რამდენი რამ შეუძლიათ სტუდენტებს იმ გარემოს გასაუმჯობესებლად, სადაც უწევთ ცხოვრება
თსუ-ს ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე 2017 წლიდან წარმატებით ფუნქციონირებს თავისუფალი არჩევითი კურსი ბაკალავრიატისთვის – ,,ლიდერობა – მართვის ხელოვნება“. მისი საფუძველი გახლდათ ამავე სახელწოდების ტრენინგ კურსი, რომელიც „ადამიანური პოტენციალის მართვის ლაბორატორიის“ ფარგლებში შეიქმნა 2010 წელს. ადამიანური პოტენციალის მართვის ლაბორატორიის დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორია ეკონომიკის დოქტორი, მენეჯმენტის და ადმინისტრირების კათედრის ასისტენტ-პროფესორი ეკატერინე გულუა, რომელიც ასევემაგისტრებისთვის მომზადებული კურსის – ,,ლიდერული უნარ-ჩვევები“ – დამფუძნებელია.
კურსის ფარგლებში ხორციელდება ორი ძირითადი აქტივობა: პირველია ნებისმიერ თემაზე ინდივიდუალური კვლევითი ნაშრომის შესრულება და კურსის ფარგლებში ნასწავლი ტექნიკების გამოყენებით მისი პრეზენტაცია; მეორე – გუნდური პროექტი: ,,შეგვიძლია გავხადოთ სამყარო უკეთესი“.
როგორც კურსის ,,ლიდერული უნარ-ჩვევების“ დამფუძნებელი ეკატერინე გულუა აღნიშნავს: „პროექტის – „შეგვიძლია გავხადოთ სამყარო უკეთესი“ – მიზანია სტუდენტები მიმართოს შემოქმედებითი, პროსოციალური ფიქრისკენ: რა შეუძლიათ? რამდენი რამ შეუძლიათ საზოგადოებისთვის იმ გარემოს გასაუმჯობესებლად, სადაც უწევთ ცხოვრება… პროექტის ფარგლებში სტუდენტები (5 სტუდენტი +) ერთიანდებიან გუნდებად, აყალიბებენ იდეებს, ირჩევენ მათგან ერთს და ლექტორთან შეთანხმებით (შესაძლოა საჭირო გახდეს სხვა ნებართვებიც) ახორციელებენ პროექტს. სემესტრის ბოლოს ეწყობა პროექტების პრეზენტაცია, რომელსაც ახორციელებენ გუნდები შესაბამისი მტკიცებულებების – ფოტოების და ვიდეო-რგოლების წარდგენით.
სემესტრში საშუალოდ 30-მდე პროექტი ხორციელდება. ამ პროექტში სტუდენტებს ასევე შეუძლიათ ჩართონ მოხალისეები: ოჯახის წევრები, მეგობრები და ა.შ. მეტი მოხალისის აყოლიება ნიშნავს მეტ ლიდერულ უნარს. ყოფილა შემთხვევები, საჭიროებიდან გამომდინარე, მეც მიმიღია მონაწილეობა პროექტის განხორციელებაში. ვინც მეტად იხარჯება ინტელექტუალურად, მეტად ხედავს ამ პროექტის მნიშვნელობას და ეს მჟღავნდება პრეზენტაციისას. კერძოდ, არიან მეტად ემოციურები, საუბრობენ პასუხისმგებლობაზე, გამბედაობაზე, სიხარულზე, დადებით მუხტზე, რაც შემატა მათ ამ პროექტმა. იაზრებენ რამდენად რთულია კრეატიული იდეის გამომუშავება და რამდენად ფასეულია ის. უკვე განხორციელებული პროექტებიდან სჭარბობს: მადლიერების გამოხატვა და სიხარულის მინიჭება (ქუჩაში, სტუდენტებისთვის, ლექტორებისთვის, დასუფთავების და სხვა სამსახურის მოხელეებისთვის), ბავშვთა სახლების, მოხუცთა სახლების, მოწყალების სახლების მონახულება, სკოლებში ბავშვებისთვის, სტუდენტებისთვის ცოდნის გაზიარება, ჯანსაღი ცხოვრების წესის პროპაგანდა, ცხოველებზე, ფრინველებზე ზრუნვა, გარემოზე ზრუნვა, მცენარეების დარგვა და ა.შ.“ – აცხადებს ეკატერინე გულუა.
პროექტების დამფუძნებლისა და სულისჩამდგმელის სამომავლო გეგმები პროექტების განვითარებას, მიღებული ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებას უკავშირდება.
„ადამიანის შესაძლებლობების დეკოდირება ლიდერების, ლიდერული უნარების გამოვლენიდან და შექმნიდან იწყება, ეს საფუძველი ჩაყრილია. თუმცა ლაბორატორია დიდი და შორი მიზნებისთვის არის შექმნილი, კვლევითი მიმართულებით მისი სიღრმე და დიაპაზონი ამოუწურავია. ის ძალიან თანამედროვეა და მომავალში მეტ და განსხვავებულ შინაარსს შეიძენს, ადამიანური პოტენციალის განვითარება უკავშირდება ფორმალურ და არაფორმალურ განათლებას, ფიზიკურ და მენტალურ ჯანმრთელობას, ნიჭის, უნარების და მათი რეალიზების გზების ძიებას; კავშირშია ინტერესთა ჯგუფებისა და თაობების ჰარმონიზაციასთან, მხარდამჭერ ინფრასტრუქტურასთან. ის ბიზნესის, ეკონომიკის, შესაბამისი პოლიტიკის და ნებისმიერი ქვეყნის ეროვნული ინტერესის ფოკუსშია. ზემოთ თქმულის ერთიან, მიზანმიმართულ სისტემად გადაქცევა მართლაც ხელოვნების რანგში აყვანილ მმართველობას ითხოვს. ჩემი სამომავლო გეგმები ამ მიმართულებით კვლევებს, შესაბამისი პროექტების განხორციელებას, ცოდნის დაგროვებას და გაზიარებას უკავშირდება.“-აცხადებს თსუ-ის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ასისტენტ პროფესორი ეკატერინე გულუა, რომელიც აქტიურ სამეცნიერო-კვლევით საქმიანობას ეწევა. ის 64 სამეცნიერო ნაშრომის ავტორია. აღსანიშნავია, რომ მისი თანაავტორობით შესრულებული ნაშრომი ,,საქართველოს უმაღლესი სასწავლო დაწესებულებების ფინანსური მართვის გამოწვევები“ 2024 წელს სკოპუსის სამეცნიერო პორტალის ჟურნალში გამოქვეყნდა და შესაბამიასად თსუ-ის მიერ დაწესებული ფინანსური ჯილდო დაიმსახურა.
