ელენე გიორგაძე: ,,პალაცკის უნივერსიტეტი, თეორიასთან ერთად, ორიენტირებული იყო პრაქტიკულ სწავლებაზე“
თსუ-ს ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის მესამე კურსის სტუდენტი ელენე გიორგაძე, გაცვლითი პროგრამის ფარგლებში, ჩეხეთის პალაცკის უნივერსიტეტში სწავლობდა. თუ რა გამოცდილება შესძინა საზღვარგარეთ ერთი სემესტრით სწავლამ, ელენე გვიყვება: ,,ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე შემიძლია ვთქვა, რომ ჩეხეთში გატარებული დრო ყველაზე ტკბილად მახსენდება. ამ პერიოდს ჩემი ზღაპრის ფერად ფურცლად აღვიქვამ. ვფიქრობ – სწორ დროს სწორ ადგილას აღმოვჩნდი. საზღვარგარეთ ცხოვრება და სწავლა, განსაკუთრებით პატარა ასაკში, საფუძვლიანად გზრდის და გაყალიბებს. ამ დროს იაზრებ, რომ თუ საკუთარი თავი გყავს, ყოველთვის ყველაფერს შეძლებ. რაც უნდა იდეალურად გრძნობდე თავს, სახლიდან ასე შორს ყოფნა მარტივი არ არის. სწორედ ეს სირთულეები, რასაც სახლიდან შორს მყოფი აწყდები, გზრდის და გასწავლის უამრავ გაკვეთილს. გაცვლითი სემესტრის განმავლობაში ჩემს ,,ახალ ვერსიას“ გავეცანი, რომელიც ვერც კი წარმომედგინა, თუ არსებობდა, რადგან ვერასოდეს ვიფიქრებდი, რომ დამოუკიდებლად ამდენ რამეს შევძლებდი. ახალმა მეგობრებმა, რომლებიც ჩემს მეორე ოჯახად გადაიქცნენ და ახალმა კულტურამ უდიდესად დადებითი კვალი დატოვა ჩემზე. უაღრესად მადლიერი ვარ, რომ ეს შესაძლებლობა მომეცა. ყოველთვის დიდი სითბოთი მოვიგონებ ჩემს ჩეხურ თავგადასავალს და ჩემი ცხოვრების ეს ეტაპი ყოველთვის იქნება ჩემი პიროვნების ფორმირების ერთ-ერთი მთავარი ნაწილი“, – ამბობს ელენე.
ელენე გიორგაძე თსუ-ს მეტად ემადლიერება და ამაყობს, რომ უაღრესად განათლებული და კვალიფიციური ლექტორების სტუდენტის სტატუსი აქვს. ,,ჩემს ლექტორებთან ურთიერთობა, მათი დაუღალავი შრომა უდიდესი მოტივაციაა ჩემთვის, რომ კარიერულ მწვერვალებს მივაღწიო. მინდა განსაკუთრებულად მოვიხსენიო სოფიო დოლიძე, ლექტორი, რომელმაც პირველი კურსიდან, ფაქტობრივად, გამომზარდა. მისი ყოველი ლექცია თუ სემინარი უდიდესი ინსპირაცია იყო ჩემთვის, რომ საკუთარი თავის უკეთესი ვერსია შემექმნა. ასევე უნდა მოვიხსენიო თამარ გველესიანი, რომლის წყალობითაც შევიტყვე ჩეხეთის გაცვლით პროგრამაზე. რომ არა ის, შესაძლებელია, ვერც მესარგებლა ამ შანსით. ასევე გამოვყოფ თამარ მანაგაძეს, რომლის ენერგია, ძალისხმევა და მოტივაცია ავტომატურად ყველა სტუდენტზე ვრცელდება. კიდევ უამრავი პროფესიონალია, რომელთა მადლიერიც ვარ“, – აღნიშნავს ელენე. მისი თქმით, თსუ-ში იგი საფუძვლიან თეორიულ განათლებას იღებს, თუმცა ხშირად სტუდენტებს არ აქვთ ამ ცოდნის გამოყენების სათანადო უნარი პრაქტიკული გამოცდილების ნაკლებობის გამო. სწორედ ამ პრობლემას უკავშირდება ელენეს სურვილებიც: ,,პალაცკის უნივერსიტეტი, თეორიასთან ერთად, ორიენტირებული იყო პრაქტიკულ სწავლებაზე, რაც გამოიხატებოდა ჯგუფური თერაპიების ჩატარებით, სხვადასხვა მოდელების განსახიერებით და ა.შ. ვფიქრობ, თსუ-ში კარგი იქნება გვქონდეს საგნები, რომლებიც ცოდნის პრაქტიკულად გამოყენების მეტ შესაძლებლობას მოგვცემს, რათა მომავალ საქმიანობაში უფრო კომპეტენტურები, თავდაჯერებულები ვიყოთ და ეფექტიანად გამოვიყენოთ უნივერსიტეტში მიღებული განათლება“.
