ფოლკლორი თანამედროვე სამეცნიერო კვლევებში – სამეცნიერო კონგრესი ლატვიაში
ივნისის ბოლოს, ფოლკლორისტთა საერთაშორისო საზოგადოების ორგანიზებით, რიგაში ლატვიის უნივერსიტეტის ლიტერატურის, ფოლკლორისა და ხელოვნების ინსტიტუტში – The International Society for Folk Narrative Research (ISFNR) XIX სამეცნიერო კონგრესი გაიმართა.
ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ფოლკლორისტიკის კათედრის ასოცირებული პროფესორის, ელენე გოგიაშვილის ინფორმაციით, ყოველ ოთხ წელიწადში ერთხელ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში იმართებაკონგრესი, ხოლო კონგრესსა და კონგრესს შორის – შუალედური კონფერენციები. ამასთან, ფოლკლორისტთა საერთაშორისო საზოგადოების სამეცნიერო ღონისძიებები მოიცავს თემატურ კონფერენციებს, ლექციების ონლაინ ციკლებს, სამეცნიერო პუბლიკაციებს, პერიოდულ ბეჭდურ და ონლაინ გამოცემებს… ამჯერად ფოლკლორისტთა XIX კონგრესის მასპინძელი ქვეყანა ლატვია იყო.
აღსანიშნავია, რომ წელს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან ფოლკლორისტთა კონგრესზე მოხსენებით წარდგა ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ფოლკლორისტიკის კათედრის ასოცირებული პროფესორი ელენე გოგიაშვილი.
„ფოლკლორისტთა უმნიშვნელოვანეს სამეცნიერო ფორუმზე გამგზავრების შესაძლებლობა შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის ხელშეწყობით მომეცა.კონგრესზე 150-ზე მეტი მეცნიერი მონაწილეობდა მსოფლიოს ყველა კონტინენტიდან. საქართველოდან და მთლიანად კავკასიის რეგიონიდან წელს ერთადერთი წარმომადგენელი ვიყავი.წლევანდელი კონგრესის თემატიკა სრულად ეხმიანებოდა ბოლო წლებში მიმდინარე პოლიტიკურ, ეკონომიკურ, სოციალურ და ეკოლოგიურ პროცესებს. საზოგადოებაში არსებული ყოველი პრობლემა, იქნება ეს დაკავშირებული გეოპოლიტიკურ თუ ეკოსისტემურ ცვლილებებთან, მიგრაციასთან, რადიკალიზაციასა თუ პოლარიზაციასთან, ხელოვნური ინტელექტის ელვის სისწრაფით განვითარებასთან – ჩვენს ყოველდღიურობაზე აისახება და გარდაიქმნება ახალ ნარატივად. ფოლკლორი არა მარტო წარსულის ექოა, არამედ აწმყოსიც და კვალდაკვალ მიჰყვება თანამედროვეობას, ასახავს სოციალურად სანქცირებულ მოვლენებს, ლაპარაკობს ადამიანის დაფარულ სურვილებზე და შინაგან მღელვარებაზე“, – აღნიშნა ელენე გოგიაშვილმა.
მისივე ინფორმაციით, ფოლკლორის თანამედროვეობაში შესწავლისთვის მეცნიერებაში სხვადასხვა მიდგომა შემუშავდა: თხრობის სოციოკულტურული კონტექსტი, მედიალიზირებული ზეპირსიტყვიერების კვლევა, კულტურულ-ისტორიული ანალიზი ფოლკლორული ტექსტის ადაპტაციებში,რამდენადაც ფოლკლორისტიკის ყურადღების ცენტრში მოექცა ეკონომიკური ბაზარი და მასთან ერთად კულტურის პროდუქტებისა და პრაქტიკის სტანდარტიზაციაც. წიგნების, კომიქსებისა და ფილმების მეშვეობით, პოპულარული მითოლოგიური თემების გარდა, მეცნიერებმა საკვლევ ობიექტად შემოიტანეს მათი ადაპტაციები, ტრანსფორმაციები და ეკონომიკური და სოციოპოლიტიკური მნიშვნელობა.
აღსანიშნავია, რომ ფოლკლორისტთა კონგრესზე სხდომები რამდენიმე სექციად იყო განაწილებული: თეორიულ პარადიგმათა ცვლა თხრობითი ტრადიციის კვლევაში: წარსული და თანამედროვეობა; თხრობითი ტრადიციის კვლევის დიგიტალური მეთოდები: შესაძლებლობები და გამოწვევები;ზეპირი VS ონლაინ: ფოლკლორი დიგიტალურ ერაში და სოციალურ მედიაში; ფოლკლორული ნარატივები ცვალებად გარემოში; კრიზისული პერიოდის ფოლკლორი; ფოლკლორი, ლიტერატურა და მედია.
ელენე გოგიაშვილის თქმით, სამეცნიერო სესიების პარალელურად, რიგაში ლატვიური ხალხური სიმღერისა და ცეკვის ანსამბლების ფესტივალი მიმდინარეობდა. ფოლკლორისტთა კონგრესი წელს ბალტიური ტრადიციული დღესასწაულის აღნიშვნას დაემთხვა წლის ყველაზე ნათელ დროს ივნისში, როცა ყველაზე გრძელი დღეებია. ყვავილებითა და მუხის ფოთლებით შემკულ ქალაქში ხალხურმა მუსიკამ განსაკუთრებული ხიბლი შესძინა ფოლკლორისტთა წლევანდელ შეხვედრას.