ეკატერინე ფირცხალავას კვლევები მუსლიმი მესხების შესახებ აშშ-ში ვიზიტის ფარგლებში

თარიღი: 2025-09-18 14:42:20

თსუ-ს ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი ეკატერინე ფირცხალავა, Fulbright-ის პროგრამის ფარგლებში, აშშ-ში, ნიუ-ჯერსის სახელმწიფო უნივერსიტეტში (რატგერსი) ექვსთვიანი ვიზიტით იმყოფებოდა. აკადემიური ვიზიტის ფარგლებში მან ჩაატარა კვლევა მუსლიმი მესხების თემაზე. ეს თემა პოლიტიკურად მეტად მგრძნობიარე საკითხად მიიჩნევა. აღნიშნული კვლევა გახლავთ 2012 წელს კარნეგის სტიპენდიით ჩატარებული კვლევის გაგრძელება, რამაც ეკატერინე ფირცხალავას საშუალება მისცა ინტერვიუებისთვის კვლავ დაკავშირებოდა იმ რესპონდენტებს, რომლებთანაც მან 2012 წელს იმუშავა. კვლევაში მონაწილეობა მიიღეს ასევე ამ რესპონდენტების შთამომავლებმაც, რომლებიც ამერიკის შეერთებულ შტატებში, კერძოდ კი პენსილვანიასა და ნიუ-ჯერსის შტატებში ცხოვრობენ.

,,საველე სამუშაოები ჩავატარე პენსილვანიის შტატში – ლანკასტერსა და ფილადელფიაში, მქონდა ურთიერთობა, დაახლოებით, 60-მდე რესპონდენტთან. მასალები შევაგროვე ინტერვიუების, ფოკუს ჯგუფების, თემატური შეხვედრებისა და ჩართული დაკვირვების გზით. კვლევის პროცესში შევიმუშავე ახალი თეორიული მიდგომა მსგავსი ტრავმული გამოცდილების მიგრანტების ცხოვრებისა და ადაპტაციის ასახსნელად.  „ტრანსტერიტორიული ტრავმული იდენტობის“ ცნება აღმოჩნდა მათი აკულტურაციის და ახალ გარემოში მათი ინტეგრაციის ახსნის მთავარი ღერძი.

,,ტრანსტერიტორიული ტრავმული იდენტობა“ (TTI) წარმოადგენს ინოვაციურ თეორიულ ჩარჩოს, რომელიც აერთიანებს სოციალური ფსიქოლოგიის, კულტურული ანთროპოლოგიისა და მიგრაციის კვლევების ცენტრალურ კომპონენტებს. ის არა მხოლოდ აღწერს მიგრანტთა იდენტობის ტრანსფორმაციის პროცესებს, არამედ განმარტავს მათი სოციალური აგენტობის, ემოციური გამძლეობისა და ადაპტაციის მექანიზმებს ტრავმისა და გლობალური გადაადგილების რთულ პირობებში. „ტრანსტერიტორიული ტრავმული იდენტობის“ (TTI) მოდელი იძლევა იმის ანალიზის შესაძლებლობას, თუ როგორ აღიქვამენ მიგრანტები საკუთარ იდენტობას – მოქცეულს არა ერთმნიშვნელოვან ეროვნულ ან ეთნიკურ ჩარჩოებში, არამედ როგორც მრავალშრიან, ემოციურად დატვირთულ და სივრცულად მოძრავ ფორმაციას“, – აღნიშნავს ეკატერინე ფირცხალავა.

როგორც მკვლევარი ამბობს, კვლევის თეორიული განვითარება მნიშვნელოვანწილად გაღრმავდა მასპინძელი პროფესორის, ზაკია სალიმეს ინტელექტუალური ჩართულობით, რომლის გენდერული და პოსტკოლონიური ხედვა დამატებით ღირებულებას სძენდა ანალიზს.

ვიზიტის ფარგლებში მომზადდა რამდენიმე სამეცნიერო ინგლისურენოვანი სტატია
და მონოგრაფია – ,,კუთვნილების ძიებაში: ქართული და მუსლიმი მესხების მიგრაცია ევროპასა და ამერიკაში” (ქართულ ენაზე).

ჩატარებული კვლევა მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს მიგრაციის, იდენტობისა და ტრავმის თემებზე არსებული თეორიული და ემპირიული ბაზის გაღრმავებას განსაკუთრებით პოსტსაბჭოთა სივრცეში არსებულ ნაკლებად შესწავლილ დიასპორებზე.

