ეკა ლეკაშვილის მონოგრაფიული ნაშრომი – „ახალი ინდუსტრიული პოლიტიკა“

თარიღი: 2025-05-28 12:13:29

ეკონომიკური განვითარების საკითხების კვლევით დაინტერესებულ მკითხველის თაროს კიდევ ერთი  მნიშვნელოვანი  მონოგრაფიული ნაშრომი – „ახალი ინდუსტრიული პოლიტიკა“ – შეემატა, რომლის ავტორია ეკონომიკის დოქტორი, თსუ-ს ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი, სამრეწველო პოლიტიკის კვლევის  ცენტრის ხელმძღვანელი  ეკა ლეკაშვილი.  ნაშრომში  აქცენტი გაკეთებულია მოწინავე და უახ­ლესი სამეცნიერო კვლევის შედეგების პრაქტიკაში გამოყენების მნიშვნელობაზე საქართველოში ახალი ინდუსტრიული პოლიტიკის შემუშავებისას.

ინდუსტრიული პოლიტიკისადმი ინტერესმა ავტორის აკადემიურ და პროფესიულ საქმიანობაში გარდამტეხი როლი ითამაშა. კვლევითი მოღვაწეობა აღნიშნულ მიმართულებაში 2016 წელს დაიწყო და მალევე იქცა სტრუქტურირებულ სამეცნიერო მუშაობად. 2018 წელს წარდგენილი აკადემიური კონცეფცია – „ახალი ინდუსტრიული პოლიტიკის აქტუალური საკითხები“ – საფუძვლად დაედო მის შემდგომ სამეცნიერო, კვლევით და სასწავლო საქმიანობას.

თსუ-ს ასოცირებული პროფესორის ეკა ლეკაშვილის, როგორც მკვლევრის,  სტრატეგია ეფუძნება თემატურად ორგანიზებულ და ეტაპობრივ კვლევებს, რომელთაგან თითოეული სახეს იღებს მონოგრაფიული გამოცემის სახით. ამ მიდგომის ფარგლებში გამოიცა რამდენიმე მნიშვნელოვანი ნაშრომი: საქართველოს სავაჭრო ურთიერთობები ამიერკავკასიის ქვეყნებთან რეფორმების პირობებში (2001)და რეგიონული ეკონომიკური ინტეგრაციამცირე ქვეყნების ეკონომიკური პოლიტიკის კოორდინაციის სრულყოფის მიმართულება (2018).წარმოდგენილი მონოგრაფია „„ახალი ინდუსტრიული პოლიტიკა“  ამ ინტელექტუალური გზის ლოგიკური გაგრძელებაა.

საკვლევი პრობლემის აქტუალურობასა და ნაშრომში წარმოდგენილ სამეცნიერო კვლევების ანა­ლიზის შედეგებზე გვესაუბრება მონოგრაფიის  – „ახალი ინდუსტრიული პოლიტიკა“ – ავტორი, თსუ-ს ასოცირებული  პროფესორი ეკა ლეკაშვილი:

,,ინდუსტრიული პოლიტიკა მეცნიერებისა და პოლიტიკოსების მხრიდან განსაკუთრებული ყურადღების ქვეშ მოექცა კოვიდ-19 პანდემიის შედეგების ანალიზისას, რადგან ის, რიგი მიზეზების გამო, ქვეყნის განვითარების სტრატეგიის ცენტრალურ კომპონენტად იქნა განხილული. კოვიდ-19 პანდემიით დადასტურდა, რომ ქვეყნის საწარმოო შესაძლებლობები მის კონკურენტულ უპირატესობად განიხილება, რადგან პანდემიის პირობებში ბევრმა ქვეყანამ აამოქმედა პროტექციონისტული ღონისძიებები, დაირღვა მიწოდების ჯაჭვი და ის ქვეყნები აღმოჩნდნენ უკეთეს მდგომარეობაში, რომელთაც საზღვრების შიგნით შეძლეს სამრეწველო პროდუქციის წარმოება. ასევე, დადასტურდა, რომ ინდუსტრიულად განვითარებულმა ქვეყნებმა ადვილად გაართვეს თავი პოსტპანდემიურ პერიოდში ეკონომიკის აღდგენის გამოწვევებს საქონლით ვაჭრობის გაფართოების საფუძველზე.

საბაზრო ჩავარდნების დასაძლევად, სამამულო დარგების დაცვისა და რეგიონული განვითარების სტიმულირების უზრუნველსაყოფად, ასევე ციფრული ინდუსტრიის განვითარებასთან დაკავშირებული ახალი დარგების და, შესაბამისად, მრეწველობის განვითარების ხელშესაწყობად საჭირო გახდა საზოგადოების გრძელვადიანი მიზნების მხარდამჭერი პოლიტიკის გატარება. გადაწყვეტის გზად მიჩნეულ იქნა ახალი ინდუსტრიული პოლიტიკა, რომლის სტრატეგიულ დონეზე წარმატებული განხორციელებაც შესაძლებელია სხვადასხვა (კონკურენციის, ტექნოლოგიური და ინოვაციის, განათლების, ვაჭრობის, საინვესტიციო და ა.შ) პოლიტიკის კოორდინაციის საფუძველზე.

