ელენე ცაცუას წარმატების ფორმულა ბედნიერების შეცნობაა
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ინგლისური ფილოლოგიის მიმართულების დოქტორანტი ელენე ცაცუა გვიზიარებს თავის გამოცდილებას – თუ როგორ შეძლო გაცვლითი პროგრამით სარგებლობა, რა სირთულეებთან იყო დაკავშირებული კონკურსის გავლა და როგორ მიაღწია სასურველ შედეგს.
2025 წლის შემოდგომის სემესტრი ელენემ ბულგარეთში, ქალაქ ველიკო-ტარნოვოში, ველიკო-ტარნოვოს წმინდა კირილეს და მეთოდეს უნივერსიტეტში გაატარა. თავის შთაბეჭდილებებს ელენე თამამად გვიზიარებს. „შემიძლია ვთქვა, რომ საუკეთესო ერთი სემესტრი გავატარე ბულგარეთში, ქალაქ ველიკო-ტარნოვოში, სადაც შევიძინე მართლაც სასარგებლო გამოცდილება, რაც, დარწმუნებული ვარ, მომავალშიც გამომადგება ჩემს ქვეყანაში. უპირველესად, სხვა გარემოში ცხოვრება ყოველთვის არის გამოცდილება, როცა თავად პოზიტიური მიზნებით და გეგმებით ჩადიხარ უცხო ქვეყანაში. ყოველი დღე პროდუქტიული იყო ჩემთვის. ვცდილობდი, სადოქტოროზე მუშაობის პარალელურად ბევრი სხვა რამ მეკეთებინა, როგორებიცაა: საუნივერსიტეტო საგნების არჩევა და სწავლა (რაც არ იყო სავალდებულო ჩემთვის, რადგან დოქტორანტი ვიყავი), კულტურის და ტრადიციების გაზიარება საერთაშორისო სტუდენტებისთვის, ვორქშოპების ჩატარება და მოგზაურობა“.
ელენე ასევე დაინტერესდა ბულგარეთის ისტორიის, კულტურისა და ხელოვნების შესწავლით. მან გაიარა საინტერესო საგნები, როგორებიცაა: ჰუმანური განათლება, ევრო ინტეგრაციის ისტორია, კულტურათშორისი კომპეტენციები, ბულგარეთის ისტორია, ბულგარეთის ხელოვნება და კულტურა. „სხვათა შორის, ბევრი განსხვავება და მსგავსება გვაქვს ბულგარელებსა და ქართველებს, მაგალითად, სტუმართმოყვარეობა, ტრადიციების და სარწმუნოების სიყვარული… მინდა განსაკუთრებით ველიკო-ტარნოვოს უნივერსიტეტის ლექტორები გავიხსენო, რომლებსაც ძალიან უყვართ საქართველო და პატივს სცემენ ჩვენს კულტურას. ერთმა ლექტორმა თავისი ინიციატივით ბაჩკოვოს (პეტრიწონის) მონასტერშიც კი წამიყვანა, იმისთვის, რომ უბრალოდ გავეხარებინე, რადგან ეს ის ადგილია, სადაც ყველა ქართველი ადამიანი სიამაყით მივა. ძალიან გამიმართლა, როცა მონასტერში ჩასულს ქართულ-ბულგარულ ენებზე დამხვდა წირვა-ლოცვა. ეს იყო საოცარი განცდა, რომელსაც ენით ვერ აღწერ. თან მაშინ, როცა ძალიან გენატრება შენი სამშობლო და შენი ახლობლები, უცებ გესმის ღვთისმსახურება ქართულ ენაზე. არასდროს დამავიწყდება ის დიდებული დღე“, – ამბობს ელენე. სწავლასთან ერთად ელენემ ევროპის სხვადასხვა ქვეყანაშიც იმოგზაურა, მოინახულა ბულგარეთის რამდენიმე მნიშვნელოვანი ქალაქი და ადგილები.

