თსუ-ის პროფესორებმა 2 ახალი წიგნი გლობალიზაციის პირობებში აქტუალურ ეკონომიკურ საკითხებს მიუძღვნეს

თარიღი: 2022-10-01 20:54:43

„იმისათვის, რომ შესაძლებელი იყოს უცხოურ ფირმებთან ღირსეული კონკურენცია, აუცილებელია მათი კულტურული თავისებურებების ცოდნა“, – ამტკიცებენ მონოგრაფიის – „კროსკულტურული  ურთიერთობები  საერთაშორისო  ბიზნესში“  – ავტორები, რომლებმაც ახალი წიგნი შემატეს საუნივერსიტეტო სივრცეს.  

მონოგრაფიული გამოკვლევა ეძღვნება საერთაშორისო ბიზნესში კროსკულტურული ურთიერთობების საკითხების შესწავლას. ის დაეხმარება ყველა იმ პირს, რომლებიც დაინტერესებულები არიან საერთაშორისო ბიზნესის კროსკულტურული ურთიერთობების პრობლემატიკით.

ლიტერატურაში  ტერმინი „კროს-კულტურა“ გაჩნდა გლობალოზაციის ეპოქის დასაწყისში, დახლოებით XX საუკუნის 70-იანი წლების შუიდან. ჩასახვისთანავე კროსკულტურული ურთიერთობების პრობლემატიკა უკვე იყო დისციპლინათშორისი ხასიათის და მის მიმართ   ინტერესი განსაკუთრებით 80-იანი წლების ბოლოსა და 90-იანი წლების დასაწყისში გაიზარდა. სწორედ ამ პერიოდისათვის შესაბამისი სპეციალური დისციპლინები საერთაშორისო ბიზნესში კროსკულტურული ურთიერთობების შესახებ (შედარებითი მენეჯმენტი ან კროსკულტურული მენეჯმენტი) ხდება აშშ და ევროპის წამყვან ბიზნესის სკოლებში სწავლების პროგრამების აუცილებელი შემადგენელი ნაწილი.  

როგორც წიგნის შესავალში ვკითხულობთ: „თანამედროვე ბიზნესი წარმოუდგენელია კროსკულტურული პრობლემების სწორი გააზრების, მათი ადეკვატური შემეცნების გარეშე. გლობალიზაციის შედეგად ბიზნესის ტრანსნაციონალიზაციამ საფუძველი ჩაუყარა  კულტურული  ფაქტორის პრიორიტეტს საქმიანი ურთიერთობების სფეროში, რის შედეგადაც კროსკულტურული განსხვავებების შესწავლა გახდა წარმატებული ბიზნესსაქმიანობის საფუძველი… ბიზნესის ინტერნაციონალიზაციასთან ერთად, თავისი ფორმებითა და ხასიათით სულ უფრო მრავალფეროვანი ხდება თანამშრომლობა ქართულ და უცხოურ კომპანიებს შორის. იმისათვის, რომ შესაძლებელი იყოს უცხოურ ფირმებთან ღირსეული კონკურენცია, აუცილებელია მათი კულტურული თავისებურებების ცოდნა. მხოლოდ განსხვავებული კულტურული ღირებულებებისა და ნორმების მქონე საზოგადოების სწორი შემეცნების, მისი ტრადიციების სწორი აღქმის შედეგად შესაძლებელია წარმატებული ბიზნესსაქმიანობა. ამ კონტექსტში მეტად მნიშვნელოვანია საერთაშორისო ბიზნესის კროსკულტურული ურთიერთობების შესწავლა და  მულტიკულტურიზმის პრობლემების კვლევა.“ 

