სტუდენტური კვლევები საქართველოს ეკონომიკური გამოწვევების შესახებ
თანამედროვე აკადემიურ სივრცეში სტუდენტების ჩართულობა კვლევით საქმიანობაში აღარ განიხილება როგორც უბრალო ნებაყოფლობთი აქტივობა – ეს არის უმნიშვნელოვანესი ძალა, რომელიც თეორიულ ცოდნას პრაქტიკულ გამოცდილებად აქცევს და საფუძველს უყრის ქვეყნის ინტელექტუალურ პროგრესს. სწორედ ამ იდეის გარშემო გაერთიანდნენ ახალგაზრდა მკვლევრები მიმდინარე წლის 27 მაისს, როდესაც ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე სტუდენტთა საუნივერსიტეტო სამეცნიერო კონფერენცია გაიმართა. სიმბოლურია, რომ წლევანდელი ფორუმი საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის დღეს – 26 მაისს მიეძღვნა.
სტუდენტთა ყოველწლიურ სამეცნიერო კონფერენციაში მონაწილეობა ბაკალავრიატის საფეხურის 62-მა სტუდენტმა მიიღო. მათ მიერ წარმოდგენილი მოხსენებები ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის პროფესორებისაგან შემდგარმა კომპეტენტურმა კომისიამ შეაფასა. ჟიურის წევრებმა ერთხმად აღნიშნეს ნაშრომების მაღალი აკადემიური დონე, აქტუალობა და პრაქტიკული ღირებულება, რის საფუძველზეც საპრიზო ადგილები და ფულადი ჯილდოები შემდეგნაირად გადაანაწილეს:
კონფერენციის ჟიურის გადაწყვეტილებით, პირველი ადგილი ერთდროულად ორმა გამორჩეულმა სტუდენტმა დაიკავა. ერთ-ერთი მათგანი მესამე კურსის სტუდენტი ბარბარე ბეგიაშვილია (მეცნიერ-ხელმძღვანელი: პროფესორი ეთერ ხარაიშვილი). მისი კვლევის თემა – „წიგნების ბაზრის სტრუქტურული ანალიზი: მომხმარებლის არჩევანი, მოთხოვნის ელასტიკურობა და კონკურენცია“ – საინტერესო და ყველასთვის ნაცნობ სფეროს ეხება.

დღეს, როცა გარშემო ყველაფერი გაციფრულდა და ტრადიციულ ბეჭდურ წიგნებს გვერდით ელექტრონული და აუდიოწიგნები ამოუდგნენ, საგამომცემლო სფერო დიდი ცვლილებების წინაშე დადგა. ბარბარემ გადაწყვიტა გაერკვია, თუ როგორ მოქმედებს ეს პროცესები ქართველ მკითხველზე. მან გამოიკვლია, თუ რის მიხედვით ვირჩევთ წიგნებს, როგორ რეაგირებს მომხმარებელი ფასების ცვლილებაზე და რა ხდება რეალურად ქართულ საგამომცემლო ბაზარზე. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი ბაზარი პატარაა, ის მაინც ძალიან დინამიკურად ვითარდება.
ავტორმა ნაშრომში გამოიყენა როგორც თეორიული, ისე პრაქტიკული კვლევის მეთოდები და დეტალურად დაგვანახა, თუ რა გავლენას ახდენს ფასების ცვლილება მკითხველის ქცევაზე, როგორ არჩევანს აკეთებს ქართველი მომხმარებელი და რა ხდება ჩვენს საგამომცემლო ბაზარზე. მიუხედავად იმისა, რომ ქართული წიგნის ბაზარი პატარაა, ის მაინც ძალიან ცოცხალი და მზარდია. ბარბარეს კვლევა გვეხმარება დავინახოთ, როგორ უნდა დაგეგმონ გამომცემლობებმა თავიანთი ნაბიჯები გრძელვადიან პერსპექტივაში, რათა ფეხი აუწყონ მკითხველის მუდმივად ცვალებად გემოვნებას.
წიგნებიდან ქვეყნის დიდ ეკონომიკურ გამოწვევებზე გადავიდა პირველი ადგილის კიდევ ერთი მფლობელი, მეოთხე კურსის სტუდენტი შოთა ხაჭაპურიძე (ხელმძღვანელი: მოწვეული ლექტორი ვალიდა ფანცულაია).