კვლევის ფარგლებში განვითარებული კონცეფცია – ტრანსტერიტორიული ტრავმული იდენტობა – იძლევა შესაძლებლობას, განსხვავებული კულტურული კონტექსტის მქონე მიგრანტთა იდენტობის ცვლილებები გაანალიზდეს მეხსიერების, გადაადგილებისა და პოსტმეხსიერების პრიზმაში.

მიღებული მასალები და ანალიზი უშუალოდ ინტეგრირდება ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამაგისტრო პროგრამაში  „გავლენებისა და კომუნიკაციის ფსიქოლოგია“ (როგორც პრაქტიკული, ისე თეორიული მოდულების სახით). კვლევის ნარატიული და თვისებრივი კომპონენტები გამოყენებული იქნება კურსებში, რომლებიც ეხება კულტურულ იდენტობას, ნარატიულ მეთოდებსა და ფსიქო-სოციალურ მეხსიერებას.

. . .

აშშ-ში ყოფნის პერიოდში ეკატერინე ფირცხალავა აქტიურად მონაწილეობდა Fulbright-ის მიერ ორგანიზებულ აკადემიურ და კულტურულ ღონისძიებებში. მათ შორის იყო One-to-World-ის რეგულარული შეხვედრები ნიუ-იორკში, სადაც მკვლევარმა დაამყარა კონტაქტები სხვადასხვა ქვეყნის Fulbright-ის სტიპენდიატებთან (დიდი ბრიტანეთიდან, ავსტრიიდან, საბერძნეთიდან, პორტუგალიიდან, ესპანეთიდან და უკრაინიდან). 

,,One-to-World-ის  მიერ ორგანიზებული პროგრამის Global Classroom-ის ფარგლებში  წარვადგინე პრეზენტაცია საქართველოზე ნიუ-იორკის ერთ-ერთ სკოლაში, რასაც მოჰყვა ინტენსიური დისკუსია  მოსწავლეებს შორის საქართველოს შესახებ.

აქვე აღვნიშნავ, რომ მიმდინარე წლის მარტში მიწვეული ვიყავი ჰარვარდის უნივერსიტეტის დევისის ცენტრში, სადაც წარვადგინე მოხსენება სახელწოდებით: „სამშობლო და იდენტობა დიასპორის კონტექსტში“. მოხსენების შემდეგ ცენტრმა მიმიწვია და პატივი მქონდა მონაწილოება მიმეღო  ვაშინგტონში გამართულ ქართულ დიასპორულ ფორუმში ,,მეხსიერებაში შემონახული მემკვიდრეობა: ქართველთა დიასპორა ამერიკაში”, რომელსაც უძღვებოდნენ აშშ-ის ქართული ასოციაცია და დევისის ცენტრის ქართული პროგრამის წევრები.

გარდა ამისა, მონაწილეობა მივიღე საერთაშორისო კონფერენციებში: ილინოისის სახელმწიფო უნივერსიტეტში (ურბანა-შამპეინი) გამართულ კონფერენციაზე – კავკასიის კვლევების ფორუმი – წარვადგინე მოხსენება:
„მუსლიმი მესხები ამერიკაში: ინტეგრაცია თუ განცალკევება სამმაგი მიგრაციის შემდეგ“; ხოლო კოლუმბიის უნივერსიტეტის (ნიუ-იორკი) მიერ ორგანიზებულ კონფერენციაზე – ,,ASN-ის მსოფლიო კონვენცია“ – ჩემი მოხსენების სათაური გახლდათ – „დეპორტირებული მუსლიმი მესხების ცხოვრების სტილის ცვლილებები საქართველოსა და ამერიკაში“.

დაბოლოს: Fulbright-ის პროგრამაში მონაწილეობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შედეგი იყო ჩემ მიერ ორგანიზებული  ოფიციალური შეხვედრა თსუ-ს საგარეო ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელის თეა გერგედავასა და  Rutgers Global-ის ვიცე-პრეზიდენტის, დოქტორ რიკ გარფანკელს შორის, რომელსაც ესწრებოდა  ჩემი მასპინძელი უნივერსიტეტის პარტნიორობის მიმართულების დირექტორი კიმ პერნისი. მოგეხსენებათ, თსუ-სა და რატგერსის უნივერსიტეტს შორის წლების განმავლობაში იყო პარტნიორული ურთიერთობები. სწორედ ამ ურთიერთობების აღდგენას ემსახურებოდა ჩვენი შეხვედრა, რომელზეც განიხილეს თანამშრომლობის კონკრეტული გზები ერთობლივ კვლევებში, ასევე, პროფესორ-მასწავლებელთა გაცვლით პროგრამებში მონაწილეობის საკითხები“, – აღნიშნა ასოცირებულმა პროფესორმა ეკატერინე ფირცხალავამ.

Facebook
Twitter
LinkedIn