შეიქმნება სახელმძღვანელო, რომელიც საქართველოს ნოტარიატის სისტემაში სიახლეს შემოიტანს
თსუ-ს იურიდიული ფაკულტეტის ასოცირებულმა პროფესორმა და ნოტარიუსმა ეკატერინე შენგელიამ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გრანტი მოიპოვა. მისი სამეცნიერო პროექტის სახელწოდებაა: ,,ნოტარიუსები ახალი ტექნოლოგიების ერაში“. პროექტის ფარგლებში შეიქმნება სახელმძღვანელო, რომელიც საქართველოს ნოტარიატის სისტემაში ინოვაციური სერვისების დანერგვას უზრუნველყოფს და ტექნოლოგიურ განვითარებასთან დაკავშირებული აქტივობების დაგეგმვას შეუწყობს ხელს.
„იურიდიულ ფაკულტეტზე, უკვე წლებია, ფუნქციონირებს სანოტარო სამართლის სასწავლო-სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტი. ინსტიტუტის ეგიდით დღემდე არაერთი სამეცნიერო ნაშრომი შეიქმნა. აღნიშნული საგრანტო პროექტის ფარგლებში შექმნილი სახელმძღვანელო, ვფიქრობ, სასწავლო და აკადემიური მიზნებით მეტად საინტერესო და სასარგებლო იქნება, რადგან შესაძლებელია პროექტის შედეგების ინტეგრირება ინსტიტუტის საქმიანობასა და, მათ შორის, სანოტარო სამართლის სასწავლო დისციპლინაში“, – აცხადებს პროფესორი ეკატერინე შენგელია გაზეთ ,,თბილისის უნივერსიტეტთან“ საუბარში.
საგრანტო კონკურსი ინოვაციური სერვისების დანერგვის, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამართლებრივი უსაფრთხოების მიმართულებებს მოიცავდა. საქართველოს მასშტაბით გამარჯვებული 8 პროექტიდან ერთ-ერთი — უკვე მეორედ — ეკატერინე შენგელიას ავტორობით წარდგენილი ინიციატივა იყო. პროექტის გუნდის წევრი და სამეცნიერო ასისტენტი სამართლის დოქტორანტი ირაკლი ლეონიძეა.
,,ტექნოლოგიური განვითარების გარეშე ნოტარიატის განვითარება წარმოუდგენელია, რადგან თითოეულ ნოტარიუსს სჭირდება ცოდნა და რესურსები მომხმარებელზე მორგებული სანოტარო მოქმედების განსახორციელებლად, მათ შორის იმ პრობლემათა გადასაჭრელად, რომელიც თანამედროვე ეპოქის ყოველდღიურობად გადაიქცა“, – აღნიშნავს პროფესორი ეკატერინე შენგელია. როგორც ის განმარტავს, შექმნილ სახელმძღვანელოში გამოკვლეული იქნება საქართველოს ნოტარიატისთვის აქტუალური ტექნოლოგიური სიახლეები. მნიშვნელოვანია ხაზი გავუსვათ, რომ სახელმძღვანელო იკვლევს ახალი ტექნოლოგიების გამოყენებასთან დაკავშირებულ სამართლებრივ რისკებს.
პროექტის ხელმძღვანელის თქმით, უკვე დაუკავშირდნენ იტალიის, ესტონეთის, ლატვიის, უნგრეთისა და რუმინეთის ნოტარიუსთა პალატებს და მათთან აქტიური თანამშრომლობა დაიწყეს. ,,ვფიქრობ, რომ საერთაშორისო გამოცდილებისა და საუკეთესო პრაქტიკის შესწავლა მნიშვნელოვან საფუძველს შექმნის საქართველოს ნოტარიატის ტექნოლოგიური წინსვლისთვის“, – ამბობს იგი.
თსუ-ს ასოცირებული პროფესორი ეკატერინე შენგელია დარწმუნებულია, რომ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს, საქართველოს ნოტარიუსთა პალატის, ნოტარიუსების, პროფესიული და აკადემიური წრის წარმომადგენლების მხარდაჭერითა და აქტიური ჩართულობით შემუშავებული სახელმძღვანელო მნიშვნელოვანი შენაძენი იქნება სანოტარო სფეროს თეორიული და პრაქტიკული განვითარებისთვის.