შოთამ აქტუალური და მტკივნეული თემა ,,შინამეურნეობების სესხების ასიმეტრიული გავლენა მშპ–ზე: საქართველოს მაგალითი“ შეარჩია. მასში შესწავლილია, თუ როგორ მოქმედებს მოსახლეობის მიერ აღებული სესხები ჩვენი ქვეყნის ეკონომიკურ ზრდაზე. საქართველო ამ მხრივ საკმაოდ სპეციფიკური ქვეყანაა: მაგალითად, 2024 წლის მონაცემებით, ოჯახების ვალები ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) თითქმის 35%-ს შეადგენდა. ამას ემატება ისეთი პრობლემებიც, როგორიცაა სესხების დოლარში ყოფნა (დოლარიზაცია) და განუვითარებელი შიდა კაპიტალის ბაზარი.
რთული ეკონომეტრიკული მოდელის (NARDL) გამოყენებით, შოთამ 2010 წლიდან 2024 წლის ბოლომდე არსებული მონაცემები გააანალიზა და ძალიან საინტერესო დასკვნამდე მივიდა: თურმე, სესხების ზრდა და მათი შემცირება ეკონომიკაზე სრულიად სხვადასხვანაირად (ასიმეტრიულად) მოქმედებს. კერძოდ, როცა სესხები 1%-ით იზრდება, რეალური მშპ მხოლოდ 0.17%-ით იმატებს, მაგრამ როდესაც სესხები 1%-ით მცირდება, ეკონომიკა მთელი 1.24%-ით ვარდება! ანუ, სესხების შემცირების უარყოფითი ეფექტი მის დადებით გავლენაზე თითქმის შვიდჯერ უფრო ძლიერია. ეს კვლევა სერიოზული სიგნალია მათთვის, ვინც ქვეყანაში ეკონომიკურ პოლიტიკასა და საბანკო რეგულაციებს ადგენს, რადგან კრედიტების მკვეთრმა შეზღუდვამ შესაძლოა ბიზნესი და რეალური ეკონომიკა მძიმედ დააზარალოს.
მაკროეკონომიკური ტენდენციების კვლევა კიდევ უფრო სიღრმისეულად გააგრძელა მეორე კურსის სტუდენტმა ლიზი ბულაურმა, რომელმაც საპატიო მესამე ადგილი დაიკავა მოხსენებით: „ინფლაციის დინამიკა და ფილიპსის მრუდის ტრანსფორმაცია საქართველოს ეკონომიკის თავისებურებების გათვალისწინებით“.

ლიზიმ ყველასთვის ნაცნობი პრობლემა – ფასების ზრდა, ანუ ინფლაცია შეისწავლა. ეკონომიკაში არსებობს ასეთი კლასიკური თეორია (ფილიპსის მრუდი), რომელიც ამბობს, რომ ინფლაცია და უმუშევრობა ერთმანეთთანაა გადაჯაჭვული. თუმცა, ლიზიმ პრაქტიკული მონაცემებით დაგვიმტკიცა, რომ რეალურ ცხოვრებაში ყველაფერი ასე მარტივად არ არის და ინფლაციას მხოლოდ უმუშევრობის დონე ვერ ხსნის.
მან შეაგროვა საქართველოს 2010-2025 წლების კვარტალური მონაცემები და აღმოაჩინა, რომ ჩვენს ქვეყანაში ტრადიციული მიდგომა არ მუშაობს. სამაგიეროდ, როდესაც საქმეში ე.წ. „ნეოკეინზიანური მოდელი“ ჩართო, გამოჩნდა, რომ საქართველოს რეალობაში ინფლაციაზე ყველაზე დიდ გავლენას ხალხის მოლოდინები და საერთო ეკონომიკური აქტივობა ახდენს. ლიზიმ იმდენად ზუსტი მოდელი ააწყო, რომ მისი მეშვეობით მიმდინარე 2026 წლის პირველი კვარტლის ინფლაციაც კი იწინასწარმეტყველა, თანაც მინიმალური ცდომილებით. ეს ნაშრომი კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს იმას, რომ მონეტარული პოლიტიკის გატარებისას ეროვნულმა ბანკმა ძველი, შაბლონური წესების ნაცვლად, თანამედროვე და ჩვენს რეალობაზე მორგებული მიდგომებით უნდა იხელმძღვანელოს.
თსუ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის სტუდენტთა წლევანდელმა საკონფერენციო თემატიკამ ნათლად აჩვენა, რომ თსუს სტუდენტებს აქვთ უნარი, თამამად შეეჭიდონ ურთულეს ეკონომეტრიკულ მოდელებს და დასვან ქვეყნისთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი კითხვები. სტუდენტების ასეთი აქტიური ჩართულობა კვლევებში კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ მეცნიერება არ არის ჩაკეტილი, ვიწრო აკადემიური სივრცე – ის ცოცხალი პროცესია, რომელიც პირდაპირ პასუხობს საზოგადოებრივ და ეკონომიკურ გამოწვევებს. როდესაც ბაკალავრიატის საფეხურის სტუდენტი ასეთი მაღალი პასუხისმგებლობითა და სიზუსტით აანალიზებს ქვეყნის რეალობას, ეს გვაძლევს მყარ იმედს, რომ საქართველოს ეკონომიკურ მომავალს საიმედო, პროფესიონალი და პროგრესულად მოაზროვნე ახალი თაობა ჩაუდგება სათავეში.
