საერთაშორისო დონის სახელმძღვანელო – ,,ეკონომიკა ბიზნესისათვის“ – ქართულად ითარგმნა
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა, მრავალი წლის აკადემიური გამოცდილების საფუძველზე, წარმატებით განახორციელა საერთაშორისო დონის სახელმძღვანელოს – “Economics for Business” ( ავტორები: ჯონ სლოუმენი, დინ გარიტი, ჯონგესტსი, ელიზაბეტ ჯონსი) – სრული ქართული თარგმნისა და ადაპტაციის პროექტი თსუ-ს ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის სტუდენტებისთვის. სახელმძღვანელოს სამეცნიერო რედაქტორი, პროფესორი ეთერ ხარაიშვილი და მთარგმნელთა ჯგუფი წლებია შრომობენ არა მხოლოდ ტექსტის სიზუსტეზე, არამედ მის სამეცნიერო, მეთოდოლოგიურ და ლინგვისტურ სისრულეზე.
აღნიშნული პროექტი მეტია, ვიდრე მხოლოდ თარგმანი – ეს არის ერთგვარი აღიარება იმის შესახებ, რომ მსოფლიოს წამყვანი ეკონომიკური ცოდნა უნდა გახდეს ეროვნული უნივერსიტეტების საკუთრება – ხელმისაწვდომი, გასაგები და ადაპტირებული იმ სტუდენტისთვის, ვინც ირჩევს ეკონომიკურ აზროვნებას ქართულ აკადემიურ სივრცეში.
სახელმძღვანელოს “Economics for Business” თარგმნის მნიშვნელობასა და მის როლზე ეკონომიკური განათლების განვითარების მიმართულებით გვესაუბრება წიგნის სამეცნიერო რედაქტორი, პროფესორი ეთერ ხარაიშვილი:
- ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ გამოიცა მსოფლიოში ცნობილი სახელმძღვანელოს – “Economics for Business” (მერვე გამოცემა, Pearson Education) – სრული ქართული თარგმანი. სახელმძღვანელოს ავტორებია: ჯონ სლოუმენი, დინ გარიტი, ჯონგესტსი, ელიზაბეტ ჯონსი.
ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის სტუდენტებისა და ლექტორებისთვის აღნიშნული თარგმანი წარმოადგენს აკადემიური ცოდნის პოპულარიზაციისა და ეროვნული საგანმანათლებლო პოლიტიკის მხარდაჭერის ნათელ მაგალითს – სტუდენტებს მშობლიურ ენაზე მიეწოდებათ თანამედროვე ეკონომიკური ცოდნა.
სახელმძღვანელო განკუთვნილია ბიზნესის ადმინისტრირების, ეკონომიკისა და, ზოგადად, სოციალურ მეცნიერებათა სტუდენტებისთვის.
დღეს სტუდენტების დიდი ნაწილისთვის ხელმისაწვდომია უცხოენოვანი ლიტერატურა, თუმცა, ხშირად მაინც იქმნება დეფიციტი კონცეფციების აღქმისა და აკადემიური ტერმინოლოგიის სრულყოფილად ათვისების თვალსაზრისით. “Economics for Business”-ის ქართულად თარგმნა ამ პრობლემის გადაჭრის ერთგვარი შესაძლებლობაა. სტუდენტებს საშუალება ეძლევათ რთული ეკონომიკური კატეგორიები და მოდელები გააანალიზონ მშობლიურ ენაზე, უკეთესად აითვისონ თეორიული მასალა, გამოუმუშავდეთ ეკონომიკური ანალიზისა და სტრატეგიული აზროვნებისთვის ძლიერი საფუძველი.
სახელმძღვანელოს ქართულენოვანი გამოცემა არ წარმოადგენს მხოლოდ ტექსტის ენობრივ ტრანსფორმაციას, იგი არის მნიშვნელოვანი ნაბიჯი ბიზნესის ეკონომიკის სწავლების ხარისხის გაუმჯობესების მიმართულებითაც. ამდენად, სახელმძღვანელოების ქართულ ენაზე გამოცემის ინიციატივა პასუხობს როგორც თანამედროვე საგანმანათლებლო გამოწვევებს, ისე იმ სტრატეგიულ ამოცანებს, რაც დღეს საქართველოს ეკონომიკური განათლების სისტემის წინაშე დგას.
აღსანიშნავია, რომ სახელმძღვანელო არა მხოლოდ თეორიულ ცოდნაზეა ორიენტირებული, არამედ ითვალისწინებს პრაქტიკულ უნარებზე დაფუძნებულ სწავლებასაც. ის ეხმარება სტუდენტებს იმუშაონ რეალურ ბიზნესქეისებზე, უყალიბებს მათ კრიტიკული ეკონომიკური აზროვნების უნარებს. მსგავსი მიდგომა სრულად შეესაბამება თანამედროვე განათლების მოთხოვნებს და ეფუძნება პრაქტიკაზე ორიენტირებული სწავლების ფილოსოფიას. წიგნი მიზნად ისახავს სტუდენტებში ეკონომიკური აზროვნების ჩამოყალიბებას ისეთი პრაქტიკული თემების ჭრილში, როგორებიცაა მოთხოვნისა და მიწოდების მექანიზმები, კონკურენცია ბაზარზე, შრომის ბაზრის თავისებურებები, სამთავრობო პოლიტიკის გავლენა ბიზნესგარემოზე, გლობალიზაციის პირობებში კომპანიების სტრატეგიული ქცევა და სხვა. სახელმძღვანელო დაწერილია მარტივი, მკაფიო ენით და გამდიდრებულია რეალურ ბიზნესქეისებზე დაფუძნებული მაგალითებით, რაც აუმჯობესებს სტუდენტის ჩართულობას და უმარტივებს მათ რთული ეკონომიკური პრობლემების გაგებას.
ქართული თარგმანი მნიშვნელოვანი ნაბიჯია იმ თვალსაზრისითაც, რომ სტუდენტებს შესაძლებლობა ეძლევათ საკუთარი ქვეყნის ეკონომიკურ რეალობაზე მორგებული ქეისებისა და მაგალითების გამოყენებით ჩაუღრმავდნენ გლობალურ ეკონომიკურ თეორიებს.
ამ სახელმძღვანელოთი უკვე მრავალი წელია ასწავლიან დიდი ბრიტანეთისა და ევროპის წამყვან სხვა უნივერსიტეტებში. წიგნი თარგმნილია ჩინურ, ესპანურ, გერმანულ და სხვა ენებზე.
მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტებში აპრობირებული სახელმძღვანელოების თარგმნის ტენდენციამ კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ ბიზნესის ეკონომიკის სწავლება შესაძლებელია ეროვნული ენის ფარგლებში ისე, რომ არ დაიკარგოს მეთოდოლოგიური სიღრმე და თეორიული სწავლების სტანდარტი. სწორედ ამ გამოცდილების გათვალისწინებით, თსუ-ს აკადემიური გუნდის ძალისხმევით შესრულებული ქართული თარგმანი წარმოადგენს ხარისხიანად ადაპტირებულ რესურსს, რომელიც სრულად პასუხობს ეროვნული საგანმანათლებლო სივრცის მოთხოვნებს.
სახელმძღვანელოს სამეცნიერო რედაქტორი მე გახლავართ, ხოლო სარედაქციო კოლეგიის წევრები არიან: აკადემიკოსივლადიმერ პაპავა, აკადემიკოსი ავთანდილ სილაგაძე,აკადემიკოსი მიხეილ ჯიბუტი; ეკონომიკის მეცნიერებათა და ეკონომიკის აკადემიური დოქტორები: გიორგი ღაღანიძე, ინეზა გაგნიძე, იური ანანიაშვილი, სიმონ გელაშვილი, რევაზ გველესიანი, ელგუჯა მექვაბიშვილი, მირიან ტუხაშვილი, ნათია წიკლაშვილი, მარინა ჩავლეიშვილი, თამარ ლაზარიაშვილი.
მთარგმნელებია ეკონომიკის აკადემიური დოქტორები: ია ნაცვლიშვილი, ნინო ლობჟანიძე, ქუჯი ბიჭია, ნინო ტალიკაძე.
ამ გამოცემით თსუ კიდევ ერთხელ ადასტურებს თავის წამყვან როლს საქართველოში ეკონომიკური განათლების ხელშეწყობასა და განვითარებაში. სახელმძღვანელო არის უნივერსალური რესურსი როგორც თბილისის, ისე რეგიონული უნივერსიტეტებისთვის.
ქართულენოვანი სახელმძღვანელო ,,ეკონომიკა ბიზნესისათვის“ მნიშვნელოვნად გაზრდის სწავლების ხარისხს, გაამარტივებს ეკონომიკური საკითხების გააზრებას, განავითარებს ქართულ ეკონომიკურ ლექსიკას, შექმნის თანამედროვე პრაქტიკაზე ორიენტირებული სწავლების შესაძლებლობას. სახელმძღვანელოს გამოცემა არის სტრატეგიული ნაბიჯი სტუდენტთა ცოდნის ამაღლების, ეროვნული აკადემიური სივრცის გაძლიერებისა და ეკონომიკური განათლების განვითარების მიმართულებით.
