ეკა ვარდოშვილი პარიზ სიტეს უნივერსიტეტში გამართულ კონფერენციაზე მოხსენებით წარსდგა
თსუ-ს ჰუმანიტარულ მეცნეიერებათა ფაკულტეტის ასოცირებულმა პროფესორმა ეკა ვარდოშვილმა, რომელიც ოფიციალური მიწვევით საფრანგეთის პარიზ სიტეს (Paris Cite) უნივერსიტეტში იმყოფებოდა, მონაწილეობა მიიღო საეთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის მუშაობაში. კონფერენციის სახელწოდება იყო: „ნაციონალური იდენტობის ახალი პერსპექტივები კულტურაში, ენაში, ხელოვნებასა და ლიტერატურაში“. ეკა ვარდოშვილმა კონფერენციაზე წაიკითხა მოხსენება – „ქართული იდენტობის კავშირი ფრანგულ ლიტერატურასთან“.
,,ლიტერატურა, როგორც სინამდვილის ასახვის მხატვრული ფორმა, გამოხატავს ეპოქის მაჯისცემას, ეროვნულ ტენდენციებს, სოციალურ პრობლემებს, პიროვნულ და სახელმწიფოებრივ ინტერესებს. ქართული ლიტერატურის, როგორც იდენტობის, ერთ-ერთი მახასიათებლის კავშირს ფრანგულ ლიტერატურასთან პირველად მეცნიერულად განიხილავს და ასაბუთებს ცნობილი ქართველი კრიტიკოსი და ლიტერატურათმცოდნე კიტა აბაშიძე ფერდინანდ ბრიუნეტიერის ნაშრომის – „ევოლუცია სალირიკო პოეზიისა საფრანგეთში XIX საუკუნეში“ – თარგმნის დროს. თარგმანში კიტა აბაშიძე ჟან-ჟაკ რუსოს, ბერნარდ დე სენ-პიერის, შატობრიანის, ჰიუგოს, დე-ვინის, ლამარტინის, ფლობერის შემოქმედების გვერდით განიხილავს ალექსანდრე ჭავჭავაძის, ნიკოლოზ ბარათაშვილის, ილია ჭავჭავაძის, აკაკი წერეთლის ლიტერატურულ მემკვიდრეობას და ცდილობს – ქართული ლიტერატურა დაუკავშიროს ფრანგულს. კიტა აბაშიძე თვლის, რომ ქართული პოეზია თავისი არსით მსოფლიო პოეზიის განუყოფელი ნაწილია და თავისი ღირსებით არ ჩამოუვარდება მსოფლიო შედევრებს.
საზოგადოდ ცნობილია, რომ „ეტიუდების“ წერისას, აბაშიძე ეყრდნობოდა ბრიუნეტიერის ნაშრომს – „გვართა ევოლუცია ლიტერატურის ისტორიაში“. შეგვიძლია ვთქვათ, რომ იგი ასევე იყენებდა აღნიშნულ ნაშრომსაც, კერძოდ: „ევოლუცია სალირიკო პოეზიისა საფრანგეთში XIX“. ბრიუნეტიერმა თავის შრომებში პირველმა დასვა ერთიანი „ევროპული ლიტერატურის“ არსებობის საკითხი. ამით მან, ფაქტობრივად, აღიარა გლობალიზაცია და კულტურული ინტეგრაცია ლიტერატურულ პროცესებში, რაც ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია თანამედროვე კომპარატივისტული კვლევებისას. კიტა აბაშიძე აღნიშნავს, რომ ქართული ლიტერატურაც თავისთავად ჩართული იყო ამ პროცესებში „თუ დავუკვირდებით ჩვენი ლიტერატურის მსვლელობას, ნახავთ, რომ იგი კვალდაკვალ მისდევდა ევროპის ლიტერატურას“ (აბაშიძე).
აღსანიშნავია, რომ საფრანგეთიც ყოველთვის დიდ ინტერესს იჩენდა საქართველოს მიმართ. ამას მოწმობს ჟან შარდენის, ალ. დიუმას, ჟაკ ფრანსუა გამბას, ჟიულ კლაპროთის, ბარონ დე ბაის და სხვათა შრომები საქართველოსა და კავკასიის შესახებ. მნიშვნელოვანია ისიც, „1821 წელს პარიზში დაარსდა აღმოსავლეთის შემსწავლელი „აზიური საზოგადოება“ („Société Asiatique“). აბაშიძის თარგმანებმა დიდი როლი შეასრულა ქართული სალიტერატურო აზროვნების განვითარების ისტორიაში და მიუთითებენ ღრმა, შინაგან კავშირზე ქართულ იდენტობასა და ფრანგულ ლიტერატურას შორის“, – აღნიშნავს ეკა ვარდოშვილი თავისი მოხსენების ძირითად ასპექტებზე საუბრისას.

პროფესორი 2014 წლიდან მუშაობს ქართულ-ევროპულ ლიტერატურულ ურთიერთობებზე და ცდილობს აჩვენოს, რომ ქართული ლიტერატურა ევროპული კულტურის განუყოფელი ნაწილია, რაც დღეს ძალზედ აქტუალურია. ამ კუთხით მნიშვნელოვანია საქართველოსა და უცხოეთში გამოცემული ეკა ვარდოშვილის მონოგრაფიები: ,,ქართულ-ევროპულ ლიტერატურულ ურთიერთობათა ისტორიიდან“ (თბილისი, 2022, გამომცემლობა: „უნივერსალი“), ,,Georgian-European Literary Relations (Georgian-European Literary Relations in the 19th Century)“ (LAP LAMBERT Academic Publishing, Berlin, 2022), ,,ახალი ქართული ლიტერატურა და ევროპული მწერლობა“ (თბილისი, 2018. გამომცემლობა: „უნივერსალი“) და სხვ.
