ელენე ფარულავას მიზანია ადამიანის უფლებების დაცვაზე ორიენტირებული ქვეყნის განვითარებაში მიიღოს მონაწილეობა
თსუ-ს იურიდიული ფაკულტეტის მე-4 კურსის სტუდენტმა, ელენე ფარულავამ, ბაკალავრიატის საფეხურზევე შეძლო ევროპული განათლების მიღება. მან ერთი სემესტრი ფინეთში, ჰელსინკის უნივერსიტეტში გაატარა, სადაც საინტერესო აკადემიურ კულტურასა და სწავლების მეთოდებს გაეცნო.
ელენესთვის გაცვლით პროგრამაში მოხვედრა ხანგრძლივი და მიზანმიმართული შრომის შედეგი იყო. როგორც თავად აღნიშნავს, თსუ-ში არსებული მაღალი კონკურენციის პირობებში მხოლოდ სურვილი საკმარისი არ არის. საჭიროა მაღალი აკადემიური მოსწრება და საკუთარი მიზნების მკაფიოდ ჩამოყალიბება. „ვფიქრობ, მოტივაცია არის ის მამოძრავებელი ძალა, რომელიც ყველაზე მეტად გეხმარება მიზნისკენ თანმიმდევრულ სვლაში. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია გასაუბრების ეტაპი, სადაც არა მხოლოდ აკადემიური მონაცემები, არამედ პიროვნული უნარებიც ფასდება. კონკურსის პროცესმა მასწავლა მოთმინება და საკუთარი თავის რწმენა“, – იხსენებს ელენე.
როგორც თავად ამბობს, ჰელსინკის უნივერსიტეტში გატარებულმა პერიოდმა მას პროფესიულ ცოდნასთან ერთად ცხოვრებისეული გამოცდილებაც შესძინა. სტუდენტი განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებს იქაური სწავლების მეთოდიკაზე, რომელიც კვლევით მუშაობასა და პრაქტიკულ კომპონენტებზეა ორიენტირებული. „ჰელსინკში შეფასების სისტემა მრავალკომპონენტიანია: პრეზენტაციები, კვლევითი ნაშრომები და მიმდინარე აქტივობები ისევე მნიშვნელოვანია, როგორც ტრადიციული გამოცდა. იქ სწავლება უფრო მეტად პრაქტიკული გამოცდილების გაღრმავებისკენ არის მიმართული“, – ამბობს ელენე და ასევე ხაზს უსვამს ლექტორებთან უშუალო და სწრაფი კომუნიკაციის მნიშვნელობას.
მიუხედავად სწავლების მეთოდებში არსებული განსხვავებისა, სტუდენტი მიიჩნევს, რომ საერთაშორისო გარემოში თავის დამკვიდრებაში მას თსუ დაეხმარა. მისი თქმით, თსუ-ში გამომუშავებული პასუხისმგებლობის გრძნობა, კრიტიკული აზროვნება და მყარი თეორიული ბაზისი აუცილებელი აღმოჩნდა უცხოურ გარემოსთან ადაპტაციისთვის.
„ჩემთვის, ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპია საზღვარგარეთ დაგროვებული ცოდნისა და უნარების საქართველოში გამოყენება, რათა ჩემი წვლილი შევიტანო ადამიანის უფლებების დაცვაზე ორიენტირებული ქვეყნის განვითარებაში“, – აცხადებს ელენე ფარულავა.
