ელენე ელბაქიძე კონფერენციაში გამარჯვებულთა შორისაა
,,ეთნიკური უმცირესობების გამოწვევები ქვემო ქართლის საჯარო სკოლებში“ – ამ სახელწოდებით წარადგინა თავისი მოხსენება სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის მე-3 კურსის სტუდენტმა ელენე ელბაქიძემ ფაკულტეტის სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების სამსახურის ორგანიზებით გამართულ სტუდენტთა IX საფაკულტეტო სამეცნიერო კონფერენციაზე (სექცია – მოწყვლადი ჯგუფები თანამედროვე საქართველოში). ელენე ელბაქიძე კონფერენციაში გამარჯვებულთა შორისაა.
რატომ დაინტერესდა ამ თემით და რა პროცესი გაიარა თემის დასამუშავებლად? – კონფერენციაში გამარჯვებული ელენე ელბაქიძე, რომლის მეწყვილეც სტუდენტი თინათინ წერეთელი გახლდათ, საკუთარ ინტერესებზე გვიამბობს და აცხადებს: ,,როდესაც საკვლევი თემის იდეაზე დავიწყეთ ფიქრი, ჩემმა კოლეგამ თინათინმა გამიზიარა საკუთარი გამოცდილება და შეხედულება ეთნიკურად აზერბაიჯანელ კლასელებზე, რომლებიც არაერთ გამოწვევას აწყდებოდნენ სასკოლო სივრცეში. სწორედ ეს გახდა დაინტერესების მიზეზი. ბოლნისისა და მარნეულის საჯარო სკოლებში ბევრი აზერბაიჯანელი მოსწავლე ირიცხება, თუმცა, ქართული ენის არ ცოდნა, თინათინის თქმით, კომუნიკაციაში, აკადემიურ მოსწრებასა და კლასელებთან ინტეგრირებაში უშლიდათ ხელს. იქიდან გამომდინარე, რომ სოციალური მუშაობისთვის მნიშვნელოვანია თითოეული ინდივიდის, ჯგუფისა თუ თემის გაძლიერება, მხარდაჭერა, მათი საჭიროებების დაკმაყოფილება და ადვოკატირება, კონფერენციაში მონაწილეობის მიღება შესაძლებლობად დავინახე ამ პრინციპების დაცვის კუთხით. ამის შემდეგ დავიწყეთ ლიტერატურის მოძიება, სადაც, ძირითადად, საუბრობდნენ აზერბაიჯანულენოვან სკოლებში არსებულ გამოწვევებზე. იმისთვის, რომ თემა აქტუალური, საინტერესო და ვალიდური ყოფილიყო, გადავწყვიტეთ ჩვენი კვლევა ჩაგვეტარებინა ქვემო ქართლის ქართულენოვან სკოლებში, კერძოდ, ბოლნისსა და მარნეულში, რათა გვეკვლია – თუ რა დაბრკოლებებს აწყდებიან ეთნიკურად აზერბაიჯანელი მოსწავლეები“, – აღნიშნავს ელენე.
ბლიც-ინტერვიუ
- რატომ აირჩიე შენი პროფესია და რამდენად მოგწონს?
- სკოლის პერიოდში, როდესაც ფიქრი დავიწყე ჩემს სამომავლო პროფესიაზე, საკუთარი თავი წარმოვიდგინე სადღაც, სადაც ადამიანებს დავუჭერდი მხარს, დავიცავდი მათ უფლებებსა და ღირსებას. განსაკუთრებით დაინტერესებული ვიყავი ბავშვებისა და ოჯახში ძალადობის მსხვერპლი ქალების საკითხებით. აბიტურიენტობის დროს, როდესაც გავეცანი ინფორმაციას სოციალური მუშაობის შესახებ, პროფესიულმა ღირებულებებმა ჩემში დიდი მოწონება და ინტერესი გამოიწვია. ეს არის პროფესია, რომლის მიზანია ინდივიდების, ჯგუფისა და თემის უფლებების დაცვა და კეთილდღეობის გაუმჯობესება, იქნება ეს სოციალური, ეკონომიკური თუ ფსიქოლოგიური მიმართულება. სწორედ ეს არის მიზეზი, რატომაც ავირჩიე ეს პროფესია. დავამატებ იმასაც, რომ საბაკალავრო პროგრამა სტუდენტს სთავაზობს პრაქტიკის კომპონენტს, რომლის ფარგლებშიც შესაძლებლობა გვაქვს სხვადასხვა ორგანიზაციაში მივიღოთ გამოცდილება და გავიუმჯობესოთ პრაქტიკული უნარები. განსაკუთრებით მომწონს პროფესიული პრინციპები, კერძოდ: სოციალური სამართლიანობის დაცვა და უსამართლობის წინააღმდეგ ბრძოლა, პიროვნების ღირსების პატივისცემა, მრავალფეროვნების აღიარება და სხვა. გვერდს ვერ ავუვლი შედეგს, როდესაც ვისმენ – თუ როგორ შეცვალა სოციალურმა მუშაკმა თუნდაც ერთი ადამიანის ცხოვრება უკეთესობისკენ… ესეც საკმარისია ამ პროფესიის დაფასებისთვის.
- რა ცოდნას გაძლევს უნივერსიტეტი?
- სოციალური მუშაობის საბაკალავრო პროგრამა სიღრმისეულ თეორიულ ცოდნას გვაძლევს, რომელიც დაფუძნებულია როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ლიტერატურაზე. შემოთავაზებული სალექციო კურსები მრავალფეროვნებით გამოირჩევა. შესაძლებლობა გვაქვს თითქმის ყველა სპეციფიკის კუთხით მივიღოთ ინფორმაცია, მაგალითად: ბავშვებთან, ქალებთან, ხანდაზმულებთან, ლგბტ თემთან, ინკლუზიურ განათლებასთან, ფსიქიკური ჯანმრთელობის პოლიტიკასთან, სამართლებრივ ასპექტებთან, ჯანდაცვასთან თუ სხვა საკითხთან დაკავშირებულ თემებზე. გარდა ამისა, მეორე კურსის მეორე სემესტრიდან შესაძლებლობა გვეძლევა დამამთავრებელი კურსის ფარგლებში გავიაროთ პრაქტიკა სხვადასხვა ორგანიზაციაში. პრაქტიკის კომპონენტი საშუალებას გვაძლევს დავაკვირდეთ სოციალური მუშაკის როლს, მუშაობის სპეციფიკას, ორგანიზაციის სტრუქტურას, კანონმდებლობების მიმოხილვას, ფორმებისა და ანგარიშების წერის სტრუქტურის შესწავლას, შემთხვევებზე სიარულს და მათ ანალიზს; ასევე, გვეხმარება ინტერვიუს ჩატარებისთვის საჭირო უნარების გამომუშავებაში.
- ვინ არის/არიან უნივერსიტეტში შენი საყვარელი ლექტორ(ებ)ი?
- რთულია კონკრეტული სახელების დასახელება, მაგრამ იმ პროფესორებმა, რომლებმაც ხელი შეუწყვეს ჩვენი პროფესიის დანერგვას უნივერსიტეტში, ყოველთვის მისაბაძი ადამიანები იქნებიან. აღსანიშნავია საბაკალავრო პროგრამის ხელმძღვანელი სალომე ნამიჭეიშვილი, რომელიც მაქსიმალურად ცდილობს საინტერესო, მრავალფეროვანი და თბილი გარემოს შექმნას; ასევე, დავასახელებდი თამარ მახარაძეს, რომელიც ყოველთვის სიღრმისეულად და პასუხისმგებლობით ეკიდება საკუთარ საქმეს. კვლევის ჩატარებისთვის შესაბამისი უნარები სწორედ მისი ლექციების დახმარებით შევიძინე.
- რა პრობლემას გამოკვეთდი საუნივერსიტეტო ცხოვრებიდან?
- ვფიქრობ, სოციალური მუშაობის კუთხით იშვიათად ტარდება შეხვედრები, პროექტები ან ღონისძიებები, თითქოს არც სტუდენტური თვითმმართველობის მხრიდან ჩანს დაინტერესება, რაც დანაკლისის გრძნობას მიჩენს. მნიშვენლოვანია გარდა სალექციო საათებისა, სტუდენტი ჩართული იყოს სხვადასხვა ღონისძიებაში, რათა უფრო მეტი გამოცდილება, უნარები და ცოდნა მიიღოს.
- რა სურვილები გაქვს, რაც უნივერსიტეტს და შენს სტუდენტობას უკავშირდება?
- ვისურვებდი, რომ ჩემი პროფესიის/ფაკულტეტის, კერძოდ, სოციალური მუშაობის შესახებ ინფორმირებულობის დონე გაიზარდოს საზოგადოებაში და უფრო მეტი ადამიანი დაინტერესდეს ამით. გარდა ამისა, ჩემი დიდი სურვილია, რომ უნივერსიტეტში დავაგროვო ის ყველა საჭირო უნარები და ცოდნა, რომლითაც შემდეგ შევძლებ პროფესიული ვალდებულებებისა და ფუნქციის პროფესიონალურად შესრულებას; გარდა ამისა, მინდა, უფრო მეტი გამოცდილება მივიღო აკადემიურ სფეროში და შევძლო სხვადასხვა საკითხზე კვლევების სიღრმისეულად ჩატარება.