ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დღე

თარიღი: 2024-07-30 19:43:02

30 ივლისს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დღე, ტრადიციულად, საზეიმო ვითარებაში აღინიშნა.

102 წლის წინ, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ივანე ჯავახიშვილის ინიციატივით და ფილიპე გოგიჩაიშვილის მეცადინეობით, საფუძველი ჩაეყარა ეკონომიკური და სოციალური მეცნიერებების სწავლებასა და განვითარებას.


საზეიმო ღონისძიებები დილიდან დაიწყო აკადემიკოს ავთანდილ სილაგაძის ივანე ჯავახიშვილის მედლით დაჯილდოების ცერემონიალით, რომელსაც, თსუ-ის რექტორი, აკადემიკოსი ჯაბა სამუშია უძღვებოდა. როგორც ცნობილია, თსუ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის პროფესორი, საერთაშორისო ეკონომიკისა და ეკონომიკურ მოძღვრებათა ისტორიის კათედრის ხელმძღვანელი, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოსი ავთანდილ სილაგაძე, თსუ-ის აკადემიური საბჭოს გადაწყვეტილებით,  ნაყოფიერი სამეცნიერო და საუნივერსიტეტო-პედაგოგიური მოღვაწეობისათვის, ივანე ჯავახიშვილის მედლით დაჯილდოვდა.


ამის შემდეგ, უნივერსიტეტის რექტორმა, აკადემიკოსმა ჯაბა სამუშიამ და ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა გიორგი ღაღანიძემ, ფაკულტეტის პროფესურასთან და სტუმრებთან ერთად, უნივერსიტეტის პირველი კორპუსის ეზოში, ყვავილებით შეამკეს საქართველოში ეკონომიკური მეცნიერების ფუძემდებლის, ფილიპე გოგიჩაიშვილის საფლავი, გაიხსენეს ფაკულტეტის დაარსების ისტორია და პატივი მიაგეს დიდი მეცნიერის ხსოვნას.

ამავე დღეს, უნივერსიტეტის მე-10 (მაღლივ) კორპუსში, 403-ე აუდიტორიაში, გაიხსნა პროფესორ გივი ჭანუყვაძის სახელობის კაბინეტი. პროფესორი გივი ჭანუყვაძე (1924-1984) იყო საქართველოს მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე, ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორი, თსუ-ს ეკონომიკური ფაკულტეტის დეკანი და თსუ-ს პრორექტორი. კაბინეტის გახსნის ცერემონიალს უძღვებოდა ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი გიორგი ღაღანიძე. დამსწრე საზოგადოების წინაშე, რომელთა შორის იყვნენ ამაგდარი მეცნიერის ოჯახის წევრები, შვილები და შვილიშვილები, ვრცლად ისაუბრეს პროფესორებმა ავთანდილ სილაგაძემ, ელგუჯა მექვაბიშვილმა, მიხეილ ჯიბუტიმ, რევაზ გველესიანმა, თეიმურაზ შენგელიამ და სხვება. მათ გაიხსენეს ღვაწლმოსილი მეცნიერის და პედაგოგის, ეკონომიკური მეცნიერების თვალსაჩინო წარმომადგენლის, პროფესორ გივი ჭანუყვაძის ცხოვრებისა და მოღვაწეობის მნშვნელოვანი ეპიზოდები.

ამავე დღეს, ეკონომიკისა და ბიზნესისი ფაკულტეტზე გაიმართა დოქტორანტთა და მაგისტრანტთა სამეცნიერო კონფერენცია, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის  დოქტორანტურისა და მაგისტრატურის საფეხურის სტუდენტებმა. მისასალმებელი სტყვით გამოვიდა ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი გიორგი ღაღანიძე. მათ გულთადად მიულოცეს ფაკულტეტის სტუდენტებს და პროფესორებს ეკონომიკის ფაკულტეტის დაარსების 102 წლისთავი და კონფერენციის მონაწილეებს წარმატებები უსურვეს. კონფერენციაში მონაწილეობა მიიღო თორმეტმა დოქტორანტმა და მაგისტრანტმა. კონფერენციას უძღვებოდა ფაკულტეტის დეკანის მოადგილე, ასოცირებული პროფესორი მანანა ლობჟანიძე.


ცნობილია, რომ 1918 წელს გახსნილ თბილისის უნივერსიტეტში ეკონომიკური მეცნიერების სწავლებას, დიდი ივანე ჯავახიშვილის ინიციატივით, იმთავითვე ჩაეყარა საფუძველი. ამ საშვილიშვილო საქმეს უშუალოდ ხელმძღვანელობდა ლაიფციგის უნივერსიტეტის ფილოსოფიის დოქტორი ფილიპე გოგიჩაიშვილი, რომელიც აღიარებულია საქართველოში ეკონომიკური მეცნიერების ფუძემდებლად. 1922 წლის 30 ივლისს, თბილისის უნივერსიტეტში გაიხსნა სოციალურ ეკონომიური ფაკულტეტი, რითაც საქართველოში დაიწყო ეკონომიკური მეცნიერების განვითარება და კვალიფიციური კადრების მომზადება. იკვე რამდენიმე წელია, რაც თსუ-ს ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე, 30 ივლისს, ყოველწლიურად ფაკულტეტის დღე აღინიშნება.

Facebook
Twitter
LinkedIn