კონფერენცია პროფესორ ელენე ბაბუნაშვილის 100 წლისთავს მიეძღვნა
თსუ-ს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ქართული ენის სასწავლო–სამეცნიერო ინსტიტუტისა და არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტის მიერ ორგანიზებული ღონისძიება ქართველი ენათმეცნიერის, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორის, პროფესორ ელენე ბაბუნაშვილის 100 წლისთავს მიეძღვნა. დიდი მეცნიერის, თაობების აღმზრდელი მასწავლებლის ხსოვნის საღამოსა და სამეცნიერო კონფერენციას პროფესორის კოლეგები, თსუ–ს თანამშრომლები, მოწვეული სტუმრები, ოჯახის წევრები და მეგობრები დაესწრნენ.
საღამო გახსნა თსუ-ს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანმა დარეჯან თვალთვაძემ, რომელმაც აღნიშნა: ,,პროფესორ ელენე ბაბუნაშვილის (სიყვარულითა და მოფერებით მოხსენებისას ყველასთვის ნელი ბაბუნაშვილის) დაბადებიდან 100 წელი გავიდა. ქალბატონი ნელი იყო ნამდვილი უნივერსიტეტელი (პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობით). ნელი ბაბუნაშვილის პედაგოგებმა ეს უნივერსიტეტი დააარსეს და იგი ღირსეულად აგრძელებდა იმ ტრადიციას, რომელზეც გაიზარდა და თავადაც მეცნიერთა, პედაგოგთა არაერთი თაობა აღზარდა. დღესაც ახსოვთ მის მოწაფეებს გამორჩეულად მშვენიერი, დახვეწილი, დიდი მეცნიერი და თვალსაჩინო პიროვნება, სასიამოვნოდ მოუბარი, მუდამ პრობლემის მოგვარებაზე ორიენტირებული თავაზიანი ქალბატონი. იგი ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვან საკითხებზე მუშაობდა: იყო ანტონ კათალიკოსის სახელისა და ღვაწლის სწორად და მართებულად შემფასებელთაგან ერთ-ერთი პირველი, რომელმაც მას ორი მონოგრაფია მიუძღვნა დამოუკიდებლად და თანაავტორთან ერთად. ჩემი თაობის წარმომადგენლებს ახსოვთ არაქართულენოვანი მსმენელისთვის მისი ტელეგაკვეთილები, რომლებიც წლები გრძელდებოდა. გარდა ამისა, ქალბატონი ნელი იყო არაჩვეულებრივი ოჯახის შვილი და არაჩვეულებრივი ოჯახის დიასახლისი – გამორჩეული მეცნიერის, თურქოლოგ ნოდარ ჯანაშიას მეუღლე, რომლის 100 წლისთავს აღმოსავლეთმცოდნეობის მიმართულება სულ მალე აღნიშნავს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. ქალბატონი ნელი იყო კარგი დედა და ბებია, იცოდა გამორჩეული მეგობრობა. მისი ურთიერთობა ქალბატონ მზექალა შანიძესთან განსაკუთრებული იყო. მინდა მადლობა გადავუხადო კონფერენციის ორგანიზატორებსა და მონაწილეებს, ოჯახის წევრებსა და მის მეგობრებს მისი ღვაწლის დაფასებისთვის. მნიშვნელოვანია, რომ დღევანდელ კონფერენციაზე ბევრი ისეთი საკითხი განიხილება, რომელზეც ქალბატონი ნელი წლების განმავლობაში მუშაობდა. ის, რომ ამ თემებზე დღესაც გრძელდება მსჯელობა, მეცნიერის სიცოცხლის გაგრძელებაა“, – აღნიშნა დარეჯან თვალთვაძემ.
ელენე ბაბუნაშვილის ცხოვრებასა და მოღვაწეობაზე ვრცლად ისაუბრა ღონისძიების ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, პროფესორმა რამაზ ქურდაძემ. „აკადემიკოს ვარლამ თოფურიას აღზრდილი, პროფესორი ელენე ბაბუნაშვილი ქართული ენის გრამატიკის საკითხებისა და ქართული გრამატიკული აზრის ისტორიის გამოჩენილი მკვლევარი გახლდათ. იგი 20 წლის განმავლობაში (1984-2004) ხელმძღვანელობდა თსუ-ს ახალი ქართული ენის კათედრას, იყო სტუდენტების გამორჩეულად საყვარელი ლექტორი და მათი უფროსი მეგობარი. მისგან, ქართული ენის გრამატიკასთან ერთად, სტუდენტები სწავლობდნენ საუბრის მანერას, დარბაისლურ მოქცევასა თუ ყველა იმ თვისებას, რაც შეიძლებოდა მათ ღირსეული ცხოვრებისათვის გამოდგომოდათ. პროფესორი ელენე ბაბუნაშვილი გახლდათ საქართველოს მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე; სტუდენტი ახალგაზრდობის აღზრდა-განათლების საქმეში შეტანილი პირადი დიდი წვლილისა და ნაყოფიერი სამეცნიერო-პედაგოგიური და საზოგადოებრივი მოღვაწეობისათვის დაჯილდოებული იყო ღირსების მედლით. ძვირფასი მასწავლებლის, გამორჩეული უფროსი კოლეგისა და ქართული ენის ჩინებული სპეციალისტის ნათელი ხსოვნა სამარადისოდ იცოცხლებს მათ გულებში, ვისაც კი ქალბატონ ელენე (ნელი) ბაბუნაშვილთან ჰქონია ურთიერთობა“, – აღნიშნა რამაზ ქურდაძემ.

ელენე ბაბუნაშვილი, როგორც მეცნიერი, მასწავლებელი და მეგობარი, მოიგონეს კოლეგებმა, მისმა აღზრდილებმა: მერი ნიკოლაიშვილმა, გიორგი გოგოლაშვილმა, მაია კვეზერელმა, ინგა სანიკიძემ, სალომე ომიაძემ, ნინო ჭუმბურიძემ, ნანა ლოლაძემ და რუსუდან საღინაძემ.
სამეცნიერო კონფერენციის თემატიკა საინტერესო და მრავალფეროვანი იყო. თავიანთი მოხსენებები წარმოადგინეს თსუ-ს პროფესორ-მასწავლებლებმა: რამაზ ქურდაძემ (პროფესორ ელენე ბაბუნაშვილის ცხოვრება და სამეცნიერო მოღვაწეობა), რუსუდან ზექალაშვილმა (პროფესორ ელენე ბაბუნაშვილის მოღვაწეობის ერთი საინტერესო სფერო), თინათინ ბოლქვაძემ (გამონაკლისთა გადმოტანა უცხო ენათა ბგერითი სისტემების ქართულ ენაზე ტრანსკრიფცია-ტრანსლიტერაციის წესების დადგენისას), მაია ლომიამ (პირის აღმნიშვნელი განუსაზღვრელობითი ნაცვალსახელების ფორმალური და სემანტიკური დიფერენციაციის საკითხი ქართულსა და მეგრულში), სალომე ომიაძემ (საკვები, როგორც სოციალური კოდი: მჭადი ქართულ ლინგვოკულტურაში), გიორგი გოგოლაშვილმა (გოდერძი ჩოხელის მოთხრობა „მიჯაჭვული რაინდების“ ენობრივი თავისებურება) და სხვ.
