ეკატერინე გოგიაშვილი თავის პუბლიკაციებში აქტუალურ ეკონომიკურ თემებს მიმოიხილავს
თსუ-ს ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის წარჩინებულმა მაგისტრანტმა ეკატერინე გოგიაშვილმა თავისი პროფესიის არჩევაზე ბევრი იფიქრა. იგი ხშირად დადიოდა სხვადასხვა უნივერსიტეტის ღია კარის დღეებზე და ესწრებოდა სხვადასხვა ლექციებს.„ერთ-ერთი ასეთი ლექცია ეკონომიკის პრინციპების თემაზე ინტერაქტიული იყო და მახსოვს, მაშინვე ძალიან მომეწონა. მას შემდეგ დავფიქრდი ამ მიმართულებით სწავლის გაგრძელებაზე. ამის პარალელურად, მე-11 კლასში ერთი სემესტრი არჩევით საგნად ეკონომიკა გავიარეთ, ამან კიდევ უფრო გამიმყარა არჩევანი. სასკოლო საგნებიდან ყველაზე მეტად მათემატიკა მიყვარდა და ყოველთვის ვფიქრობდი – ისეთი სფერო ამერჩია, სადაც ჩემი მათემატიკური უნარები და აზროვნება დამჭირდებოდა. ამიტომაც ავირჩიე ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი, ბაკალავრის საფეხურზე – ეკონომიკის, ხოლო მაგისტრის საფეხურზე – ბიზნესის ადმინისტრირების პროგრამა“, – ამბობს ეკატერინე გოგიაშვილი, რომელიც ცდილობს თავისი შესაძლებლობების მაქსიმუმი გააკეთოს.
„ცხოვრების ამ ეტაპზე პროფესიულად ვვითარდები, პრაქტიკულ გამოცდილებას ვაგროვებ, ვსწავლობ მონაცემთა ანალიზისთვის საჭირო პროგრამებს. ამ სფეროთი ვარ დაინტერესებული“, – აცხადებს ეკატერინე, რომელიც თვლის, რომ „ჩვენს ქვეყანას განვითარების უამრავი პერსპექტივა აქვს, უბრალოდ საჭიროა ვისწავლოთ ჩვენს ხელთ არსებული რესურსების სწორად და რაციონალურად გამოყენება და, რაც მთავარია, სახელმწიფოს მხრიდან უნდა იქნას მიღებული ზომები, რაც ბიზნესს თავისუფალი განვითარების საშუალებას მისცემს. თუ იარსებებს გამართული სისტემა და სამართლიანი გარემო, ახალგაზრდა თაობა მოტივირებული იქნება განავითაროს ბიზნეს სფერო“, – ასე ფიქრობს ეკატერინე.
ეკატერინე გოგიაშვილს სამეცნიერო ანალიტიკურ ჟურნალში„საქართველოს ეკონომიკა“ რამდენიმე საინტერესო პუბლიკაცია აქვს გამოქვეყნებული. სტატიაში – ,,საქართველოს საგარეო ვაჭრობა – მიმდინარე ტენდენციები და გამოწვევები“ საუბარია საქართველოს საგარეო ვაჭრობაზე, ქვეყანაში არსებულ მიმდინარე ტენდენციებსა და გამოწვევებზე.
ნაშრომში – „ეროვნული ბანკი – მონეტარული პოლიტიკის გამტარებელი საქართველოში“ იგი მიმოიხილავს – თუ როგორ ახდენს ეროვნული ბანკი მონეტარული პოლიტიკის ფორმულირებას, რა ინსტრუმენტები აქვს მის გასატარებლად და რა გზებით ხდება მონეტარული პოლიტიკის მიმდინარე ცვლილებების ასახვა ეროვნულ ეკონომიკაზე. დაბოლოს, იგი ეხება 2021-2023 წლების ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის ძირითად მიმართულებებს.
იმავე ჟურნალშია გამოქვეყნებული კიდევ ერთი პუბლიკაცია – „აგრობიზნესი, როგორც საქართველოს ეკონომიკური განვითარების ფაქტორი“. მოცემულ სტატიაში ავტორი საუბრობს ჩვენს ქვეყანაში აგრარული სექტორის განვითარების თავისებურებებზე, გლობალიზაციის პროცესის გავლენასა და ჩამორჩენილობის სხვადასხვა მიზეზებზე. იგი, ასევე, განიხილავს პანდემიით გამოწვეულ შედეგებს საქართველოს აგრობიზნესში.
ეკატერინე გოგიაშვილს სურს, რომ შრომის ბაზარზე მწვავე კონკურენციას ფეხი აუწყოს და თავისი პროფესიით დაიმკვიდროს ადგილი. ამ მიზნის მისაღწევად მან უკვე გარკვეული გამოცდილება დააგროვა.
„მხოლოდ დიპლომს არ აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა, მთავარია მიღებული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების უნარ-ჩვევების ქონა, რაც გამოცდილებიდან მოდის. ვიტყოდი, რომ სტაჟირების დაწყება უმჯობესია დამამთავრებელ კურსზე. მე, პირადად, სახელმწიფო სტაჟირების პროგრამაში მივიღე მონაწილეობა და რამდენიმე თვე სოფლის მეურნეობის სამინისტროში, კერძოდ, პოლიტიკის კოორდინაციის განყოფილებაში ვიყავი სტაჟიორი. მართალია, ეს მთლად ჩემი სფერო არ იყო, მაგრამ გარკვეული სამუშაო გამოცდილების დაგროვების კუთხით გამომადგა“, – ამბობს ეკატერინე.
