IX საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია – „გლობალიზაციის გამოწვევები ეკონომიკასა და ბიზნესში“ – თსუ-ში გაიხსნა
გლობალიზაციის თანამედროვე აქტუალური საკითხები და მისი გავლენა ეროვნულ ეკონომიკაზე, გლობალიზაციის პროცესის სწორად წარმართვა, ეროვნულ სახელმწიფოსა და ეკონომიკაზე გავლენის პოზიტიური და ნეგატიური მხარეები, გლობალურ ეკონომიკურ პროცესებში საქართველოს ადგილისა და როლის განსაზღვრა, ეკონომიკური პროცესების განვითარების შესაძლო სცენარები – ამ თემებზე მიმდინარეობდა მსჯელობა IX საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაზე: „გლობალიზაციის გამოწვევები ეკონომიკასა და ბიზნესში“, რომელიც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიხსნა. კონფერენცია ორგანიზებული იყო თსუ-ს ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის მიერ. კონფერენციის სამეცნიერო თემატიკის მიხედვით წარმოდგენილი იყო 14 სექცია და 60-მდე სამეცნიერო მოხსენება.
კონფერენციის მონაწილეებს მიესალმა და წარმატებები უსურვა თსუ-ს რექტორმა, აკადემიკოსმა ჯაბა სამუშიამ. რექტორის თქმით, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესურა აქტიურად სწავლობს საქართველოს ეკონომიკის წინაშე არსებულ გამოწვევებს.
„დღეს, როგორც არასდროს, ამ საერთაშორისო კონფერენციის თემა არის ყველაზე მნიშვნელოვანი როგორც საქართველოსთვის, ისე რეგიონისთვის. გლობალიზაციის შესწავლა უნდა დავიწყოთ სწორედ ეკონომიკიდან. ევროინტეგრაციის პროცესში შეიძლება წავაწყდეთ გარკვეულ სირთულეებს, რომელზეც დღესვე უნდა დავიწყოთ ფიქრი. თქვენ ქმნით ეკონომიკურ აზრს ჩვენს სახელმწიფოში და მსოფლიოში, ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია – მოვისმინოთ როგორც ქართველი, ისე უცხოელი სპეციალისტების მოხსენებები, რომლებიც საკუთარ გამოცდილებას გაგვიზიარებენ“, – განაცხადა ჯაბა სამუშიამ, რომელმაც გამოთქვა სურვილი და ინიციატივა, რომ გაიმართოს სამეცნიერო კონფერენცია, რომელზეც საუბარი შეეხება ევროინტეგრაციასა და მის გამოწვევებს. ეს იდეა მოიწონეს კონფერენციის ორგანიზატორებმა და მონაწილეებმა.
თსუ-ს ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დეკანის გიორგი ღაღანიძის თქმით, კონფერენციაზე აქცენტი გაკეთდა იმ თემებზე, რაც წელს მსოფლიო ეკონომიკაში ყველაზე მნიშვნელოვანია. „ამ რთულ, ტურბულენტურ ეკონომიკურ გარემოში ჩვენ ვცდილობთ – მოვძებნოთ ახალი გზები და მიდგომები იმისათვის, რომ ჩვენი ქვეყანა განვითარდეს და მის ეკონომიკას ჰქონდეს საკმარისი სტიმული შემდგომი განვითარებისათვის. დღევანდელი კონფერენცია ნათლად ადასტურებს, რომ თსუ-ს პროფესურა აქტიურად ცდილობს შეისწავლოს ის სირთულეები და საერთაშორისო გამოწვევები, რაც ქართული ეკონომიკის წინაშე დგას. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ კონფერენცია საერთაშორისოა და მას ქართველ მეცნიერებთან ერთად ესწრებიან მეცნიერები სხვადასხვა ქვეყნიდან“, – განაცხადა პროფესორმა გიორგი ღაღანიძემ.
სამეცნიერო საზოგადოებას მისასალმებელი სუტყვით მიმართა საქართველოს ეროვნული ბანკის მაკროეკონომიკისა და სტატისტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა შალვა მხატრიშვილმა.
კონფერენციის მონაწილეებს მიესალმა და საინტერესო მოხსენება („გერმანიის ავტოინდუსტრიის დაცემა შეფერხების ფონზე“) წარმოადგინა ინგოლშტადტის (გერმანია) ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორმა. „დღევანდელი მსოფლიო განიცდის ძალიან მნიშვნელოვან ცვლილებებს. ირკვევა – თუ საით უნდა წარიმართოს ეკონომიკური ვექტორი და ასეთი თემატიკის კონფერენციები მნიშვნელოვანია იმისათვის, რომ სწორად განისაზღვროს ეკონომიკური მეცნიერების მიმართულებები მსოფლიოში“, – განაცხადა პროფესორმა გიუნტერ ჰოფბაუერმა.
პლენარულ სხდომაზე პროფესორმა იური ანანიაშვილმა დროებითი მწკრივების აგებულ მოდელში სტატიკური კავშირების შეფასების მეთოდზე ისაუბრა.
პლენარული სხდომის შემდეგ მეცნიერებმა მუშაობა სექციებში გააგრძელეს და ერთმანეთს საკუთარი კვლევებისა და დაკვირვების შედეგები გააცნეს.