თსუ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი 100 წლისაა
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის 100 წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო ღონისძიება გაიმართა. ღონისძიებას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი, თსუ რექტორის მოვალეობის შემსრულებელი ჯაბა სამუშია, ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დეკანი გიორგი ღაღანიძე, პროფესორები, სტუდენტები დაესწრნენ.
„ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი, რომლის წიაღშიც ცნობილ მეცნიერთა არაერთი თაობა აღიზარდა, დაარსებიდან დღემდე მნიშვნელოვან როლს ასრულებს ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაში. სასიხარულოა, რომ ასწლიანი ისტორიის მქონე ფაკულტეტი დღესაც არ თმობს მოწინავე პოზიციებს და ახალგაზრდებს თანამედროვე სტანდარტების შესაბამის განათლებას აძლევს,“- განაცხადა მიხეილ ჩხენკელმა.
ფაკულტეტის ასი წლის იუბილე მიულოცა პროფესორ-მასწავლებლებსა და სტუდენტებს თსუ რექტორის მოვალეობის შემსრულებელმა ჯაბა სამუშიამ. „სწორედ თსუ-ს კურსდამთავრებულები იდგნენ ქვეყნის ეკონომიკის სათავეებთან მთელი საუკუნის განმავლობაში. ეს ტრადიცია დღესაც გრძელდება და, რაც მთავარია, გვაქვს ამბიცია, რომ კიდევ დიდხანს ვიქნებით ქართული ეკონომიკური აზრის ლიდერები,“- აღნიშნა ჯაბა სამუშიამ. მისი თქმით, ე.წ. მაღლივ კორპუსში, რომელშიც ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტია განთავსებული, მომავალ წელს 2 სართული სრულად გარემონტდება, სადაც სტუდენტებისთვის სასწავლო პროცესი მიმდინარეობს.
„თსუ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი ქართველი ეკონომისტების სამჭედლო იყო და არის. ამ ლიდერობას მომავალშიც შევინარჩუნებთ, რადგან ფაკულტეტზე სწავლა-სწავლების პროცესი და კვლევა შესაბამისი სტანდარტებით მიმდინარეობს,“- განაცხადა თსუ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დეკანმა გიორგი ღაღანიძემ.
განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა და თსუ რექტორის მოვალეობის შემსრულებელმა ჯაბა სამუშიამ საიუბილეო ღონისძიებაზე თსუ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის პროფესორები მედლებით დააჯილდოვეს: თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამეცნიერო და სასწავლო პროცესის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის, თსუ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის პროფესორი, აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა დაჯილდოვდა ივანე ჯავახიშვილის სახელობის მედლით; ხოლო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ხანგრძლივი და ნაყოფიერი სამეცნიერო-პედაგოგიური მოღვაწეობისა და ეკონომიკურ მეცნიერებაში შეტანილი წვლილისათვის, თსუ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის პროფესორი, აკადემიკოსი ავთანდილ სილაგაძე დაჯილდოვდა ფილიპე გოგიჩაიშვილის სახელობის მედლით.
ფაკულტეტის 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე, ქართული ეკონომიკური სკოლის ფუძემდებლის ფილიპე გოგიჩაიშვილის დაბადებიდან 150 წლისთავისადმი მიძღვნილი გამოფენა გაიხსნა. ექსპოზიციაზე წარმოდგენილია იმ მეცნიერთა ფოტოები, ხელნაწერები და წიგნები, რომლებმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს საქართველოში ეკონომიკის, როგორც მეცნიერების განვითარების საქმეში. დამთვალიერებელს შეუძლია გაეცნოს: ფილიპე გოგიჩაიშვილის, ნიკოლოზ ქოიავას, გიორგი გეხტმანის, პაატა გუგუშვილისა და სხვათა ხელნაწერებსა და ფოტოებს, რომლებიც შეირჩა საქართველოს ეროვნული არქივისა და თსუ-ის მუზეუმის ფონდებიდან.
1921 წლის 25 ივლისს, ტფილისის უნივერსიტეტში შეიქმნა სოციალურ-ეკონომიური ფაკულტეტი, რომლის პროექტი შეიმუშავეს პროფესორმა ფილიპე გოგიჩაიშვილმა და დოცენტმა ლევან ანდრონიკაშვილმა. 1922 წლის 30 ივლისს ეს პროექტი დამტკიცდა და შეიქმნა სოციალურ ეკონომიური ფაკულტეტი, პირველ დეკანად კი აირჩიეს პროფესორი შალვა ნუცუბიძე. აღნიშნული ფაკულტეტის შექმნით დაიწყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ეკონომიკური მეცნიერების განვითარება და კვალიფიციური კადრების მომზადება.
დღეს, თსუ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის 15 საგანმანათლებლო პროგრამის (მათ შორის ერთობლივი და უცხოენოვანი პროგრამების) სამივე საფეხურზე 6 ათასამდე სტუდენტი სწავლობს და 100-ზე მეტი პროფესორ-მასწავლებელი მუშაობს.
თსუ საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი