2025 წელი ეკონომიკის ინსტიტუტისთვის განსაკუთრებული იყო
თსუ-ს პაატა გუგუშვილის სახელობის ეკონომიკის ინსტიტუტი 2025 წელს საქმიანობას მრავალმხრივი სამეცნიერო, საგანმანათლებლო და საზოგადოებრივი ჩართულობის მიმართულებებით აგრძელებდა. ინსტიტუტის ძირითადი მუშაობა ორიენტირებულია ქვეყნის ეკონომიკური განვითარების კვლევაზე, საერთაშორისო სამეცნიერო თანამშრომლობაზე და ღია მეცნიერების განვითარებაზე, რაც მთლიანობაში სასწავლო და კვლევით გარემოს გამყარებას უწყობს ხელს.
ინსტიტუტის საქმიანობის ცენტრალურ ნაწილს წარმოადგენს შვიდწლიანი ეროვნული კვლევითი პროგრამა „საქართველოს ეკონომიკური, სოციალური და ეკოლოგიური უსაფრთხოების სტრატეგია“ (2022–2028). პროგრამის ფარგლებში 2025 წელს ყურადღება გამახვილდა ორი გარდამავალი პრობლემის შესწავლაზე: საქართველოს სასურსათო უსაფრთხოებასა და ორგანიზაციების ეკონომიკურ უსაფრთხოებაზე. ამ მიმართულებით მომზადდა კვლევები, რომლებიც ასახავს სასურსათო უსაფრთხოების თეორიულ საფუძვლებს, რისკებსა და შესაბამის კანონმდებლობას, ქვეყნის მასშტაბით სასურსათო უზრუნველყოფის კოორდინაციის სირთულეებს, საგარეო ვაჭრობის როლს, ასევე საინვესტიციო და ევროპულ გამოცდილებას. ასევე დამუშავდა თემები ფირმების ეკონომიკური უსაფრთხოების, ტექნოლოგიური ჩამორჩენის დაძლევის გზების, საქართველოს რეგიონებში არასასოფლო-სამეურნეო ფირმების ინოვაციური საქმიანობის განმსაზღვრელი ფაქტორების შესახებ.
2025 წელი ინსტიტუტისთვის განსაკუთრებული იყო, რადგან ეს წელი აკადემიკოს პაატა გუგუშვილის დაბადებიდან 120 წლისთავს მიეძღვნა. საიუბილეო თარიღის ფარგლებში საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში, ინსტიტუტთან ერთად, გაიმართა საზეიმო სხდომა, რომელსაც უძღვებოდნენ აკადემიის პრეზიდენტი როინ მეტრეველი და აკადემიკოს-მდივანი ვლადიმერ პაპავა. პაატა გუგუშვილის ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ მოხსენებით გამოვიდა ინსტიტუტის დირექტორი, პროფესორი რამაზ აბესაძე. იუბილე ასევე აღინიშნა საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციით – „საქართველოს ეკონომიკური უსაფრთხოება: არსებული მდგომარეობა და გამოწვევები“, რომლის გახსნაზეც თსუ-ს რექტორმა, აკადემიკოსმა ჯაბა სამუშიამ მაღალი შეფასება მისცა გუგუშვილის სამეცნიერო მემკვიდრეობასა და კონფერენციის მნიშვნელობას. კონფერენციაზე სიტყვებით გამოვიდნენ: აკადემიკოსი ავთანდილ სილაგაძე, უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი გიორგი ღაღანიძე, უნივერსიტეტის პროფესორი ელგუჯა მექვაბიშვილი, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე, აკადემიკოსი სოლომონ პავლიაშვილი.
ინსტიტუტმა 2025 წელს გამოსცა საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის მასალათა კრებული, ჟურნალ „ეკონომისტის“ სამი ნომერი და ამჟამად მეოთხე ნომერი მზადდება. პარალელურად მზადდება ინსტიტუტის სამეცნიერო შრომების კრებული, რომელიც მიზნად ისახავს ინსტიტუტის კვლევითი საქმიანობის სისტემურ წარმოდგენას.
მნიშვნელოვან მიმართულებას წარმოადგენს საზოგადოების, სახელმწიფო სტრუქტურებისა და აკადემიური სივრცის ინტეგრაცია. ინსტიტუტი აქტიურად ავრცელებს კვლევებს საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალ „ეკონომისტსა“ და ინსტიტუტის გაზეთში „ეკონომიკა და საზოგადოება“, რომელიც ყველასთვის ხელმისაწვდომია. თანამშრომლები ჩართულნი არიან უნივერსიტეტის სასწავლო პროცესში, კითხულობენ ლექციებს, ხელმძღვანელობენ სამაგისტრო ნაშრომებს და მონაწილეობენ დისერტაციების დაცვის პროცესებში.
ინსტიტუტის მეცნიერები 2025 წელს განსაკუთრებით აქტიურები იყვნენ საერთაშორისო აკადემიურ არენაზე. გამოქვეყნდა ვლადიმერ პაპავას ახალი წიგნი „რეტროეკონომიკიდან სანქციონომიკამდე: ესეები არატრადიციულ ეკონომიკაზე“, რომელიც აშშ-ში გამოიცა და 2025 წელს ჩინურად ითარგმნა და ჰონგ-კონგში გამოიცა. ასევე, თანამშრომლები მონაწილეობდნენ ფლორენციაში, ტაშკენტში, ლატვიასა და უკრაინაში გამართულ საერთაშორისო კონფერენციებში, სადაც განიხილეს თანამედროვე ეკონომიკური პროცესების პრობლემები, ინოვაციური ეკონომიკის გამოწვევები და რეტროეკონომიკის გავლენა ეკონომიკურ სისტემებზე. სკოპუსში ინდექსირებულ ჟურნალში გამოქვეყნდა მამუკა ხუსკივაძის კვლევა ხელოვნური ინტელექტის გავლენის შესახებ B2B ელექტრონულ კომერციაზე.
ინსტიტუტი აქტიურად აგრძელებს თანამშრომლობას მსხვილ საერთაშორისო სასწავლო და სამეცნიერო ცენტრებთან, რაც კიდევ უფრო ამყარებს ინსტიტუტის, როგორც საქართველოში ეკონომიკური მეცნიერების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კვლევითი ცენტრის, როლს.