წიგნის ერთ-ერთი ავტორის, პროფესორ თემურ შენგელიას აზრით: „გლობალიზაცია და საინფორმაციო ეკონომიკის ზრდა გვაიძულებს ახლებურად გადავხედოთ კონვერგენციული ფაქტორების თანაფარდობას. დღეს, XXI საუკუნის დასაწყისში, როცა   მოწმენი ვხდებით  მსოფლიოს სხვადასხვა საზოგადოების დაახლოების პროცესის, მნიშვნელოვანია   განსხვავებული ეროვნული კულტურების ობიექტური შეფასება და მათი ადეკვატური გათავისება. მრავალმხრივი განსხვავებული კულტურული პრეფერენციები, ეროვნული გემოვნება და სტანდარტები, ასევე, ბიზნეს-ინსტიტუტები წარსულს ჩაბარდა.  ამავდროულად,  გლობალიზაცია არ შლის კულტურულ განსხვავებებს, პირიქით, აძლიერებს თანამედროვე მსოფლიოს ეროვნულ და კულტურულ სხვადასხვაობას, რაც საფუძვლად ედება ეროვნული მართვის მოდელების მრავალფეროვნებას“, – აცხადებს პროფესორი თემურ შენგელია, რომელიც თანაავტორებთან: ბონდო გასვიანთან (ბიზნესის ადმინისტრირების დოქტორი),  ხათუნა ბერიშვილთან (თსუ-ის ასოცირებული პროფესორი) და  თინათინ ჟორჟოლიანთან (ბიზნესის ადმინისტრირების დოქტორი) ერთად  საინტერესოდ განიხილავენ მონოგრაფიაში შემდეგ საკითხებს: გლობალიზაცია და კულტურა;  კროსკულტურიზმის თეორიული ასპექტები; კულტურული რელატივიზმი, ლიბერალიზმი და ინტერკულტურიზმი;    კროსკულტურულ   ურთიერთობათა  საკითხები საერთაშორისო   საკანონმდებლო აქტებში; კლასტერიზაცია, კონვერგენცია და დივერგენცია კროსკულტურული ურთიერთობების პირობებში;  კროსკულტურული ურთიერთობები და მმართველობითი კულტურა საქართველოში და სხვა.        

„ბიზნესი, კარგა ხანია, გავიდა ეროვნული ჩარჩოებიდან და მან მოიზიდა განსხვავებული კულტურული მსოფლმხედველობის მქონე ადამიანები, რის შედეგადაც კულტურული სხვადასხვაობის შესწავლა გახდა მნიშვნელოვანი და აქტიურად ზემოქმედებს საქმიანი სფეროს ზღვრულ ეფექტიანობაზე. გლობალიზაციის პროცესმა წარმოქმნა საქმიანი სფეროს  კროსკულტურული  პრობლემები, რომლებიც გამოიხატება ახალ კულტურულ და სოციალურ პირობებში არსებული წინააღმდეგობის ზრდაში, რომლებიც განპირობებულია ადამიანების ცალკეულ ჯგუფებში ჩამოყალიბებული სტერეოტიპებით. ადამიანების შემეცნების ფორმირება მიმდინარეობს ცოდნის, რწმენის, მორალის, კანონების, ღირებულებების, ნორმებისა და იმ ჩვევების საფუძველზე, რომლებსაც ისინი იძენენ საზოგადოებრივი თანაცხოვრების, განვითარების პროცესში. ახალი ღირებულებების შეძენა შესაძლებელია მხოლოდ განსხვავებული კულტურული ღირებულებების მქონე საზოგადოების სწორი შემეცნების, მისი ტრადიციების სწორი აღქმის საფუძველზე“, – ვკითხულობთ მონოგრაფიის შესავალში, რომელიც ხაზს უსვამს  საერთაშორისო ბიზნესის კროსკულტურული ურთიერთობების შესწავლის აქტუალობას, რაც ასე მნიშვნელოვანია თანამედროვე საქართველოსთვის, რომელიც მსოფლიო ბაზრებზე გასვლას, სამამულო ბაზრებზე უცხოური კომპანიების საქმიანობის გააქტიურებას, ქართული კომპანიების საქმიანი ქმედუნარიანობის აღიარებას და ქართული კომპანიების საერთაშორისო რეიტინგის ამაღლებას შეუწყობს ხელს. საქართველოს ეკონომიკის წინაშე დაყენებული ამოცანების გადაწყვეტა შეუძლებელია კროსკულტურული ურთიერთობების შემდგომი სრულყოფის გარეშე, მათ შორის, სხვა ქვეყნების გამოცდილების გაზიარების საფუძველზე. „იმისათვის, რომ შესაძლებელი იყოს უცხოურ ფირმებთან ღირსეული კონკურენცია, აუცილებელია მათი კულტურული თავისებურებების ცოდნა“, – ამტკიცებენ მონოგრაფიის ავტორები და  კიდევ ბევრ საინტერესო და  მნიშვნელოვან მესიჯებს ტოვებენ წიგნში ეკონომიკური საკითხებით დაინტერესებული მკითხველისათვის.

