„ეკონომიკური პოლიტიკა“ – ახალი სახელმძღვანელო ეკონომისტებისთვის

თარიღი: 2022-09-24 15:57:54

ახალ სასწავლო წელს თსუ-ის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი ახალი სასწავლო ლიტერატურით იწყებს. ფაკულტეტის მიერ მომზადდა და გამოიცა რამდენიმე მნიშვნელოვანი სახელმძღვანელო, რომელიც თანამედროვე სწავლების საერთაშორისო სტანდარტებს  პასუხობს და მაღალკვალიფიციური სპეციალისტების მომზადების გარანტიას იძლევა. ერთ-ერთი ასეთი სახელმძღვანელოა „ეკონომიკური პოლიტიკა“, რომლის ავტორები არიან რევაზ გველესიანი, ირინა გოგორიშვილი, გულნაზ ერქომაიშვილი, ეკა ლეკაშვილი, ლალი ხურცია და გიორგი გაფრინდაშვილი. წიგნის რედაქტორია – პროფესორი ელგუჯა მექვაბიშვილი, რეცენზენტები – პროფესორები:  თეიმურაზ ბერიძე და იოსებ არჩვაძე.  

ეკონომიკური პოლიტიკა ის სამეცნიერო და სასწავლო მიმართულებაა, რომელიც ახალი თაობის ეკონომიკის პოლიტიკოსთა მომზადებას უზრუნველყოფს.  მიმართულება აერთიანებს ეკონომიკურ და პოლიტიკურ ცოდნას,  რომელიც  სახელმწიფოს და მისი ეკონომიკის განვითარების  ეფექტიანი სტრატეგიების შემუშავებისათვის არის აუცილებელი. 

„ეკონომიკური პოლიტიკის კურსის დაუფლება მრავალ ცხოვრებისეულ სიტუაციაში მისი რეკომენდაციების გამოყენებისა და წარმატებული ეკონომიკური საქმიანობის საშუალებას იძლევა. ეკონომიკური პოლიტიკის სპეციალისტმა უნდა შეძლოს ინდივიდუალური და კოლექტიური გადაწყვეტილებების მიღებისათვის ეკონომიკური მოვლენებისა და პროცესების ლოგიკური ანალიზი, ემპირიული გამოკვლევა და ნორმატიული დასაბუთება“, – აცხადებს წიგნის ერთერთი ავტორი, პროფესორი  რევაზ გველესიანი, რომელიც წიგნის შინაარსობრივ მხარეზე საუბრობს, რომელსაც ორიენტირად ევროკავშირის და მისი წევრი ქვეყნების ეკონომიკური პოლიტიკა აქვს განსაზღვრული.

„ეკონომიკური პოლიტიკის სახელმძღვანელოს შინაარსი და სტრუქტურა ორიენტირებულია ევროკავშირისა და მისი წევრი ქვეყნების ეკონომიკურ პოლიტიკაზე. ეს განპირობებულია ჩვენი ქვეყნის ევროკავშირში ინტეგრირების სურვილით, რომელიც ერთადერთი რეალური გზაა სასიცოცხლო მნიშვნელობის ეროვნული ინტერესების რეალიზაციისათვის“, -აღნიშნავს პროფესორი რევაზ გველესიანი.

ეკონომიკური პოლიტიკის სპეციალისტებზე დღეს დიდი მოთხოვნაა სახელმწიფო და ბიზნესსტრუქტურებში, საერთაშორისო ეკონომიკურ ორგანიზაციებში, კორპორაციებსა და კონსალტინგურ ცენტრებში. „აქედან გამომდინარე, ეკონომიკური პოლიტიკის შინაარსი მნიშვნელოვნად სცილდება ცალკეული დისციპლინების საზღვრებში შემუშავებული პოლიტიკის მასშტაბებს, მათ შორის, სტაბილიზაციის, საფინანსო, ფულად, განაწილების, საგარეო, აგრარულ, სავაჭრო და სხვა სახის პოლიტიკას. ფაქტობრივად, ეკონომიკური პოლიტიკა სხვადასხვა სახის პოლიტიკათა მაინტეგრირებელი სისტემური ხასიათის ფენომენია“, – აცხადებენ  წიგნის ავტორები.

ეკონომიკური პოლიტიკის სახელმძღვანელო შედგება ორი წიგნისაგან. პირველ წიგნში განხილულია: ეკონომიკური პოლიტიკის საგანი, მიზანი და ამოცანები; ეკონომიკური წესრიგის, კონკურენციის, საფინანსო, ფულადი, განაწილების პოლიტიკის (შემოსავლებისა და სოციალური პოლიტიკის)  სტრატეგიები და წინააღმდეგობები, ხოლო მეორე წიგნის სტრუქტურა მოიცავს: შრომის ბაზრისა და დასაქმების, საგარეო, გარემოს დაცვის, აგრარული, განვითარების და ციფრიზაციის ეკონომიკური პოლიტიკის თემებს.

სახელმძღვანელო განკუთვნილია ეკონომიკური პროფილის უმაღლესი სასწავლებლების ბაკალავრიატის საფეხურის სტუდენტებისათვის. იგი აგრეთვე დაააინტერესებს უმაღლესი სასწავლებლების პროფესურას და სახელმწიფოს ეკონომიკურ სტრუქტურებში დასაქმებულ სპეციალისტებს.

Facebook
Twitter
LinkedIn