ელენე თვლის, რომ მის წარმატებაში თსუ-ს მაინც გადამწყვეტი როლი აქვს. „ფაქტობრივად, რასაც წარმოვადგენ, ჩემი შრომის, მონდომებისა და თსუ-ს დამსახურებაა. სადოქტოროზე სწავლის დროს დავრწმუნდი, რომ თსუ-ში პროგრამები კარგად არის ორგანიზებული. ჩემი აზრით, სტუდენტზეა ორიენტირებული ყველა სერვისი თუ სივრცე. თსუ-მ მომცა შესაძლებლობა, რომ 2025 წლის შემოდგომის სემესტრში ჩემი სადოქტორო ნაშრომის ერთი ნაწილი ველიკო-ტარნოვოს უნივერსიტეტში დამესრულებინა მინიმალური სტრესის ფონზე. დიდი სურვილი მაქვს, უფრო მეტ სტუდენტს მიეცეს ამის შესაძლებლობა მომავალში და გაგრძელდეს ახლო თანამშრომლობა ევროპის სხვადასხვა უნივერსიტეტთან. საქართველოსნაირი მსგავსი პატარა ქვეყნისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ერაზმუსის პროგრამის არსებობა, რადგან ამ გზით ჩვენი ახალგაზრდობის თვალსაწიერი და ხედვის მასშტაბები იზრდება. ჩემი წამოსვლის შემდეგ კიდევ ოთხმა ქართველმა სტუდენტმა მოახერხა ველიკო-ტარნოვოს უნივერსიტეტში სწავლა. მათ საჭირო ნივთები დავუტოვე პატარა წერილთან ერთად, რათა გაადვილებოდათ უცხო ქვეყანაში ჩასვლის პირველ დღეები“, – ამბობს ელენე.
ელენე ცაცუას თავისი წარმატების პატარა „საიდუმლოც“ აქვს: „ხშირად ვისმენთ – წარმატებისთვის იღბალი გჭირდებაო. შესაბამისად, ადამიანები უცდიან, როდის გამოჩნდება ხელსაყრელი მომენტი, როცა გაუღიმებთ იღბალი და მიაღწევენ წარმატებას. ჩემს ცხოვრებაში ეს ,,პრეზუმფცია“ არ ამართლებს. მე სხვა ცხოვრებისეული გამოცდილება მაქვს. ჩემთვის წარმატების საიდუმლო ეფუძნება ბედნიერებისკენ სწრაფვას, რაშიც ვგულისხმობ დაუღალავ შრომას და მონდომებას – სამყარო გახადო უკეთესი, პოზიტიური გავლენა მოახდინო შენს ირგვლივ მყოფებზე და ასევე გზა გაუკვალო უმცროს თაობას. სამეცნიერო კვლევებზე მუშაობაც სწორედ ამის ნაწილია. ჩემი სადისერტაციო ნაშრომის თემა და საკვლევი მიზნები ისე შევარჩიე, რომ მხოლოდ ფურცელზე დაწერილი არ აღმოჩნდეს საბოლოო ჯამში, რომელსაც მხოლოდ სამი თუ ოთხი ადამიანი წაიკითხავს. ძალიან ვეცადე, რომ დისერტაციაზე მუშაობა ნაკლებად სტრესული ყოფილიყო. დამღლელი შრომის მიუხედავად, ვიგრძენი შედეგებით გამოწვეული სიხარული და ბედნიერება. ჩემთვის ნამდვილი წარმატება მოაქვს საქმის სიყვარულს, გულწრფელობას და სხვისთვის ცოდნის გაზიარების სურვილს. წარმატება და ბედნიერება თანაარსებობენ. ბედნიერება სხვასაც გადაეცემა და მრავლდება. სწორედ ამ მიზნით ქალაქ გორნა ორიაჰოვიცაში ერთ-ერთი საჯარო სკოლის მე-10 კლასში ჩავატარე ვორქშოპი თემაზე: როგორ შევცვალოთ გარემო უკეთესობისკენ. მოსწავლეებს გავაცანი ის სტრატეგიები, რომლებიც გვეხმარება გავხდეთ ლიდერები და პოზიტიური გავლენა მოვახდინოთ გარემოზე. ჩემდა გასაოცრად მოხდა ისე, რომ ამ შეხვედრის შესახებ სტატია დაბეჭდეს ბულგარეთის საგანმანათლებლო ონლაინ გაზეთში.
ჩემთვის წარმატებაა, როცა სხვა ქვეყანაში მიღებულ გამოცდილებას, რომელმაც გამზარდა პიროვნულად და პროფესიული კუთხით, საქართველოში გამოვიყენებ, ანუ, გამოვადგები ჩემს უნივერსიტეტს, სტუდენტებს და ჩემს სამშობლოს“.