საკვლევი პრობლემის აქტუალურობა გამომდინარეობს მდგრადი განვითარების მეცხრე მიზნიდანაც(მდგრადი განვითარების მიზნების ანგარიში, 2020), რაც ჩვენს ქვეყანას გამძლე ინფრასტრუქტურის შექმნას, ინკლუზიური და მდგრადი ინდუსტრიალიზაციის ხელშეწყობას და ინოვაციების განვითარებას ავალდებულებს.

ერთ-ერთი მთავარი დებატი დაკავშირებულია განვითარებადი ქვეყნების განვითარების სტრატეგიასთან. ამასთან, განვითარების თეორიის ფარგლებში იხსნება კვლევის მიმართულებით ახალი დღის წესრიგი მომდევნო თაობებისთვის, რომლებმაც ფოკუსირება უნდა მოახდინონ იმაზე, თუ როგორ შეიძლება ხელი შეეწყოს ინდუსტრიულ პოლიტიკას, რომელიც მიმართულია კონკურენტული უპირატესობების ფორმირების და საერთაშორისო კონკურენტული უპირატესობის მქონე ფირმების და სექტორების დაწინაურების ხელშეწყობისკენ და განსაკუთრებით მნიშვნელოვანია გლობალური სამხრეთის მოქალაქეების ცხოვრების ხარისხის და კეთილდღეობის ასამაღლებლად.

ზემოთჩამოთვლილი ფაქტორების გათვალისწინებით, საკითხის აქტუალურობა ეჭვს არ იწვევს და იბადება კითხვები: საჭიროა თუ არა საქართველოს ეკონომიკის რესტრუქტურიზაცია ახალი ინდუსტრიული პოლიტიკის კონტექსტის გათვალისწინებით? რა გავლენას ახდენს თანამედროვე პოლიტიკური ეკონომიის ძირითადი მიმართულებები ახალ ინდუსტრიულ პოლიტიკაზე? რა საკითხები უნდა იქნას გათვალისწინებული საქართველოში ახალი ინდუსტრიული პოლიტიკის შემუშავებისას?

დღეს საქართველო საჭიროებს ეფექტიან ინდუსტრიული პოლიტიკას. ნაკლებადაა შესწავლილი ამ კუთხით განვითარების არსებული პოტენციალი და ევროკავშირის მოთხოვნებთან დაახლოების შესაძლებლობები. მეცნიერული კვლევის თვალსაზრისითაც საკითხის კვლევის აქტუალიზაციის მცდელობა ბოლო ცხრა წლის განმავლობაში მიმდინარეობს. იკვეთება ინდუსტრიული პოლიტიკის სახელმწიფოებრივი სტრატეგიის შემუშავების აუცილებლობა“, – აღნიშნავს თსუ-ს ასოცირებული პროფესორი  ეკა ლეკაშვილი.

წინამდებარე ნაშრომში წარმოდგენილია მოწინავე სამეცნიერო კვლევების ანა­ლიზის შედეგები, რომლებიც დაკავშირებულია ახალი ინდუსტრიული პოლიტიკის აქტუალიზაციის საკითხებთან. მიუხედავად იმისა, რომ ბოლო წლებში ამ საკითხზე კვლევა მიმდინარეობს, ჯერ კიდევ არ არსებობს ინდუსტრიული განვითარების სრულყოფილი სტრატეგია. კვლევაში, რომლის საფუძველზეც მომზადდა ეს სტატია, გაანალიზებულია საერთაშორისო პრაქტიკა, თეორიული მიდგომები, გაეროს EQuIP მეთოდოლოგია და პოსტპანდემიური გამოწვევები. განხილულია ციფრული ეკონომიკისა და ინდუსტრია 4.0-ის მნიშვნელობა, გენდერული უთანასწორობა მრეწველობაში, ევროკავშირის ინდუსტრიული მიზნები და ენერგეტიკული უსაფრთხოების პერსპექტივები.

ნაშრომში დასკვნის სახით იკვეთება აუცილებლობა – შეიქმნას საქართველოსთვის მორგებული, თანადროული ინდუსტრიული პოლიტიკა, რომელიც საფუძვლად დაედება ქვეყნის სტაბილურ და კონკურენტუნარიან განვითარებას.

მონოგრაფიის  – „ახალი ინდუსტრიული პოლიტიკასამეცნიერო რედაქტორია პროფესორი რევაზ გველესიანი (ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკური პოლიტიკის კათედრის ხელმძღვანელი); რეცენზენტები:    აკადემიკოსი, ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი ავთანდილ სილაგაძე (ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო ეკონომიკისა და ეკონომიკურ მოძღვრებათა ისტორიის კათედრის ხელმძღვანელი) და იოსებ არჩვაძე (ეკონომიკის  დოქტორი, ქუთაისის უნივერსიტეტის პროფესორი).

ნაშრომი ეძღვნება ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორს, პროფესორ გრიგოლ თოდუას ნათელ ხსოვნას.

Facebook
Twitter
LinkedIn