ახალი სახელმძღვანელო – „ეკონომიკური აზროვნების წესი“ – გამოიცა

თარიღი: 2025-05-08 13:32:28

საუნივერსიტეტო წიგნის ფესტივალზე, რომელიც  ბიბლიოთეკარის დღეს მიეძღვნა, 

თსუ-ს ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დეკანმა,   პროფესორმა გიორგი ღაღანიძემ წარმოადგინა  ახალი სახელმძღვანელო – ეკონომიკური აზროვნების წესი (ავტორები: პროფესორი პოლ ჰეინე, პროფესორი პეტერ ჯ. ბოეტკე და პროფესორი დეივიდ ლ. პრიჩიტკო).

ქართული გამოცემის მთავარი სამეცნიერო რედაქტორია საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოსი, ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი, თსუ-ს პროფესორი ავთანდილ სილაგაძე

წიგნიახლახან ითარგმნა ჩინურ, იაპონურ, რუსულ და უნგრულ ენებზე. ინგლისურ ენაზეც კი ეს წიგნი განსხვავებულად შეიგრძნობა და განსხვავებულად იკითხება საყოველთაოდ ხელმისაწვდომ სხვა წიგნებთან შედარებით. მართლაც, ეს წიგნი სულ სხვაა, რომელიც სტუდენტებს აცნობს ეკონომისტის უნარებს. იგი სტუდენტებს ასწავლის მაგალითებისა და პრაქტიკული გამოყენებების საშუალებით. ასევე, ასწავლის იმის ჩვენებითაც, თუ როგორ არ უნდა იფიქრონ; უჩვენებს მათ იმ შეცდომებს, რომლებიც დამახასიათებელია ეკონომიკური მოვლენების შესახებ პოპულარული მსჯელობისთვისაც კი…

როგორც წიგნის ქართული გამოცემის მთავარი სამეცნიერო რედაქტორი,  პროფესორი ავთანდილ  სილაგაძე აღნიშნავს: „წინამდებარე სახელმძღვანელო თსუ-ს საერთაშორისო ეკონომიკისა და ეკონომიკურ მოძღვრებათა ისტორიის კათედრის მიერ, ბოლო წლებში, ინგლისურიდან ქართულ ენაზე თარგმნილი, აშშ-სა და სხვა ქვეყნების უნივერსიტეტებში კარგად აპრობირებული, საერთაშორისო სტანდარტების მქონე მეხუთე წიგნია. ის მნიშვნელოვნად განსხვავდება  პოლ ჰეინეს სიცოცხლეში გამოცემული სახელმძღვანელოსგან, თუმცა ბევრი რამ შენარჩუნებულია მისი კოლეგების-თანაავტორების მიერ, რომლებმაც პ. ჰეინეს დაწყებული საქმე განაგრძეს და განავითარეს.

თბილისის სახელმწიფო  უნივერსიტეტის  ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის სასწავლო პროგრამებში ეკონომიკური აზროვნების სასწავლო კურსის შემოღება  გაამდიდრებს  არსებულ სასწავლო პროგრამებს. მისი სწავლება, ასევე, მეტად სასარგებლო იქნება თსუ-ს სხვა ფაკულტეტებისა და საქართველოს სხვა უმაღლესი სასწავლებლების,  მათ შორის, (არაპროფილური) „ეკონომიკის“ შესწავლით დაინტერესებული სხვა  სტუდენტებისათვის“, – აცხადებს პროფესორი ავთანდილ სილაგაძე.

წიგნის შესავალში ავტორები  პიტერ ბოეტკე და დეივიდ ლ. პრიჩიტკო გამოცემის მნიშვნელობასა და განსხვავებულობაზე საუბრობენ, რომელიც სტუდენტებს  ეკონომისტის უნარებს აცნობს და ასწავლის მაგალითებისა და  პრაქტიკული გამოყენებების საშუალებით.

„ეს წიგნი შექმნილია იმისთვის,  რომ განავითაროს  ჩვენი სტუდენტების უნარები, იაზროვნონ, როგორც ეკონომისტებმა, თუ ისინი მოიხიბლებიან, მათ საკმარისი შესაძლებლობა  ექნებათ, დახვეწონ მოდელირების თავიანთი უნარები ეკონომიკსის სხვა კურსებისკენ მოძრაობის კვალდაკვალ. იმედი ვიქონით, რომ სტუდენტები გააგრძელებენ ამ მშვენიერი დისციპლინისკენ სწრაფვას, სულ მცირე, დაიმახსოვრებენ მის ძირითად გაკვეთილებს“, – აღნიშნავენ წიგნის ავტორები პიტერ ბოეტკე და დეივიდ ლ. პრიჩიტკო წიგნის შესავალში.

წიგნი 16 თავისგან შედგება, სადაც განხილულია შემდეგი საკითხები: ეკონომიკური აზროვნების წესი; ეფექტიანობა, გაცვლა და შედარებითი უპირატესობა; შემცვლელები ყველგან: მოთხოვნის კონცეფცია; ღირებულება და არჩევანი: მიწოდების კონცეფცია;  მოთხოვნა და მიწოდება: კოორდინაციის პროცესი; არასასურველი შედეგები: მიწოდებისა და მოთხოვნის მეტი გამოყენება;  კონკურენცია და  სამთავრობო პოლიტიკა;  გარე ეფექტები და  წინააღმდეგობრივი უფლებები; ბაზრები და მთავრობა  და სხვა…

წიგნის სარედაქციო კოლეგიის წევრები არიან:  აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა, პროფესორი გიორგი ღაღანიძე, ეკონომიკის მეცნიერებათა და აკადემიური დოქტორები: რამაზ აბესაძე, ანზორ აბრალავა, იური ანანიაშვილი,  რევაზ გველესიანი, სიმონ გელაშვილი , ნუგზარ თოდუა და სხვები…

წიგნის ქართულ ენაზე გამოცემა მიეძღვნა  საქართველოში მოღვაწე გარდაცვლილ მეცნიერ-ეკონომისტებს, რომლებმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს ეკონომიკური აზროვნების  განვითარებისა და  სწავლების საქმეში, მათ შორის:  ირაკლი მიქელაძეს,  პაატა გუგუშვილს, ავთანდილ გუნიას და სხვებს.

Facebook
Twitter
LinkedIn