღაპრის შესწავლისას პროექტში გათვალისწინებულია მათი მუსიკალური, სასცენო და ლიტერატურული ადაპტაციები, რომლებიც გავლენას ახდენენ ტრადიციულ სიტყვიერების გააზრებაზე მსმენელისა და მკითხველის მიერ. ზღაპრის ინტერმედიალური კვლევა მოიცავს მე-19/21-ე საუკუნეების ხელოვნების სხვადასხვა დარგის ფართო სპექტრს – ოპერა, ბალეტი, მიუზიკლი, ანიმაცია, კინემატოგრაფია, საბავშვო თეატრი და ლიტერატურა, როგორც მათი ტექსტობრივი კომპონენტი.
პროექტი ფოლკლორისტ-ფილოლოგის, მუსიკოლოგის და ეთნომუსიკოლოგის მონაწილეობით აერთიანებს ხალხური კულტურის, ლიტერატურის, მასკულტურის და პროფესიული მუსიკის შესწავლის სფეროებს. დასავლური მეცნიერება ხალხურ ზღაპარს სისტემატურად სწავლობს მედიის სხვადასხვა ფორმებთან ურთიერთკავშირში. ფოლკლორისტის და მუსიკოლოგის პოზიციიდან ზღაპრის ინტერმედიალური შესწავლა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ამოცანაა კულტურის ტრანსნაციონალურ და სოციოისტორიულ პროცესებზე დაკვირვებისთვის.
ქართულ სამეცნიერო სივრცეში სიღრმისეულად არის შესწავლილი ზღაპრის წარმოშობისა და გავრცელების საკითხი, მითოლოგიური ასპექტები, ლიტერატურასთან ურთიერთმიმართება. ეთნომუსიკოლოგების მხრიდან ფოლკლორით დაინტერესება მუსიკალურ-ქორეოგრაფიული აპექტებით შემოიფარგლება. ზღაპრის (ხალხურიც, ლიტერატურულიც) ინტერმედიალობის საკითხი კი შეუსწავლელი იყო. ამდენად, ეს პროექტი მიზნად ისახავს ამ ვაკუუმის შევსებას ტრადიციული ზღაპრის ფოლკლორული/ლიტერატურული ტექსტების მუსიკალური, სცენური და კინემატოგრაფიული დამუშავებების კონტექსტში შესწავლით.
დღევანდელ საზოგადოებაში ზღაპარი არსებობს ზეპირი, წერილობითი და ვიზუალური ფორმით, როგორც ფოლკლორული, ლიტერატურული და სასცენო/კინო ჟანრი. ზღაპრის მუსიკალური და ვიზუალური მედიის ადაპტაციები გვაჩვენებს, რომ ზღაპარი დიდწილად დამოკიდებული გახდა მედიის მრავალფეროვნებაზე. ზღაპრის ამ პერსპექტივით შესწავლა გამოწვეულია მეცნიერების გაზრდილი მოთხოვნებით და ტექნიკურ-რაციონალურ სამყაროში მცხოვრები ადამიანის გაფართოებული ჰორიზონტით“, – ამბობს ელენე გოგიაშვილი.
პროექტზე მუშაობის შედეგები უკვე გამოიკვეთა. მომზადდა მოხსენებები საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციებზე. ელენე გოგიაშვილმა პრეზენტაციები წარადგინა ლატვიის უნივერსიტეტში გამართულ ფოლკლორისტთა საერთაშორისო საზოგადოების კონგრესზე და სომხეთის მეცნიერებათა აკადემიის არქეოლოგიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტის კონფერენციაზე.