მონოგრაფია  ქართული  კომპანიების  ორგანიზაციული  განვითარების  თავისებურებსა და ძირითად პრობლემებზე

„ქართულ  ბაზარზე მოქმედ კომპანიებში არ არის ჩამოყალიბებული ქმედითი სტრუქტურა, მოწესრიგებული სუბორდინაციის საკითხი, არ არსებობს მკაცრად გამიჯნული ფუნქციური უფლება-მოვალეობები,  რასაც  ემატება  კვალიფიკაციური კადრების რთულად მოძიების პრობლემა“, – ასეთია კვლევის შედეგად ფორმირებული დასკვნა, რომელიც  მონოგრაფიის – „ბიზნეს-სუბიექტების ორგანიზაციული სტრუქტურების განვითარების თავისებურებები გლობალიზაციის პირობებში“ – ავტორებმა მოამზადეს.

წიგნი მიმოიხილავს გლობალურ ბაზარზე მიმდინარე უახლეს ტენდენციებს, რომელიც არსებითად მნიშვნელოვანია კერძო სექტორის განვითარების სწორი სტრატეგიის ფორმირებისათვის. ნაშრომში წარმოდგენილია სხვადასხვა ავტორიტეტული საერთაშორისო გამოცემის და ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების ანალიზი, რომელიც ცხადყოფს გლობალური ბაზრის უსაზღვრო შესაძლებლობებს და მასზე ოპერირების გარდაუვალ აუცილებლობას, როგორც ქვეყნის ეკონომიკის, ისე, კერძო სექტორის წარმატებული განვითარების მისაღწევად.    

ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა ქართული კომპანიების ორგანიზაციული განვითარების  თავისებურები და ძირითადი პრობლემები. როგორც მონოგრაფიის  ავტორები:  თსუ-ის პროფესორი, ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი თემურ  შენგელია და  თსუ-ის მოწვეული ლექტორი, ბიზნესის ადმინისტრირების დოქტორი ბონდო  გასვიანი  ამბობენ,   სწორედ ამ თავისებურების შესწავლას ეძღვნება მონოგრაფიული გამოკვლევა. ავტორების მიერ შემუშავდა კონკრეტული რეკომენდაციები ქართული კომპანიებისათვის ორგანიზაციული მართვის სრულყოფისათვის და საერთაშორისო ბაზარზე ეფექტიანი ინტეგრაციისათვის, რაც დაეხმარება საკითხის შესწავლით დაინტერსებულ პირებს.

ბიზნეს-სუბიექტების ორგანიზაციული სტრუქტურების ფორმირების მეთოდოლოგიური საფუძვლები; საერთაშორისო ბიზნეს-სუბიექტების ორგანიზაციული სტრუქტურების ფორმირება; საქართველოს სამეწარმეო სტრუქტურების საერთაშორისო ბიზნესში ეფექტიანი ინტეგრაციის პირობები; – ეს ის საკითხებია,  რომელსაც დაინტერესებული მკითხველი დაწვრილებით და  კვლევების საფუძველზე გამოტანილი დასკვნების მიხედვით გაეცნობა მონოგრაფიაში.

„ნებისმიერი ქვეყნის ეკონომიკური განვითარების საწინდარი გლობალურ ბაზარზე მეტი ბიზნეს-სუბიექტის  აქტიური  მონაწილეობაა.  თუმცა, საერთაშორისო აქტივობებში ჩართვა არც თუ ისე მარტივია. უცხოურ ბაზარზე წარმატების მისაღწევად აუცილებელია შეღწევის სწორი სტრატეგიის და შესაბამისი ორგანიზაციული სტრუქტურის შერჩევა. ასევე, მნიშვნელოვანია ისეთი ფაქტორების გათვალისწინება (ვაჭრობის თავისუფალი რეჟიმის ფორმირება, ქართული ბრენდის ცნობადობის ამაღლება უცხოურ ბაზარზე და სხვა), რომელთა დაძლევა ქართველი მეწარმეებისთვის, სახელმწიფოს ხელშეწყობის გარეშე, თითქმის შეუძლებელია. აქედან გამომდინარე საერთაშორისო სამეწარმეო სტრუქტურების განვითარების ძირითადი მიმართულებების იდენტიფიცირება, სრულყოფა, პრაქტიკაში სწორი იმპლემენტაცია და კონკურენტუნარიანი ბიზნესგარემოს ფორმირების ხელშეწყობის მექანიზმების შესწავლა და გამოკვლევა, როგორც სამეცნიერო, ასევე, პრაქტიკული კუთხით, წარმოადგენს კვლევისთვის საკმაოდ აქტუალურ საკითხს“, – აცხადებენ მონოგრაფიის ავტორები და  მადლობას უხდიან  შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნულ სამეცნიერო ფონდს ფინანსური მხარდაჭერისათვის.

Facebook
Twitter
LinkedIn